სივრცეები და არქიტექტურა

მე 19 საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ ევროპასა და რუსეთში გამოჩნდა პირველი  სახალხო სახლები. განსაკუთრებით მრავალმხრივი და წარმატებული იყო სახალხო სახლების მოღვაწეობა ევროპაში. წარმოდგენებთან ერთად ატარებდნენ მუსიკალურ, ლიტერატურულ საღამოებს, კონცერტებს, გამოფენებს, ლექციებს, საზოგადოებრივ გასართობებს.

თბილისში სახალხო სახლის დაარსება ცნობილი ქართველი მეცენატების ზუბალაშვილების სახელს უკავშირდება. კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის შთამომავლებმა ლევანმა, სტეფანე, პეტრე და იაკობმა, მამის საპატივსაცემოდ და სახსოვრად გადაწყვიტეს თავიანთი ხარჯებით, თბილისში სახალხო სახლი აეშენებინათ. 1901 წელს სახალხო სახლის დასაპროექტებლად გამოცხადებულ კონკურსში, აშენების უფლებით გაიმარჯვა პეტერბურგელი არქიტექტორის. კრიჩინსკის პროექტმა. მშენებლობა 1902 წლის 7 ნოემბერს დაიწყო, ახლანდელი მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების მარცხენა მხარის კუთხეში ( იმ დროისთვის კირკისა და დიდი მთავრის ქუჩები). 1907 წელს მშენებლობა დასრულდა, თუმცა ოფიციალურად გაიხსნა 1909 წლის 4 აპრილს. კონსტანტინე ზუბალაშვილის ვაჟებმა შენობა საჩუქრად გადასცეს ქალაქს. თბილისში მათ მიერ აშენებულ სახალხო სახლის საძირკველში ჩატანებულია ლითონის ფირფიტა რუსული წარწერით: ,,კ.ი.ზუბალოვის სახალხო სახლს საფუძველი ჩაეყარა 1902 წლის 24 სექტემბერს, ზუბალოვის შთამომავლების ლევანის, სტეფანეს, პეტრესა და იაკობის მიერ. ეს სახლი შენდება ამ შთამომავალთა სახსრებით. სახალხო სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობს არქიტექორი როგოისკი, არქიტექტორს. კრიჩინსკის პროექტის მიხედვით.’’

სახალხო სახლის სამსართულიანი შენობის ძირითადი ნაწილია მისი თეატრალური დარბაზი, რომელიც შედგებოდა პარტერის და ბალკონისგან.(აივნისგან) სცენის კედლებში, საორკესტრო ორმოს მარცხნივ და მარჯვნივ განლაგებული იყო თითო ლოჟა, მეორე სართულზე განთავსებულია ბალკონი( აივანი) სცენის პირდაპირ და დარბაზის ორივე კედლის გაყოლებით. დარბაზის განათებას ასევე სართულის გვერდით კედლებში გაჭრილი დიდი სწორკუთხა სარკმელები უზრუნველყოფდა, ვინაიდან დარბაზში მაშინ ხელოვნური განათება არ იყო, წარმოდგენები და საერთოდ ყველა ღონისძიება დღისით ტარდებოდა. ( ამჟამად ეს ფანჯრები ამოვსებულია და დეკორის ხასიათს ატარებს.)

1930 წელს სახალხო სახლში ბინა დაიდო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულმა მეორე სახელმწიფო ქართულმა თეატრმა, ზუბალაშვილებმა დიდ რეჟისორს საჩუქრად გადასცეს შენობა,  კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს სახალხო სახლს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა.


 2009 წელს ფონდი „ქართუს“ მიერ  მარჯანიშვილის თეატრს ჩაუტარდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები:

გაუმჯობესდა თეატრის განათების სისტემა, გამოიცვალა სცენის საფარი და ელექტრომოწყობილობები.

სხვენს გაუკეთდა ლიფტი, დარბაზში გამოიცვალა სკამები.

უფრო კეთილმოწყობილი გახდა ფოიეები.

სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდგომ თეატრმა განაახლა სეზონი 2010 წლის 13 თებერვალს.

2013 წლიდან თეატრს აქვს სამი სცენა:

- დიდი სცენა

- სარდაფი

- სხვენი

- ორი სარეპეტიციო

- თხუთმეტი საგრიმიორო

- ორი გარდერობი

- ექვსი მაყურებლის ფოიე

- კოსტიუმების სამკერვალო საამქრო

- სადურგლო, ლითონის, ბუტაფორიის საამქროები