სიახლე დეტალურად

ტარტიუფი“ „ახალ სცენაზე“

„დრომ მოიტანა ახალი თეატრის, აზრის ახლებურ და აქამდე არ ათვისებულ სივრცეში გაცოცხლების აუცილებლობა. ახალ სივრცეში გადასვლა, გულისხმობს თეატრალური ატრიბუტიკისაგან (ფარდა, მასშტაბური დეკორაცია, ლოჟა, ვეებერთელა პარტერი) გათავისუფლებას, სადაც თეატრს შეუძლია არსებობა „თეატრალურობის“ გარეშე, სადაც პრინციპში შესაძლოა მოვიდეს ისეთი მაყურებელი, რომელსაც სულაც არ უყვარს თეატრი, უფრო სწორად ის ტრადიციული მახასიათებლები, რომელიც თეატრალურობის ნაწილად იქცა. ნებისმიერი ასეთი სცენა, განსხვავებული სივრცე, განსხვავებულ რაკურსში აყენებს მსახიობს და განსხვავებულ რაკურსში აღაქმევინებს მაყურებელს იგივე მსახიობს. შეიძლება ახალი თეატრის იდეაც ეს არის – განსაკუთრებული,უფრო „ფამილარული“ ურთიერთობის დამყარება მაყურებელსა და დასს შორის“ - ამბობს ლევან წულაძე.
- მხოლოდ ეს იყო მიზეზი ახალი ალტერნატიული სივრცის შექმნის? თეატრის შენობის გარეთ ასეთი სივრცის ჩამოყალიბება პირველია პრეცედენტია ქართულ თეატრალურ სინამდვილეში, თუმცა საკმაოდ აპრობირებული უცხოურ თეატრში ....
- პირველ რიგში მარტივად გეტყვით, მცირე სცენა, რომელიც გვაქვს არ არის საკმარისი, სივრცის თვალსაზრისითაც, მაყურებლის რაოდენობის გამო არ ვამბობ, ძალიან სპეციფიკურიცაა და პატარაა. თანაც არ არის ისეთი რომ განგაწყოს დასადგმელად რეჟისორი. არის კარგი სივრცე თოჯინური წარმოდგენისთვის, რომელსაც თავისი კოსმოსი აქვს, არაჩვეულებრივია ორ კაციანი სპექტაკლებისთვის, პიესა მონოლოგისთვის. ამასთანავე ახალი სივრცის შექმნა განაპირობა იდეებმა, რომელიც  ვერ განხორციელდება დიდ სცენაზე, მაგრამ ვერ ეტევა მცირე სცენაზე - „სხვენზე“, ამიტომაც, მოვიფიქრეთ ახალი სივრცე მოგვეძებნა.
- და იპოვეთ სარდაფი...
- არსებობს ნოსტალგია ჩემი თეატრალური სარდაფის სივრცის მიმართ, ამავდროულად, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ თეატრის ის აკადემიური ფორმა, რომელიც არსებობს  შემოქმედებითად დამღუპველი და დამამუხრუჭებელიც კი არის შემოქმედისათვის. ის არის ერთი ნაწილი თეატრალური სამყაროსი, მეორე კი ამის საწინააღმდეგო უნდა იყოს, რომელიც არის გენერატორი ახალი აზრების, იდეების, ახალი სივრცის აღქმის, თუნდაც იმიტომ, რომ სხვანაირი სკამები იქნება და დამოკიდებულება შეიცვლება, რომ არ შედიხარ ტაძარში, არამედ თითქოს ოჯახში შედიხარ, ან სულაც მხატვრს სახელსონოში. ასეთი ატმოსფერო ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე მოტივიც არის: მგონია, რომ ზოგადად თეატრალური პროცესისთვისაც არის კარგი, წელიწადში უნდა იხსნებოდეს, შესაძლოა შემდეგ ისევ იხურებოდეს, რამდენიმე თეატრი. ჩემთვის არ არის მომხიბვლელი შეგრძნება იმისა, რომ მუდმივად ერთ შენობაზე იყო მიბმული ბედისწერასავით, როცა მთელ ცხოვრებას სწირავ მას და მერე გწყინს, რომ მისთვის საჭირო აღარ ხარ. მგონია, რომ ასეთი დამოკიდებულება წარსულში უნდა დარჩეს. ადამიანებს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, მეტი მოგზაურობა უნდა შეეძლოს მსახიობსაც, რეჟისორსაც, დრამატურგსაც, ადმინისტრაციასაც, თუნდაც იმიტომ, რომ განვითარდეს თეატრის მენეჯმენტი,  თუ არ განხორციელდა ავანტურული პროექტები მენეჯმენტიც გაიყინება ერთ ადგილას. „სარდაფის“ დროს ბევრი თეატრი გაიხსნა, მათაგნ რამდენიმე თავისუფალი, სამეფო უბნის, თეატრი ათონელზე დარჩა და მშვენიერი თეატრებია, თუმცა ბევრიც დაიხურა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი პროცესი, რადგან ბევრმა მიიღო დიდი გამოცდილება... 
- ეს ხომ მარჯანიშვილის თეატრის ნაწილი იქნება?
- დიახ, მთლიანად, არც სხვა დასი არ იქნება, მხოლოდ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები, შესაძლოა ვიღაც დაემატოს კიდეც, მინდა მსახიობთა თანაარსებობის პრინციპი  იყოს მოლიერისეული ფრაზით: - „იყავი მარტო და იყავი ყველასთან ერთად!“ - ძალიან მომწონს ეს დევიზი, ვთვლი, რომ საინტერესო აზრი დევს მსახიობისთვის მასში, იყავი ყველასთან ერთად იმიტომ, რომ ანსამბლი ხარ, ამავდროულად იყავი მარტო, იმიტომ რომ ინდივიდი ხარ, ანუ ის, რაც შენ ხარ მხოლოდ... მე მომწონს ამ მოდელის თეატრი. არ მიყვარს, როცა თეატრი ზედმეტად იქცევა ოჯახად, მერე ოჯახი ყლაპავს თეატრს და კლავს, შიგნითა ურთიერთობები უფრო მნიშველოვანი ხდება, ვიდრე ის, რაც სცენაზეა, ამიტომ დევიზი - „იყავი მარტო და იყავი ყველასთან ერთად“ ძალიან მომწონს.
- კიდევ რა გხიბლავთ „მოლიერის თეატრში“ ?
- ეხლანდელი თეატრი თავის ფუნქციით ძალიან დაუხლოვდა იმ თეატრს, რომელიც მე მიყვარს და ვოცნებობ შინაგანად, იგივე მოლიერის თეატრზე, როცა თეატრს არ მოაქვს დაფნის გვირგვინები, დიდება, საყოველთაო აღიარება, დეპუტატად არჩევა, ცნობადობის გაზრდა და ასე შემდეგ, ესეც ჩვეულებრივი პროფესია. ადრე საბჭოთა თეატრში ბრძოლა შიგნით ბუნებრივი იყო, იმ ბრძოლის შედეგად ადამინი იღებდა ხან ბინას, ხან მანქანას, ორდერს, ამ ორდერს მოჰქოდა კონკრეტული პერსპექტივა მატერიალური და გასაგები იყო, მოლიერის თეატრს კი არ მოაქვს ასეთი „დიდება“, ამიტომ ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია...
- ახალგაზრდებს შეეძლებათ ამ თეატრში ინიციატივების განხორციელება?
- რა თქმა უნდა, ოღონდ როგორც სარდაფში იყო, ისე იოლი არ იქნება აქ დადგმა. მეტი სიმკაცრე და საკუთარი პროექტის დაცვა მოუწვეთ ახალგაზრდებს. როგორც ჩვენ ვიცავდით ჩვენს პროექტს სხვადასხვა თეატრში და გაგვქონდა, არა იმიტომ, რომ ბოროტი ვარ და არ მინდა ახალგაზრდების მოსვლა, პირიქით, მაგრამ ამ შემთხვევაში ხარისხზე და გამართულ, საინტერესო იდეაზე ვიქნებით ორიენტირებული. სარდაფში ჩვენ არ ვკითხულობდით ვინ რას დგამდა, ან რატომ დგამდა, მაშინ თეატრის კარი ყველასთვის ღია იყო და ვთვლი, რომ მაშინ ეს იყო სწორი პრინციპი.  რათა ადამინებს გაებედათ დადგმა კერძო თეატრში, სურვილი გაჩენოდათ რაღაცის კეთების, ბევრმა მოახდინა საკუთარი თავის რეალიზება, ბევრი სპექტაკლი დაიდგა... დაახლოებით  200 - მდე, ეს ძალიან ბევრი თეატრისთვის და ბევრი თავიდანვე განწირული იყო კრახისთვის, თუმცა ეს იყო პროცესი, კარგი იყო, რომ მაშინ მსახიობებმა დაიწყეს მოძრაობა სხვადასხვა სივრცეებში, მსახიობებს ჰქონდათ შანსი ეთამაშათ ალტერნატიულ სივრცეში, გამოევლინათ საკუთარი შესაძლებებლობები.

მარჯანიშვილის თეატრის იმ ახალ, ალტერნატიულ და ორიგინალურ სივრცეში, რომლის ამბავიც ლევან წულაძემ „მამაო ჩვენოსავით“ იცის, პირველი სპექტაკლიც მოლიერის „ტარტიუფი“ დადგა. თეატრის პირველი პრემიერა და მაყურებლისთვის პირველი საპრეზენტაციოც წარმოდგენა ფრანგული კომედია იყო. მარჯანიშვილის თეატრის „ახალი სცენა“ სწორედ ფრანგული მონპარნასის სტილში, როგორც თეატრი-ატელიეა ჩაფიქრებული, ამას თეატრის ინტერიერის დიზაინიც მოწმობს და სწორედ ამიტომ ამ სივრცის გახსნა, ალბათ, ფრანგული კომედიით იქნებოდა უპრიანი. ამავდროულად მოლიერი ის ავტორია, რომელიც სიცილ-ხარხარში „გვაპარებს“  მწარე რეალობას, ადამიანების სისასტიკეს სხვა ადამიანების მიმართ, ცხოვრების მანკიერ მხარეებს და მარადიულ პრობლემებს.
კამერულ სივრცეში, რომელიც მსახიობთათვის და მაყურებლისთვის გარკვეულ ინტიმს ქმნის, მოლიერის თეატრისეული ატმოსფერო სუფევს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრის შესასვლელი მთავარი კარი „თეატრალური სარდაფი რუსთაველზე“-დან  „ახალ სცენაზე“ გადმოიტანეს, არაფერი აქვს საერთო ძველთან. ეს არა მხოლოდ ახალი სივრცეა, არამედ ახალი თეატრი თავისი არსით და შინაარსით, მიმართულებითა და ესთეტიკით, შესაძლოა ნოსტალგიური, მაგრამ მაინც ახალი მსოფლმეხდველობით.
ლევან წულაძე: „დიდხანს ვიფიქრე რითი რომელი პიესით გამეხსნა ახალი სცენა და გადავწვიტე მოლიერის არაჩვეულებრივი პიესა „ტარტიუფი“ დამედგა. „ახალი სცენის“ საპრეზენტაციო სპექტაკლად დოსტოევსკის „შეპყრობილნი“ დადგმაც მინდოდა, თუმცა არჩევანი საბოლოოდ, მაინც მოლიერზე გავაკეთე, რადგანაც მოლიერის თეატრი უფრო ახლოსაა ქართულ სინამდვილესთან და ქართულ ხასიათთან. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველებს კომედიები უყვართ, რაც მე ტყუილი და ქიმერა მგონია, არამედ უბრალოდ ქართველებს უყვართ ცოცხალი თეატრი. მოლიერი კი მე ასეთად მესახება. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, კომედია, რომელიც იქნება დელარტესეული, მხიარული, მაგრამ ცოტა „წიწაკით “;  ახალი თეატრის მოწყობის პრინციპი მინდა იყოს მოლიერისეული.“
როგორც ჩანს ლევან წულაძეს კომედიების საშუალებით აქვს ჩაფიქრებული პირდაპირ გვაჯახოს მწარე სიმართლე, იყოს პირუთვნელი მაყურებლისა და პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. 
ლევან წულაძის სპექტაკლი აქტუალურ პრობლემებზე მოგვითხრობს. ერთი ოჯახის მაგალითზე იშლება შემზარავი ისტორია, თუ როგორ ცდილობს ფარისევლობის ეტალონი ტარტიუფი ორგონის ოჯახის „დაპყრობას“. ის იბრძვის იმის მოსაპოვებლად, რაც მას არც კანონით და არც მორალურად არ ეკუთვნის. ფარისეველი ტარტიუფის როლში ახალგაზრდა მსახიობი ზვიად სხრიტლაძე მოგვევლინა, ერთი შეხედვით შეუხედავი, არაფრით გამოღცეული ბიჭი ცდილობს გააბრიყვოს (რაც გამოსდის კიდეც) მიამიტი და უკეთილშობილესი ორგონი, რომლის როლსაც ნიკა კუჭავა ასახიერებს.  საყოველთაო  ფარისევლობის სინონიმად ქცეული ტარტიუფი ორგონის ქონებასთან ერთად ჯერ მისი ქალიშვილის, ხოლო შემდეგ მისი მეუღლის გულის მონადირებასაც ცდილობს. ყველაზე ფხიზელი ამ თვალზებინდჩამოფარებულ საზოგადოებაში მსახური დორინაა, რომლის როლსაც ბაია დვალიშვილი ასრულებს. მსახიობისთვის დორინას როლი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვრული სახე იქნება მის სცენურ სახეთა გალერეაში, რადგან ბაია დვალიშვილის დორინა გამოირჩევა მრავალსახეობით, უხვად იყენებს გამომსახველობით საშუალებებს, რომლის წყალობით მისი პერსონაჟი მრავალფეროვნად კომიკურია. ამ მხრივ მას არ ჩამოუვარდება მანანა კაზაკოვა პერნელის როლში. სხვათაშორის, სხვა პერსონაჟების მსგავსად, პერნელსაც, რომელიც ტარტიუფის ღრმა მეხოტბეა, მალე გაეხსნება გონება, რათა აღიქვას ყალბი ტატრიუფის პერსონა. სპექტაკლში არტისტული სილაღით გამოირჩევიან თამარ ბუხნიკაშვილი (ფლიპოტი), ბესო ბარათაშვილი (ლოიალი), ზაზა იაკაშვილი (კლეანტი), თეონა ქოქრაშვილი და ქეთა შათირიშვილი (ელმირა).
„ტარტიუფი“ დებიუტი იყო მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის „ახალ სცენაზე“, მაგრამ ორმაგად დებიუტანტები იყვნენ ანა ვასაძე (მარიანა), გიორგი კიკნაძე (დამისი) და პაატა პაპუაშვილი (ვალერი). მართალია, მათ აქამდე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული სპექტაკლებში, მაგრამ აქ წარმოჩინდნენ, როგორც მარჯანიშვილის თეატრის პერსპექტული მომავალი.
ლევან წულაძემ ჟან ბატისტ მოლიერის „ტარტიუფის“ დადგმისას თავის გუნდთან კოსტიუმების მხატვართან ნინო სურგულაძესთან, ქორეოგრაფ გია მარღანიასთან ერთად იმუშავა. სპექტაკლის სცენოგრაფია თავად რეჟისორს ეკუთვნის. მუსიკალურად კი ზურა გაგლოშვილმა გააფორმა.
ლევან წულაძის სპექტაკლი მიმართულია სიყალბის, თვალთმაქცობისა და სიძულვილის წინააღმდეგ. ტარტიუფის ზნედაცემულობა იმდენად შემზარავია, რომ რეჟისორი სპექტაკლის მთელ საექსპოზიციო ნაწილს მისი გამოჩენისთვის ამზადებს. ტარტიუფის ვერაგობა საბოლოოდ უკიდურეს ცინიზმს აღწევს, თუმცა ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. ეს უკვე რეჟისორის სურვილებია, რომელსაც სურს გაექცეს არსებულ რეალობას და ცოტა მაინც, თუნდაც სცენიდან მაინც იოცნებოს იმაზე, რაც მხოლოდ ოცნებაში შეიძლება ახდეს.

ლაშა ჩხარტიშვილი