სიახლე დეტალურად

სამი მეგობრის პორტრეტი

ინტრიგამოკლებული სათაური,
ნაკლებადცნობილი დრამატურგი,
გაცვეთილი პრიბლემები . . . მაგრამ
ბრწყინვალე რეჟისორი და მხოლოდ
სამი მსახიობი. ამ სინთეზით თემურ 
ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრში 
პრემიერაზე მაყურებელი მოხიბლა


ს ა მ ი  მ ე გ ო ბ რ ი ს  პ ო რ ტ რ ე ტ ი

რა შეიძლება სამ განსხვავებულ
მამაკაცს წლობით აკავშირებდეს? რა
თქმა უნდა, მეგობრობა. რა
შემთხვევაში შეიძლება სამი საათის
განმავლობაში სცენაზე მხოლოდ სამ
მსახიობს გაუძლო? როცა ისინი
უნაკლოდ თამაშობენ.
მარჯანიშვილელთა წლევანდელმა
პრემიერამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ კარგ
რეჟისორსა და კარგ მსახიობებს  
მაშინაც შეუძლიათ მაყურებლის მოხიბვლა, როცა
სცენიდან ძალზე გაცვეთილ
პრობლემებზე გვესაუბრებიან 

 თემურ ჩხეიძემ ფრანგი დრამატურგის იასმინა რიზას ერთმოქმედებიან პიესაზე `ხელოვნება~ ალბათ უფრო იმიტომ შეაჩერა არჩევანი, რომ გვერდით სამი კარგი  მსახიობი ეგულებოდა. ზურაბ ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი და ალიკო მახარობლიშვილი იმ სამ მამაკაცს განასახიერებენ, რომლებიც  განსხვავებული ინტელექტისა თუ ტემპერამენტის შესაბამისად მათ შორის წარმოქმნილ კონფლიქტს  ასევე განსხვავებულად დაძლევენ. დაპირისპირების მიზეზი, როგორც ყოველთვის, უმნიშვნელოა. გაცილებით მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ფაქტის თუ პერსონის შეფასების  კრიტერიუმების დადგენა. ყველაფერი იმით იწყება, რომ თანამედროვე ხელოვნების აპოლოგეტი, პროფესიით ექიმი-დერმატოლოგი სერგო (მიშა გომიაშვილი) ანტრიაძის `შედევრს~ - ჩარჩოზე კარგად გადაჭიმულ თეთრ ტილოს  საკმაოდ ძვირად  იყიდის. როგორც მოგვიანებით ირკვევა, მას მხოლოდ სნობური ამბიციები არ ამოძრავებს. სინამდვილეში `ანტრიაძის თეთრი~ მხოლოდ ტილოს ნაჭერია თუ მასში ფერთა ფართო სპექტრი უნდა შევნიშნოთ – ანუ შეიძლება თუ არა თანამედროვე ხელოვნებას იმავე კრიტერიუმებით მივუდგეთ, რითაც კლასიკურ ხელოვნებას ვაფასებთ? ერთი შეხედვით უმტკივნეულო თემებზე კამათი ნელ-ნელა კულმინაციას აღწევს და საბოლოოდ კონფლიქტში  გადაიზრდება.კლასიკური ხელოვნების მოტრფიალე მამია, რომელსაც ნიჭიერ ავიაინჟინრად იცნობენ (ზურაბ ყიფშიძე) არათუ უარს არ  ამბობს საკუთასრ პრინციპებზე (მისთვის `ანტრიაძის ტილო~, მეტი რომ არა ვთქვათ ნაგავია). არამედ მზადაა, მრავალწლიან მეგობრობას წერტილიც კი დაუსვას. როგორ იქცევა მესამე – ქსოვილების სპეციალისტ, რომელიც ამჟამად საკანცელარიო საქონლის საბითუმო ვაჭრობაშია დაკავებული> ივანე (ალიკო მახარობლიშვილი) ან იმდენადაა დაკავებული თავისი პრობლემებით, ან იმდენად ინდეფერენტული გახლავთ ბუნებით, რომ ცალ-ცალკე ორივეს ეთანხმება და მზადაა, საბოლოოდ ჯოხი მასზე გადატყდეს, მერე კი თავი იმით დაიმშვიდოს, რომ მომხდარზე ფსიქოთერაპიის სეანსზე იმსჯელოს. ირონია ზიგმუნდ ფროიდის მიმართ შემთხვევითი არაა. სინამდვილეში ამ ირონიის მიღმა დოქტორ ფროიდის გავლენა იგრძნობა და საკითხი ასე კი არ უნდა დავსვათ – თანამედროვე ხელოვნება სძლევს კლასიკურს თუ პირიქით, არამედ ასე – რამ გამოიწვია სინამდვილეში დაპირისპირება (იქნებ სიძულვილიც) სამ მეგობარს შორის? მაგრამ ფსიქოანალიტიკოსების პროგნოზი არ მართლდება: ცინიკოსი მამია, ლიბერალი სერგო და მიამიტი ივანე  ამბიციებს იოკებენ და  . . . ერთად მიდიან სავახშმოდ. ისინი ჭეშმარიტებასთან მეგობრობას პლატონთან მეგობრობას არჩევენ, თუმცა არც ჭეშმარიტების დაგმობას აპირებენ.
`გუშინდელნის~, `სამანიშვილის დედინაცვლის~, `ჰაკი აძბას~, თუ `მამის~ დამდგმელი მაესტრო კვლავინდებურად არ ღალატობს ტრადიციას და აკადემიური სტილის ერთგული რჩება. პიესა, რომელსაც სხვა რეჟისორი ხელოვნების დანიშნულების გასარკვევად გამოიყენებდა, თემურ ჩხეიძემ დიდაქტიკურ შეგნებად აქცია – გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მაშინაც კი, როცა უკან დასახევი გზა მოჭრილია. სამივე მსახიობი რეჟისორის დირექტივებს ფრიადოსანი  მოსწავლესავით ასრულებს და სახასიათო როლების დაძლევას ადვილად ახერხებს. ზურაბ ყიფშიძე ამჯერადაც უნაკლოდ ასრულებს ნევრასთენიკი ინტელექტუალის როლს. მაგრამ ამ მართლაც ნიჭიერ მსახიობს ბოლო ხანს ისე დასჩემდა მხოლოდ ეს ამპლუა, არ გაგვიკვირდება, თუ ბოლოს და ბოლოს ისიც იმ მსახიობთა სიაში  მოხვდება, ვინც ერთხელ მორგებული ნიღბის მოხსნას ვერ ახერხებს. სტრინდბერგის შარშანდელი პრემიერის შემდეგ განსხვავება ყიფშიძის `მამასა~ და `მამიას~ შორის მხოლოდ ისაა, რომ პირველი დედაკაცსა და  მამაკაცს შორის პირველობის მსხვერპლი ხდება, მეორე კი პრიორიტეტების  განსაზღვრას ეწირება, მაგრამ  მისი ზედმეტად მანერული ჟესტები და მოჭარბებული იმპულსურობა მსახიობს ბოლომდე გამოუყენებელი ვარსკვლავის იარლიყის  მიკვრით ემუქრება. მიშა გომიაშვილის თამაში თითქმის უნაკლოა, თუმცა ხაზგასმული ფამილარობა მსახიობსა და აუდიტორიას შორის გვაფიქრებინებს, რომ მსახიობი მიშა გომიაშვილი და დერმატოლოგი სერგო ერთმანეთისგან არაფრით  განსხვავდებიან. რაც შეეხება ალიკო მახარობლიშვის, მის შესრულებაში აშკარად იგრძნობა პათეტიკური ტონის უგულებელყოფა და იმ პროვინციული ელფერის დაძლევის სურვილი, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაჰკრავთ ქართველ მსახიობებს.  სამივე პერსონაჟი, ცოტა არ იყოს, ზედმეტად მოძრაობს სცენაზე, რისი მიზანიც ალბათ ზედმეტი ხარვეზების მიჩქმალვაა. ამიტომ იური გეგეშიძის სცენოგრაფიის დასაგემოვნებლად ნაკლები დრო რჩება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თბილისსა და პეტერბურგს შორის გაბმული თემურ ჩხეიძე ერთ-ერთ ყველაზე  პროდიქტიულ რეჟისორად Iთვლება, რაც პირდაპირ აისახება ხოლმე დადგმული სპექტაკლების  ხარისხზე.  სეზონი მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში წარმატებულად გაიხსნა. იუმორით გაჯერებული დრამატურგია, დახვეწილი რეჟისურა და პროფესიონალ მსახიობთა ანსამბლი დღევანდელ სპექტაკლს სამომავლო და სრულ ანშლანგს  თუ არა, ცარიელ დარბაზში თამაშის საფრთხეს მაინც არ უქადის.                                   

          სოფიო თოდუა