სიახლე დეტალურად

როცა ტვინი არ ბერდება... ლაშა ჩხარტიშვილი

„გრონჰოლმის მეთოდი“ - თემურ ჩხეიძის ბრწყინვალე სპექტაკლია მარჯანიშვილის თეატრში. უაღრესად აქტუალურ პრობლემებზე და მნიშვნელოვნად საყურადღებო მომავალზე. ამ სპექტაკლზე რეცენზია რომ დაწერო, მაშინ უკიდურესად მაგარი თეატრმცოდნე უნდა იყო, რა დასანანია, რომ მე ასეთი არ ვარ,  სანამ დროა მოასწარით და ნახეთ ეს გრძელი, მაგრამ საოცრად ცოცხალი სპექტაკლი დაძაბული სიუჟეტით და არაჩვეულებრივი არტისტებით!!!“ - ასე გამოვეხმაურე სოციალურ ქსელში თემურ ჩხეიძის ახალ სპექტაკლს, რომლის პრემიერაც ამ სეზონის მიწურულს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა. რეცენზიის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ ზემოხსენებულ სპექტაკლზე.
თემურ ჩხეიძის ეს სპექტაკლი ნებისმიერი თეატრის კრიტიკოსისთვის განსაკუთრებული კვლევის საგანი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სპექტაკლში ერთ სიბრტყეში დროის ერთ გარკვეულ მონაკვეთში ვითარდება, ზედმეტი მუსიკალური თანხლების და სტატიკური დეკორაციის (მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი) ფონზე. არც არტისტებია შენიღბული გრიმით,  სათეატრო კოსტიუმებით და არც რაიმე განსაკუთრებულ რეჟისორულ მეტაფორა-მიზანსცენებთან გვაქვს საქმე (თუ არ ჩავთვლით გასაოცარ და მოულოდნელ ფინალს), არც სპექტაკლში მონაწილე ოთხი არტისტი ნიკა თავაძე, ეკა ჩხეიძე, ალეკო მახარობლიშვილი და აპოლონ კუბლაშვილი მღერიან და ცეკვავენ მაყურებელი რომ შეიქციონ. მაშინ რაშია საქმე? რატომ გარინდულა დარბაზი ორ საათზე მეტ ხანს შესვენების გარეშე დარბაზში და სუნთქვაშეკრული მისჩერებია სცენას? ეს თემურ ჩხეიძის უნივერსალური რეჟისურაა; სადა, მაგრამ უაღრესად ღრმა პლასტებით, ადამიანების სულების გაშიშვლება-ჩვენებით სათეატრო შთამბეჭდავი ტრიუკებისა და ეფექტების გარეშე.  აქ ერთადერთი თეატრალური თხრობის ხერხი და ეფექტი მაღალი ხარისხის სიმართლეა, არავითარი თამაში. ჩვენს წინ დგანან შიშველი მსახიობები და რეჟისორი, რომლებიც გვიყვებიან ერთ შემაწუხებელ, ამავდროულად განსაცვიფრებელ ისტორიას.

ჟორდი გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“  კატალონიელი დრამატურგის ის თანამედროვე პიესაა, რომელიც ბოლო დროს ყველაზე მეტად მოეწონა თემურ ჩხეიძეს. როგორც რეჟისორი ამბობს, დეტექტივის პრინციპით დაწერილმა პიესამ მასში დასმული პრობლემით ის შეძრა. როგორც ჩანს რეჟისორის განცდა იმდენად დიდი იყო, რომ ის ჯერ მსახიობებს, შემდეგ კი მაყურებელსაც გადასდო.
ამ სპექტაკლის მოკლე შინაარს შეგნებულად არ გიყვებით, რათა ჩემი მონათხრობით მეშინია არ დაკარგოთ სპექტაკლის ნახვის ინტერესი, თუმცა გეტყვით, რომ სცენაზე გათამაშებული, უფრო სწორად სიმართლესთან მაქსიმალურად მიახლოებული თამაშის ხერხი და ისტორია, რომელსაც რეჟისორი მოგვითხრობს აგაღელვებთ, განგაცვიფრებთ და ისტორიაში ჩაგითრევთ. სპექაკლის მოქმედი პირები თავიანთ მრავალსახეობას აჩვენებენ, მათი მეტამორფოზები კი მუდმივად მოულოდნელია მაყურებლისათვის. ამ სამყაროში ყველა ყველას აკვირდება და სწავლობს. თითოეული ეპიზოდის დასასრული მორიგ სიუპრიზს გვთავაზობს. ეს მოულოდნელობა კი გიზიდავს და გითრევს სიუჟეტში, სულ იმის მოლოდინში ხარ ნეტა რა მოხდება... გათამაშებულ ამბავში ზოგიერთ მათგანს  უთანაგრძნობთ, ზოგზე კი საშინლად გაბრაზდებით...
თემურ ჩხეიძემ თავის სპექტაკლში ცივილიზებული მსოფლიოს გლობალური პრობლემა დასვა, რომელიც წინასწარ გვამზადებს მომავალთან. სპექტაკლი გვაფიქრებს და არჩევანის წინაშე გვაყენებს. თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს რა არის მისთვის ღირებული, უნდა აწონ-დაწონოს სიტუაცია, რათა ჩვენს მიერ გადადგმულმა თითოეულმა ნაბიჯმა რაიმე ფათერაკს არ გადაგვყაროს. სპექტაკლი არეგულირებს ადამიანის უფლებების ზღვარს, რამდენის უფლება აქვს მას და რა დროს, რათა არ გადათელოს სხვა ადამიანის უფლებები და ღირსებები. თემურ ჩხეიძე ჩვენს თანამედროვე სამყაროს ხატავს, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს სამყარო კი ფარისევლობით, ტყუილით, მეტოქეობით, უემოციობით გაჟღენთილი სამყაროა, რომელშიც ძნელია დაადგინო სად არის სიკეთე, სიმართლე, გულწრფელობა, ღირსების შეგრძნება. ფორმის და სტილისტიკის თვალსაზრისით კი თემურ ჩხეიძის სპექტაკლი ე.წ. „კინოშნიკებსაც“ კი გააოცებს და დააჯერებს, რომ თეატრი მხოლოდ ეგზოტიკა და რომანტიკა კი არ არის, არამედ ჩვენი ცხოვრების ნამდვილი მხატვრული სახე.
როცა ტვინი, შესაბამისად აზროვნება და მსოფლმხედველობა  არ ბერდება ეს ბედნიერებაა და იშვიათი შემთხვევა ჩვენს რეალობაში. თემურ ჩხეიძე კი, რომელმაც მოღვაწეობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, ჩვენი თანამედროვეა და უფრო მეტიც, მომავალიც. შეიძლება ახლა ჩემი შეფასება გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა სპექტაკლს ნახავთ, აუცილებლად დამეთანხმებით.

P.S. ვიცი ემოციებს და გრძნობებს აყოლილი წერილია, მაგრამ ასე ემოციურია თემურ ჩხეიძის სპექტაკლიც. ასე, რომ ჩემი მოჭარბებული ემოციურობა თემურ ჩხეიძის „ბრალია“ და არა ჩემი. 
და კიდევ, ამ სპექტაკლის მოკლე შინაარსის, თუნდაც ანოტაციის დონეზე მოყოლა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში სიუჟეტს ყოველგვარი ეფექტი (ინტერესი, ინტრიგა) ეკარგება. 

ლაშა ჩხარტიშვილის ბლოგი Lasha Chkhartishvili's Blog