მუზეუმი

მუზეუმი დღეს

2014 წლიდან  თეატრის მუზეუმმა 50 სკოლის 1000- ზე მეტ მოსწავლეს  და სხვადასხვა უმაღლესი სასწვალებლების სტუდენტებს უმასპინძლა. 

მოგზაურობის მუზეუმში კვლავ გრძელდება, შემოგვიერთდით ერთად ვეწვიოთ თეატრალურ დეკორაციებს, კოსტიუმებს, პარიკებს და ვეზიაროთ თეატრის ჯადოსნურ სამყაროს.
პროექტი შემეცნებით ხასიათს ატარებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მუზეუმში სტუმრობისას გაეცნობით თეატრის ისტორიას-როგორ დაარსდა და როგორია იგი დღეს, ასევე გაეცნობით მუზეუმში დაცულ საარქივო მასალებს და უნიკალურ ფოტო არქივს, ცნობილი  მხატვრების პეტრე ოცხელის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის და სხვა თეატრალური მხატვრების ნამუშევრებს. გარდა ამისა მოეწყობა მინი ექსკურსია, რაც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ყველაფერ იმას, რაც ქმნის თეატრს, ნახოთ ის, რაც მაყურებელთა დარბაზიდან არ ჩანს, რაც თითოეულ თქვენგანში აღძრავს ცნობისმოყვარეობას. ერთად გავიაროთ ის გზა, რასაც სპექტაკლი და მსახიობები გადიან იქამდე, ვიდრე ჩვენთვის, მაყურებლისთვის გაიხსნება ფარდა, რომლის მიღმაც ის სამყაროა, რომელსაც სპექტაკლის ნახვით გამოწვეული სიხარული ჰქვია. ასე რომ გელით, დანარჩენზე მგზავრობის დროს ვისაუბროთ, შეხვედრამდე თეატრის მუზეუმში. 
პროექტი გათვალისწინებულია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. ჯგუფის რაოდენობა 15 იდან 20 მდე. შეხვედრის დრო პარასკევი - 15 საათი.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ თეატრის სალაროში. ფასი 2 ლარი. 

 

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
Email: info@marjanishvili.com
Tel:  593968887 – რუსუდან შოშიტაიშვილი, მუზეუმის მცველი

 

_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

მუზეუმის ისტორია მოკლედ 

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმი დაარსდა დიდი რეჟისორისა და მარჯანიშვილის თეატრის დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის მიერ 1930 წელს, როდესაც თეატრმა ქუთაისიდან თბილისში, ზუბალაშვილების სახალხო სახლში დაიდო ბინა. მუზეუმი თეატრთან ერთად განაგრძობს არსებობას და თეატრის წარსულსა და დღევანდელობას მომავალ თაობებს უნახავს.                                                                                    
    მუზეუმში დაცულია მასალები თეატრის დაარსებიდან დღემდე აქ მოღვაწე რეჟისორებზე, მსახიობებზე, მხატვრებზე, ასევე სარეპერტუარო ნუსხა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით; სპექტაკლების აფიშები, პროგრამები, საგასტროლო მასალები, სპექტაკლების ფოტო  და  სხვა სახის დოკუმენტაცია,რომელიც თეატრის ისტორიას ქმნის
       მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში დაცული მასალებიდან აღსანიშნავია ის უნიკალური ექსპონატები, რომლებიც არამხოლოდ თეატრის, არამედ მთელი ქვეყნის ფასდაუდებელ საგანძურს წარმოადგენს: ესენია თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწე ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები, სპეკტაკლების ესკიზები, რომლებმაც თავისი მხატვრული ღირებულებებით მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართული ხელოვნების ისტორიაში: პეტრე ოცხელი, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ირაკლი გამრეკელი, სერგო ქობულაძე, სოლიკო ვირსალაძე, თამარ აბაკელია, ასევე მუზეუმის კუთვნილებაა რუსი მხატვრების რადაკოვის, უშინის, ბოჟერიანოვის, სიმოვის ნამუშევრები. მუზეუმში ინახება ცნობილი ფოტოგრაფების შიხმანის და ერმაკოვის ფოტო მასალა.
    მუზეუმის პირველი გამგე გახლდათ ნინო სინაურიძე, რომელმაც თავი მოუყარა ამ ყველაფერს და ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა სამუზეუმო საქმეს, შემდეგ ეს მისია იტვირთეს ბაბო გამრეკელმა, მაია კვანტალიანმა, მარინა ენუქიძემ, კაკო კუჭუხიძემ, მუზეუმის ფონდები შეივსო და გაფართოვდა.  მუზეუმის საგამოფენო დარბაზში პერიოდულად ეწყობა გამოფენები, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული ექსპონატები, ასევე საფუძველი ჩაეყარა საგანმანათლებლო პროექტს,,ერთი საათი თეატრში’’ რომელიც მესამე სეზონია წარმატებით მიმდინარეობს. მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს მისთვის საჭირო ინფორმაციით. მუზეუმი სწორედ ის ადგილია სადაც შესაძლებლობა გეძლევა თეატრის საოცარ და ჯადოსნურ ლაბირინთებში იმოგზაურო.