BEGALUT - უცხოობაში - ნოდარ გურაბანიძე

BEGALUT - უცხოობაში - ნოდარ გურაბანიძე

BEGALU - უცხოობაში!
რეჟისორი: ლევან წულაძე

ლევან წულაძემ ამჯერად ორი სახელოვანი ებრაელის, შალომ ალეიხემის და ქართველი მწერლის, გურამ ბათიაშვილის მხატვრულ სამყაროს მიაპყრო თავისი ყოვლისმხედველი თვალი და ამ დიდად ნიჭიერმა ხელოვანმა (საგანგებოდ ხაზს ვუსვამ სიტყვა ხელოვანს, რადგან ამ შემთხვევაში, იგი უფრო მეტია, ვიდრე თეატრალური რეჟისორი) სულ სხვა რაკურსით შემოგვიბრუნა `ბედისწერის მწარე ფანტომისგან~ (გალაკტიონი) დევნილ ებრაელთა ცხოვრება.

გ. ბათიაშვილის დრამატურგიასა და პროზაში შესანიშნავადაა დახატული ამ უკვდავი ერის სულიერება, მისი ტოლერან­ტობა, სულგრძელობა, გრძნობა მადლიერებისა და სიბრძნე მისი გამორჩეული შვილებისა. გადაიკითხეთ მისი რჩეული თხზულებების ოთხი ტომი და დამეთანხმებით, რომ იგი დრამატული კონფლიქტის მოქმედებაში გაშლის ოსტატობის გარდა, დაჯილდოვებულია ეპიკური თხრობის, რომანტიკული თავგადასავლებისა და სამიჯნურო გზნების ამაღელვებელი და წარმტაცი ფათერაკების გადმოცემის ნიჭითაც. აქ მისი ემოციური ტემპერამენტი და ისტორიული ობიექტურობა სრულ ჰარმონიაშია, ხოლო კლასიკოსი შალომ ალეიხემის მთელი შემოქმედება აღსავსეა დაუვიწყარი, შეიძლება ითქვას, თავზარდამცემი ტრაგიზმით, რაც ებრაელობამ თავისი არსებობის გრძელ გზაზე გადაიტანა. თუ შევაჯერებთ ჩვენი თანამედროვის, გურამ ბათიაშვილისა და გასული საუკუნის კლასიკოსის, შალომ ალეიხემის შემოქმედების მთავარ მოტივებს (რაზედაც არის აგებული სპექტაკლი) მაშინ, შევძლებთ ჩავწვდეთ ებრაელობის სუბსტანციას: მცირე გამონაკლისის გარდა, ისინი მარად `უცხოობაში~ იყვნენ, მაგრამ ვერაფერმა შეარყია ერის სული, ვერ შეცვალა მისი ცხოვრების წესი. უკიდეგანო სივრცეში ყოველთვის ახერხებდნენ თავიანთი `მიკრო-სამყაროს~, ანუ, მშობლიური სამყაროს, შექმნას. ვერც უდაბნოს სპლინმა, ვერც აპოკალიფსის მძაფრმა მხედრობამ, `პოგრომებმა~, ვერც `ჰოლოკოსტმა~ ვერ ჩააქრო მასში ღვთაებრივი ცეცხლი შემოქმედებისა. დღეს ეს ცეცხლი ლ. წულაძემ დააგზნო მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და ამ ცეცხლის შუქმა ახალი ძალით და ელვარებით გაანათა წარმტაცი და ღრმა აზრის შემცველი სანახაობა, გასაოცარი თავისი მოულოდნელობით და მრავალსახეობით.

შეიძლება აქ გაგვეხსენებინა კიდევ ერთი დიდი ებრაელი, გენიალური მხატვარი მარკ შაგალი, რომლის ირაციონალური ალუზიები და  აბსტრაქციები პლასტიკურადაა განსხეულებული სპექტაკლში. აქაც, ისევე როგორც შაგალის ფერწერაში, გადალახულია გრავიტაციის კანონები და მთელი დასი უჩვეულო, ჰაეროვანი სიმსუბუქით მოძრაობს (ეს განსაკუთრებით ითქმის შეყვარებულთა წყვილებზე) თვით ის რიტუალური სუპერ ქათამიც კი, მიუხედავად თავისი შთამბეჭდავი ფორმებისა, თითქოს, შაგალის ფერწერული ხილვების სამყაროდანაა მოფრენილი (პარიზის `გრანდ ოპერის~ გრანდიოზულ, შაგალისეულ პავილიონზე, ჰაერში მონავარდე ჟიზელების, ვილისების, თავდაყირა მოფარფატე გედებისა, თუ ფერიების გვერდით ერთი ქათამიც მოჩანს) ეს ორმოქმედებიანი, უსიტყვო სპექტაკლი-სანახაობა, მიუხედავად თავისი ხანგრძლივობისა, ერთი ამოსუნთქვითაა შექმნილი, თავბრუდამხვევი ეპიზოდები ისე მიჰქრიან დასასრულისაკენ, რეჟისორი, ცდილობდა, მოუხელთებელის მატერიალურ განსხეულებას. მართლაც, წარმოსახვისა და რეალობის ზღვარზეა ყველაფერი. რაც აქ ხდება, შეიძლება მხოლოდ თეატრში მოხდეს, ამიტომაც, მით უფრო სარწმუნოა და `ნამდვილი~, რასაც ვუყურებთ. სცენის მარჯვენა მხარეს დიდი, სარკიანი კარადიდან უსასრულოდ გამოდიან ახალი პერსონაჟები. ეს ჯადოსნური კარადაა, რადგან სინამდვილეში შეუძლებელია მისი სივრციდან დაიბადოს ამდენი სხვადასხვა აღნაგობისა ან, ზოგჯერ, უცნაურად ჩაცმულთა ლეგიონი. გამოსვლისთანავე იწყება პლასტიკური ეტიუდების კასკადი, რიტუალების მთელი სერია, დაწყებული დაბადებიდან (ნეკა სებისკვერაძის მიერ შესრულებული ებრაული "იავნანა", სულისშემძვრელია) საქორწილო ზეიმიდან და დამთავრებული ძალადობისა, თუ სიკვდილის პირქუში სცენებით. აქ, მაყურებლის თვალწინ, ებრაული საცეკვაო ფოლკლორის სული ცოცხლობს, თვით უმცირეს დეტალებში, თავის მიტრიალებაში, კიდურების მოძრაობაში, მთელი სხეულის ყოველ კუნთში, ხელის მტევნის პლასტიკაში, გამოსჭვივის ემოციური განწყობა. და, რაც მთავარია, აზრი. აქ, უეჭველად, ქორეოგრაფ გია მარღანიას დამსახურებასაც უნდა გავუსვათ ხაზი. იგი ზედმიწევნით გრძნობს ეპიზოდის სულისკვეთებას და მოძრაობათა პლასტიკით, თავის მხრივ, შესაბამის ატმოსფეროს ქმნის. ამ მხრივ, მე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასოციაციების წყალობით, მაგონდება გენიალური ქორეოგრაფის, იური შერლინგის მიერ შექმნილი ებრაელ მოცეკვავეთა ანსამბლის რიტუალური ცეკვები, აღსავსე აზრით და დაუვიწყარი პლასტიკურობით. კომპოზიტორმა და დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ შეთხზა იმგვარი მუსიკა, რომელმაც სპექტაკლის სტილისტიკისა და საერთო განწყობის შექმნისათვის უმთავრესი როლი შეასრულა. აქ ჟღერს როგორც ე.წ. `კონკრეტული მუსიკა~, ასევე დრამატიზმითა და ლირიზმით გამსჭვალული მელოდიები. ისეთი შთაბეჭდილებაც კი შემექმნა, რომ ზოგიერთი ეპიზოდი სწორედ მისი მუსიკითაა შთაგონებული.

თითქოს ყველაფერი ზეიმს მოუცავს, ყველა მონაწილე ჩართულია სპონტანურად აღმოცენებულ კარნავალში. ყველა გახარებული და ბედნიერია, თითქოს წამიერად ზურგი შეაქციეს ცხოვრების ყოველდღიურობას, თითქოს ისინი მხოლოდ ბედნიერებისთვის არიან შექმნილნი და ოპტიმისტური სულისკვეთებით შეპყრობილნი ტკბებიან საკუთარი სილამაზით და სიჯანსაღით. მიუხედავად იმისა, რომ აქ არის სიყვარულის კრახიც და ღალატიც, იმედგაცრუებაც და შოკისმომგვრელი სტრესებიც, მაგრამ სიხარულით ტანჯვის დაძლევის გზა უსასრულო არ არის... ჯერ მკრთალად ჟღერს თემა ბედისწერისა, რომელიც თავს დასტრიალებდა მათ კარნავალურ ცხოვრებას, იმის ნაცვლად, რომ გაფრთხილებულიყვნენ, პირიქით იქცეოდნენ, ცდილობდნენ ამ პირქუში, უხეში ძალის მოთვინიერებას და მის საზეიმო ფერხულში ჩაბმას... მაგრამ განა შეიძლება სიძულვილით სავსე ტლანქი ძალის სიკეთისაკენ შემობრუნება?!

და იწყება ე.წ. „პოგრომი", რომელმაც მთელი თავისი სისასტიკე, შური, ბოროტება გადმოანთხია. სპექტაკლის ეს სცენა დასჯისა აგებულია პოლიფონიურ პრინციპზე _ ერთმანეთს უპირისპირდება და ამავ დროს ერთმანეთს ერწყმის სხვადასხვა ხმები, მუსიკა, სასოწარკვეთილთა ტრაგიკული ამოძახილი, მოძალადეთა ველური ღრიალი, არაადამიანური სიძულვილით გამსჭვალული დამსჯელთა ექსტაზი. ერთი მხრივ, მედგარი და უტეხი წინააღმდეგობა, მეორე მხრივ _ თითქოს ყველაფერი დასრულდა, თითქოს უკუნი ღამე უნდა ჩამოწვეს, მაგრამ არა, შეუძლებელია იმ ხალხის დამარცხება, ვინც ყოველდღიურობაში მარადიულს ჭვრეტს, ვისაც ძალუძს ყოფიერების ყველა დეტალს რიტუალური აზრი მიანიჭოს და, ბოლოს, ის, ვინც დამარცხებაშიც მზადაა მომავალი გამარჯვების ზეიმისთვის.

ნოდარ გურაბანიძე