ტარტიუფი...ორგონი...ქალბატონი პერნელი...

ტარტიუფი...ორგონი...ქალბატონი პერნელი...

მოლიერის „ტარტიუფის“ მთავარ როლში მრავალი ცნობილი მსახიობი მინახავს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე თუ რუსეთისა და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას. მათი უმრავლესობა მკრთალად შემორჩა ჩემს მეხსიერებას.
რა უცნაურადაც არ უნდა იყოს, ამ გენიალური პიესის მეორე მთავარი პერსონაჟის - ორგონის - სცენური სახე კი, მოსკოვის სამხატვრო თეატრის დიდი მსახიობის ვ.ტოპოროვსკის შესრულებით, გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში(1954 წელს), დღემდე შემორჩა ჩემს მეხსიერებას. იმ წლებში, თეატრალური ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ, სამი სტუდენტი - რეჟისორები დევი აბაშიძე, ოთარ გურგენიძე(შემდეგ, ორივენი კინორეჟისორები გახდნენ) და მე - თეატრმცოდნე, აღარ მახსოვს რა დამსახურების გამო, მოსკოვში გაგვიშვა სპექტაკლების სანახავად.ერთი თვის მანძილზე მრავალი სპექტაკლი ვნახეთ, ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ა. სტანისლავსკის მიერ დადგმულმა ა. ოსტოროვსკის “ცხელმა გულმა“(სხვათა შორის, სტალინს ექვსჯერ უნახავს ეს სპექტაკლი) ამ უკიდურესად გროტესკულმა, თამამმა და ძალზე სასაცილო, ვიტყოდი, გენიალურმა ქმნილებამ. გამაოცა აგრეთვე რეჟისორ მ.კედროვის ორმა სპექტაკლმა ლ.ტოლსტოის „განათლების ნაყოფმა“ და მოლიერის „ტარტიუფმა“. ამ უკანასკნელში თვით მ.კედროვი(რომელიც კ.სტანისლავსკის „სისტემის“ საუკეთესო მცოდნედ და მასწავლებლის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მემკვიდრედ ითვლებოდა) თამაშობდა მთავარ როლს, ანუ ტარტიუფს. მაგრამ ვ.ტოპორკოვმა(მე იგი ნანახი მყავს აგრეთვე გ.ბულგაკოვის მიერ ინსცენირებულ ნ.გოგოლის „მკვდარ სულებში“, ჩაჩიკოვის როლში) თავისი  ბრწყინვალე თამაშით,ეს „მეორე როლი“ პირველხარისხოვან, უნმიშვნელოვანეს პერსონაჟად აქცია სპექტაკლში. ცხოვრებაში ტოპორკოვი, უეჭველად, თეატრალური „ტიპაჟი“ იყო, მიუხედავად იმისა, რომ სქელი, წინწამოწეული დიდი ტუჩები, კეხიანი ცხვირი და ფართოდ გაშლილი ყურები ჰქონდა, მაგრამ გამოუცდელი თვალისთვისაც ადვილი იყო მასში არტისტის(ვგულისხმობ არა მარტო მსახიობს, არამედ ბუნებით შემოქმედ ადამიანს) ამოცნობა. ტოპორკოვმა, ორგონის როლში, მთლად გადაფარა სპექტაკლში მონაწილე ყველა მსახიობი, მათ შორის ისეთი ნატიფი, დახვეწილი და ადამიანის ბუნების ღრმად შემცნობი ხელოვანი, როგორიც მ.კედროვი იყო.

ჩემს შთაბეჭდილებას რომ მოვუყარო თავი და თითქმის 66 წლის წინ ნანახი სპექტაკლი წარმოსახვაში აღვადგინო(მეხსიერებას არ ვუჩივი, თუმცა იმდენი მახსოვს, რომ ბოლოს და ბოლოს ეს შემაწუხებელიცაა), მაშინ უნდა ვთქვა, რომ ტოპორკოვმა ითამაშა უსაზღვრო ნდობის ტრაგედია(მისთვის) და კომედია(გარეშეთათვის)ერთსა და იმავე დროს.ჩემს მიერ ნანახი თითქმის ყველა სპექტაკლის ლაიტმოტივი იყო და არის ნაძირალას, ცრუმეტყველის, ფარისეველის თემა, ხოლო მეორე თემა - ნდობის თემა უკანა პლანზეა ხოლმე გადასული. ამ სპექტაკლში კი ცენტრში მოექცა სწორედ ნდობის მოტივი, იმდენად გაზრდილი, ჰიპერბოლური, რომ ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულმა, თავისთავად ფარისევლობის ელფერიც შეიძინა. ტოპორკოვის ორგონი შეპყრობილი იყო მხოლოდ ერთი ვნებით - ეს იყო ტარტიუფისადმი ნდობის ვნება(პუშინი შენიშნავდა, რომ მოლიერის გმირები არიან „რაღაც ვნებების ტიპები“). მის თვალში სამყარო გაიწმინდა სხვა ადამიანებისაგან, დარჩა მხოლოდ ერთი- ტარტიუფი, იგია მისი ბედნიერებისა და სიხარულის სათავე. კი არ დადიოდა, მსუბუქად ფრინავდა, სახეზე ნეტარების გამომეტყველებით, თვალებში ენითუთქმელი ბედნიერება ეხატა. ოჯახის წევრები - შვილები, მეუღლე, ცოლისძმა, მოახლე გოგონა მოუთხრობენ ტარტიუფის მრავალ სისაძაგლეთა გამო, ის კი მოწყალედ ზემოდან დასცქეროდა ამ პატარა, შურიან ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ეცოდებოდნენ სიბრიყვისა და დაუნახაობის გამო. რაც უფრო აძაგებდნენ მის ღვთაებას, მით უფრო ხაზგასმით გამოხატავდა მისადმი სიყვარულს - მიეახლებოდა ტარტიუფს, ლოყებსდა ხელებს დაუკოცნიდა, ეალერსებოდა მისი თმის კულულებს, სიყვარულის ექსტაზში შესული დაემხობოდა და ფეხსაცმელებზე ეამბორებოდა. ბოლოს, თითქოს რაღაც კირთებისაგან განთავისუფლებული, სიამაყითა და სიხარული თ ამცნობდა ქვეყანას „მე ვაჟიშვილი აღარა მყავს“. ერთ სცენაში ტოპორკოვის ორგონი, მუხლებზე დაჩოქილი მიექანებოდა ტარტიუფისაკენ, რათა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა თავისი თაყვანიცემა, მაგრამ ახლობლები ხელში აიტაცებდნენ და მათ მკლავებზე დაკიდებული ამაოდ ცდილობდა თავის კერპთან „მიფრენას“(ეს სცენა ყველაზე ნათლად მახსოვს). ამგვარი ვიტყოდი, ბუფონური ბრწყინვალებით სავსე იყო ვ. ტოპორკოვის მიერ შექმნილი სახე...
ვიგონებ ამ სპექტაკლს და ვფიქრობ, განა დღევანდელი ქართველობის ერთი ნაწილი, ვ. ტოპორკოვის ორგონივით არ არის შეპყრობილი თანამედროვე ცრუმეტყველის სიცრუითა და ტრაბახით შეპყრობილი მხდალი ფარისევლის მიმართ?.. ორგონი გვიან გამოფხიზლდა... ჩვენ?

აქვე გავიხსენებ ორგონის როლის იმ ახლებურ ინტერპრეტაციას, რომელიც 1980 წელს შემოგვთავაზეს რეჟისორებმა ნ. ხატისკაცმა და მსახიობმა ავთანდილ მახარაძემ რუსთაველის თეატრში. ეს იყო რეჟისორის მიერ შექმნილი ერთგვარი პიესა-კოლაჟი, სადაც გაერთიანებული იყო ძირითადი ეპიზოდები „ტარტიუფიდან“ და ამ პიესის დადგმის, შემდეგ აკრძალვის ისტორია, აგრეთვე მოლიერის წერილი-მიმართვები მეფე ლუდოვიკო XIV-მი ა. მახარაძე თამაშობდა ორგონს(რომელსაც მოლიერი თამაშობდა პირველი დადგმისას) და თავად მოლიერსაც. აქ ერთმანეთს ენაცვლებოდა თამაშის ტრაგი-კომიკური და ტრაგი-ფარსული მანერა. ა.მახარაძის ორგონი არ იყო მხოლოდ ტარტიუფში ღრმად შეყვარებული ადამიანი, მისი მონა, უმნიშვნელო პიროვნება. არა, იგი ტარტიუფმა აამაღლა გახადა სხვათაგან გამორჩეული, აზიარა საკრალურ სიმაღლეებს და ახლა იგი ამ სიმაღლეებიდან უმზერდა ყველას.მაგრამ მაინც, სპექტაკლის ცენტრში მოექცა არა ა.მახარაძე - ორგონი, არამედ ა. მახარაძე - მოლიერი, რადგან ამ სპექტაკლის ძირითადი თემა იყო კლერიკალთაგან და ხელისუფალთაგან სვეგამწარებული მოლიერი, ამ გენიალური კომედიოგრაფის და სვებედნიერი სახელმწიფოს ურთიერთობის პრობლემა. სპექტაკლის  მახარაძე-მოლიერის მონოლოგი და გარდაცვალება სულისშემძვრელი იყო. ამგვარად, სპექტაკლში რეჟისორის კონცეფციის გამო, ტარტიუფის სახე მეორე პლანზე გადავიდა. იგი გადაფარეს მოლიერის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრების ეპიზოდებმა და ა.მახარაძის ორგონის კომენდიანტობამ.
მივყვები მოგონებათა კვალს და ამავდროს ვიხსენებ წაკითხულსაც...ჩეხოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამით ვნახე „მოსკოვის თეატრალური ცენტრის თეატრში” - „ალუბრლის ბაღი“-რუს რეჟისორთა ახალი ტალღის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ალექსანდრე ვილკინის მიერ დადგმული „ტარტიუფი“, რომელიც  „ერმიტაჟის“ პატარა სცენაზე წარადგინეს. აქ ტარტიუფი თვითდაჯერებული მესიანიზმით იყო სავსე. მისი ცივი, ნიღაბივით უძრავი სახე რაღაც სიდიადის მეჭედს ატარებდა(თვით ყველაზე ფარსულ სცენებშიც კი). ეს იყო ცხოვრებისგან დაღლილი, ყოვლისშემცნობი და მრავლისმნახველი კაცი, ბრძენი, ყველას ჭეშმარიტების გზაზე დამყენებელი და ამ მძიმე ხვედრს ღირსეულად ატარებდა. მისი უცვლელი, ურყევი სერიოზულობა და იმპოზანტურობა არც მაშინ იცვლიდა სახეს, როცა თავისი მამაკაცური ძალის ტრიუმფის დროს ელმირას აშიშვლებდა - ნელ-ნელა და საქმიანად, გულმოდგინედ, აღტკინების გარეშე ხდიდა ტანსაცმელს და არც მაშინ, როცა კრახს განიცდიდა და ნაძირალობაში ამხელდნენ საჯაროდ. იგი თავისი ბოროტისეულის სულის შეუვალობაში და მოუგერიებლობაში იყო დარწმუნებული. აი ამ კაცის მიმართ ენითუთქმელი ფანატიკური რწმენით იყო გამსჭვალული ქალბონი პერნელი, უფრო მეტად ვიდრე მისი ვაჟიშვილი ორგონი. ვიხილე დაბნელებული ცნობიერების, ფიქციებისა და მითების ტყვეობაში მოქცეული ტრაგედია ქალისა, რომელსაც ვერ გაუცნობიერებია თავისი ტრაგიკული მდგომარეობა და თავს ბედნიერად გრძნობს ამ ფანტასტიკური რწმენის გამო. ქ-ნ პერნელის როლის შემსრულებელ მსახიობს თვალებში ხან ავის მაუწყებელი ცეცხლი უელავდა, ხან გუგები ამოუთეთრდებოდა, თითქმის ლიბრი გადაეფარაო(ასეთ თვალებს ზაირა არსენიშვილი „ვირთხის აგრესიულად მოწიპწივე“ თვალებს უწოდებს, თავის რომანში „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის“). კი არ ლაპარაკობდა სიტყვებს ტყვიამფრქვევივით ისსროდა(თითქმი შეუძლებელი იყო რამის გაგება). მზერა მომნუსხველი სიცივით, სულის გამყინავი ზიზღით ევსებოდა იმათ მიმართ, ვინც კი ტარტიუფზე, თუნდაც  სულ მცირე, აუგს იტყოდა. მისტიკური აღტკინებით შეპტრობილი ყოველ წუთს მზად იყო დატაკებოდა მოწინააღმდეგეს და თავისი წამახული ფრჩხილებით თვალები ამოეჩიჩქნა მისთვის. ვხედავდი თითქმის შეშლილ, გაავებულ ქალს, რომელიც მზადაა ტარტიუფის, ამ გაუკუღმართებული წმინდანის გულისთვის მთელი ქვეყანა ცეცხლს მისცეს.
ვუყურებდი ამ სპექტაკლს და ჩემს თვალწინ ცოცხლდებოდნენ მესიანიზმის ხიბლით შეპყრობილი ჩვენი „ქართული მდედრიონის“ ქალები, რომლებიც გაავებულნი შეიჭრებოდნენ ხოლმე სხვადასხვა დაწესებულებებში წესრიგის დასამყარებლად.
ახლა კი დროა გადავინაცვლოთ საფრანგეთში...

რასაკვირველია, ფრანგულ სცენას ახსოვს ტარტიუფის როლის ბრწყინვალე შემსრულებლებიც, ფრანგული თეატრის ერთ-ერთი ღრმად მცოდნე, მოლიერზე და მის შემოქმედებაზე დაწერილი მრავალი გამოკვლევისა თუ წიგნის ავტორი, გ. ბოიაჯიევი თავისი ელვარე სტილითგამორჩეულ წიგნში „სოფოკლედან ბრეხტამდე ორმოცი თეატრალური საღამოს მანძილზე“(მოსკოვი. მეორე გამოცემა. 1981). „მოლიერის ფესტივალს“მართავს და წარმოგვიდგენს დიდი კომედიოგრაფის საფრანგეთში დადგმულ ექვს სპექტაკლს. მათ შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს „მეთოთხმეტე საღამოს“ - რომელიც ეძღვნება „ტარტიუფს“ („კომედი ფრანსეში“ დადგმულს 1954). პირველივე ფრაზა მრავლისმთქმელია:“ჟან იონელის ტარტიუფი დაუვიწყარია!“ იონელის ტარტიუფი მაყურებელს ევლინებოდა გახვეული გრძელ, შავ ანაფორაში, საიდანაც უხეშ, მძიმე ფეხსაცმელებში წადგმული გამხდარი, მჭლე ფეხები მოუჩანდა. ფერმკრთალი, მუდმივი მარხვისაგან გალეულ სახეზე შუაძე გაყოფილითმები ჩამოშლოდა. ეს იყო ნამდვილი ასკეტი, ღვთის მონა, რომელშიაც მძლავრი სული ბობოქრობდა. მისი ძალა იყო რელიგიური სიშმაგისა და მისტიკური აღმაფრენის მყისიერად აგიზგიზებული პათოსი და ზეციური ძალებისგან მოვლენილი შთაგონება.ამიტომ მას სრულიად არ სჭირდებოდა ფარისევლობა და სხვა ათასი მამაძაღლობა. ყოველ ფრაზას ისე წარმოსთქვამდა თითქოს ფსალმუნის ტექსტებს კითხულობდა - იგი იყო ჭეშმარიტი ქადაგი, ორატორი, ღვთიური მადლით ცხებული სულიერი მოღვაწე, ახლად მოვლენილი სავანაროლა, რომლის ბრძანებით ფლორენციაში, სენიორის მოედანზე აგიზგირებულ კოცონზე წვავდნენ ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს და ურწმუნოებს.
„იგი თავზარდამცემი იყო ჰიპნოზური ზეშთაგონებით, იყენებდა რელიგიური რიტორიკის მთელ პიროტექნიკას, ლაპარაკობდა როგორც მგზნებარე ფანატიკოსი, როგორც დიდი საეკლესიო ორატორი. ლაპარაკობდაისე, თითქოს იდგა ტაძარში, სადაც გუნდები გალობენ, უკრავს ორღანი და გაისმის ზარების რეკვის ხმები“.(გ. ბოიაჯიევი).მას შემდეგ რაც მის იმპოზანტურობას ფარდა აეხდებოდა, სცენაზე იდგა უკვე მშიშარა, ცრუმეტყველი, რომელიც ქვეშ შეძრომასაც არ თაკილობდა თავის გადასარჩენად...

ახლა გერმანიაში გადავინაცვლოთ...
ევროპაში ძალიან გახმაურდა ცნობილი გერმანელი რეჟისორის მიხაელ ტალახიმერის მიერ ბერლინის“ შაუბიუნეში“ დადგმული „ტარტიუფი“. (წარმოდგენა მთავრდება ორმოც წუთში. წარმოიდგინეთ რა რადიკალურად შეუკვეცია იგი რეჟისორს). სპექტაკლში ტარტიუფი თითქოს შემთხვევით შემოდის ქუჩიდან, ნახევრად შიშველი, ჩაჩაჩული შარვლით, გრძელი, დაუვარცხნელი თმით, მკლავები და სხეუილ ნახატებითა და რელიგიური ტექსტებით აუჭრელებია. თავხედია, პირქუში, უხიაგი, განუზომელი სიძულვილით აღსავსე ადამიანების მიმართ. ორგონის ოჯახის წევრებს არად აგდებს, თითქოს ვერც ამჩნევს მათ. რაღაც შეუცნობელ, დამანგრეველ ენერგიას ასხივებს. ფეთქებადია, სიტყვას ისვრის ყვირილით, რომელსაც ველური ღმუილი ახლავს. ორგონის ოჯახს სწორედ მისი იდუმალება, დაუოკებელი ძალმოსილება, ხორციელი მგრძნობელობა იზიდავს, მასში ხედავენ მესიას და მხსნელს. რეჟისორის თქმით, ადამიანებში აღმოუფხვრელია სურვილი მორჩილ, უსიტყვო ცხვრის ფარად ქცევისა, რომელსაც ბრმა წინამძღოლი მიუძღვის(გაიხსენეთ ბრეიგელის ცნობილი ტილო. ნ. გ. )... სპექტაკლის ყველა პერსონაჟმა მიიღო ის,რასაც ამგვარი ბრმა მორჩილების გამო იმსახურებდა, სპექტაკლის ფინალში ყველანი შეშინებულნი , საცოდავები და თავზარდაცემულნი არიან... ტარტიუფი კი უკვალოდ ქრება...
ჩვენი ფრანკომანი თეატრმცოდნე ირინა ღოღობერიძე თავის მშვენიერ წერილში(იხ, „თეატრი და ცხოვრება“, 1, 2014) საინტერესო ცნობას გვაქვდის: „არიან მნუშკინამ ტარტიუფის პერსონაჟები ცალსახად, ისლამურ ტანსაცმელსი გამოაწყო და სპექტაკლის გამჭოლ, ყველასა და ყველაფრის მამხილებელ თემად ინტეგრიზმი აქცია. „ტარტიუფი ეშმაკისეულია“ - იხსენებს არიანა მნუშკინა მოლიერის სიტყვებს და მართლაც საშიშ პერსონაჟად ძერწავს შტეფან ბრაუნშვეიგი ტარტიუფს მინიმალურ დეკორში მოაქცევს და გვიჩვენებს ცხოვრებით გაწბილებულ ადამიანს, რომელიც მასზე უფრო გაწბილებულთა დამორჩილებას ეშურვება. ბრაუნშვეიგმა მოლიერის კომიზმის მელანქოლიური ბუნება გამოიყენა და ცხოვრებით გაწბილებული ორგონის ბედი უკეთესი მომავლის იმედით ცხოვრებაზე ხელცაქნეულ, მაგრამ ფარისეველ, უფრო ჭკვიან და მოხერხებულ ტარტიუფს გადააბარა“
ბოლოს დავუბრუნდეთ თბილისურ „ტარტიუფს“, რომელმაც ამდენი ასოციაცია აღმიძრა.

...მარჯანიშვილის თეატრის ე.წ. ახალი სცენის გაშლილი სივრცე  „მოედნის თეატრსა“ და კომედია დელ არტეს თავისუფალი, ლაღი, ზოგჯერ უხეში, პირდაპირი, გამომწვევი თამაშისთვის სწორედ ზედგამოჭრილია რეჟისორმა ლევან წულაძემ, ამ მუდამ მაძიებელმა, ახალი იდეებით და „პროექტებით“ შეპყრობილმა, მრავალფეროვანი თეატრალური სანახაობის შექმნის ოსტატმა ამ „ღია სივრცეში“ (მიუხედავად იმისა, რომ სარდაფშია ჩასული) „ტარტიუფის“ ახალი ვერსია შემოგვთავაზა. ტარტიუფისა და სხვა პერსონაჟების მეტამორფოზები მოულოდნელად ლაღი, იმპროვიზიაციული „თამაშის“ კასკადურ, მჩქეფარე, ხალისიანი წარმოსახვების ატმოსფეროში გაახვია. აქ ყველა ტკბება ცხოვრებით, იმანენტური ხალისიანობით და ახალი ბედნიერების მოლოდინით. ეს რენესანსული სულისკვეთება, რომლითაც გამსჭვალულია ჩემი საყვარელი მხატვრის, კანალეტო ვენეციური პეიზაჟები, აქ ძალიან ბუნებრივად აღორძინდება და ყველას(თითქმის ყველას) მოიცავს. ორი მოქმედების მანძილზე მოლიერი გვამზადებს ტარტიუფთან შესახვედრად, ორი მოქმედების მანძილზე მასზე უპირატესად აუგი და სშინელებანი გვესმის, მაგრამ შემოვა თუ არა „ახალ სივრცეში“ ზვიად სხირტლაძე - ტარტიუფი, ეს ახალგაზრდა, გადამდები ხალისიანობით აღსავსე, ენერგიული და თავისი მამაკაცური ქარიზმით გათამამებული, უმალ ყველაფერი იცვლება. ორგონის სახლის ბინადარნი და სტუმრები თითქოს ამგვარ იმპულსს ელოდნენო, კიდევ უფრო მეტი გზნებით ეძლევიან მხიარულების ექსტაზს, ეს უპირველესად ეხება მშვენიერ ქალებს,რომლებიც გუმანით გრძნობენ მამაკაცური ვნების იმპულსებს, მოსალოდნელი მონსტრის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ელეგანტურ, რაფინირებულ ახალგაზრდას, რომელიც მოხდენილად ატარებს თანამედროვე კოსტიუმს. მისი ყოველგვარი მოძრაობა დაუხარჯავ ენერგიას ავლენს, პლასტიკურია, მსუბუქი და ამავ დროს აგრესიული, რაც ხიბლავთ საერთოდ ქალებს. ვინ არის იგი ბოლოს და ბოლოს?! ამის შესახებ არაფერი ვიცით გარდა იმისა, რასაც მასზე სხვები ლაპარაკობენ. ახლა კი ვხედავთ და ვხვდებით, რომ იგი ჩვენი სინამდვილის, უფრო ზუსტად, XXსაუკუნის დასასრულის და XXI საუკუნის საქართველოს ღვიძლი შვილია, რომელსაც კარგად აუღია ალღო შექმნილი ვითარებისთვის. გარეგნულ დეკორს მშვენივრად უხამებს ბოროტ ზრახვებს, ჯიქურ მიიწევს მიზნისკენ - ესაა ძალაუფლება, სიმდიდრე,კეთილდღეობა. ამას კი მოუტანს, პირველ რიგში, სხვისი ქონების დაპატრონება(ნაცნობი თემაა!) ანუ სხვის ხარჯზე გამდიდრება და წარმოსახვის თეატრალური თამაში ანუ სექსის დემონსტრირება სიყვარულის ნიღბით. აქ ზ. სხირტლაძის ტარტიუფი შეუჩერებელია. ასეთი ტარტიუფის დამარცხება შეუძლებელია,იგი გამარჯვებისთვის და ტრიუმფისთვისაა დაბადებული. ზ. სხირტლაძის ტარტიუფი არშიყის, გზნების, ტრფობის, ვნებიანობის კლასიკურ ეტიუდებს ქმნის ორგონის მეუღლის ელმირას ცდუნების სცენაში. ეს არის ორმხრივი ფლირტი ცდუნების სცენაში. ეს არის ორმხრივი ფლირტი(კიდევ უფრი გამძაფრებული მოსალოდნელი ხიფათით) - ანტუან ვატოს სახელგანთქმული „გალანტიური სცენების“ სტილში. აქაა ტკბობის „სიყვარულის თამაში“, რომელიც ძალიან ახლოსაა „სახიფათო თამაშებთან“(შადერლოო დე ლაკლო) და რომლის დროს თეონა ქოქრაშვილის - ელმირა სულაც არ არის „მეორე პლანის“ მოთამაშე, პირიქით, თავისი მოქნილი სხეულის თამაშით, კეკლუცობით, ვნებიანი ფანცქვალით, ბნედით და ვნებიანად მობნელიდი თვალებით თითქოს იქით აცდუნებდა ტარტიუფს(სპექტაკლის საუკეთესო სცენაა.) მათი მოძრაობა გრაციოზულია და ბუნებრივი, აღსავსეა ცვალებადი რეფლექსებით.მსახიობები თლიანად ჩართულები არიანთავიანთ თამაშში და არავითარ ყურადღებას არ აქცევენ მაყურებელს.მისი ელმირა არის ნამდვილი Sex appeals-ი. ზ. სხირტლაძის ტარტიუფი არა იმდენად თვალთმაქცობს და ფარისევლობს, რამდენადაც როლში შეჭრილი ტკბება თამაშით და ნეტარების მოლოდინით. მაგრამ მაინც,მის უსაზღვრო თავხედობაში გონების თვალით „ვხედავთ“ სატანის გრიმასებს, თავხედურ თვითდაჯერებას, „დაუსჯელობის სინდრომის ნიშნებს. ხომ არ არის ეს ახალგაზრდა რაიმე, თანამედროვე ფარული კავშირის წევრი, როგორც მოლიერის ტარტიუფი იყო იეზუიტი და წევრი „წმინდა საჩუქრების საზოგადოებისა“, რომელიც ქველმოქმედების ნიღბით სასულიერო პოლიციის ფუნქციებს ასრულებდა. დამარცხდა ტარტიუფი, იგი საბოლოოდ მხილებულია თითქოს ბედს შეურიგდა, მაგრამ წამიც და გვესმის ზ.სხირტლაძის ტარტიუფის სიხარულით სავსე ყიჟინა - იგი ახლა ყველაფერს ფლობს! თანამედროვე ტარტიუფები არ მარცხდებიან. შეხედეთ დღევანდელი ქართილი ცხოვრების თეატრის სცენას. აქ კვლავ ზეიმობენ ტარტიუფები, ორგონები, ქალბატონი პერნელები. სწორად შენიშნავს ი. ღოღობერიძე: ტარტიუფები ჩვენთან და ყველგან არიან და ხშირად იმარჯვებენ კიდეც. მთავარი ხომ ფილოსოფიაა!“.

ნოდარ გურაბანიძე