რეპორტაჟი რეპეტიციიდან – ლაშა ჩხარტიშვილის ბლოგპოსტი!
რეპორტაჟი რეპეტიციიდან – ლაშა ჩხარტიშვილის ბლოგპოსტი!
რეპორტაჟი რეპეტიციიდან – ლაშა ჩხარტიშვილის ბლოგპოსტი
მაშინ, როცა თეატრები სეზონებს ხურავენ და მაყურებელი ცხელი, მშფოთვარე და აქტიური თეატრალური ცხოვრებისგან ისვენებს, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობა არ წყდება და ახალი სპექტაკლისთვის ემზადებიან. ზაფხულის ცხელ დღეებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე თანამედროვე დრამატურგის ლაშა ბუღაძის რადიოპიესას „ნავიგატორი“ დგამს…
თეატრში რეპეტიციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ე .წ. „სამორიგეო შესასვლელით“ შევდივარ, სადაც თეატრის დაცვის სამსახური დგას. შენობაში შესვლისთანავე მსახიობი ნიკა კუჭავა შემოგვხდა, რომელმაც, როგორც ჩანს, მსახიობთაგან ყველას დაასწრო მოსვლა. მათ ვესალმები და თეატრში შევდივარ. იარუსებზე ვიპარები ისე, რომ არავინ შემნიშნოს, იქედან გადავყურებ სცენას, რომელსაც თეატრის ტექნიკური სტაფი სარეპეტიციოდ ამზადებს. იარუსებზე ბნელა, ვერავინ მამჩნევს, მეც მოვკალათდი ისეთ ადგილას, რომ რეპეტიციასაც ვადევნო თვალი და თან მათთვის ვიყო შეუმჩნეველი.
რეპეტიცია 12 საათზეა ჩანიშნული, სცენაზე სცენის ტენქიკური მუშაკები ჯერ კიდევ დაუსრულებელ დეკორაციას ამზადებენ და არის ერთი ჟრიამული, ისინი აშკარად ენერგიულად გამოიყურებიან და მხიარულობენ. ერთმანეთს ანეკდოტებს უყვებიან. მათ მსახიობი ნიკა კუჭავაც შემოურთდა, ყველას მიესალმა და სცენაზე ავიდა. ყველა მოიკითხა, სცენა მოიარა, დეკორაციას თვალი და ხელი შეავლო, თითქოს რაღაცეები მოზომა და კულისებისკენ მიაშურა.
სცენის დეკორატორ–მემონტაჟეებს მალევე შემოურთდნენ სხვა პერსონალიც: სპექტაკლის ტექნიკური რეჟისორი, დამლაგებლები, გამნათებელი, ხმის რეჟისორი… ეტაპობრივად გამოჩნდნენ მსახიობებიც, რომლებიც არა მხოლოდ თეატრის თანამშრომლებს, არამედ სცენასაც ესალმებოდნენ თითქოს. ამ ჟრიამულში უცებ გაისმა ერთ–ერთის შეძახილი: მოვიდა!!! და რამდენიმე წამში სცენაზე ლევან წულაძე შემოვიდა, რომელმაც მისალმების შემდეგ დამხდურთ ანეკდოტი მოუყვა, რითაც გულიანად გადაახარხარა ტექნიკური ჯგუფი და გაამხიარულა კიდეც. რეჟისორმა დეკორაციას მიაშურა. ლევან წულაძე თავად ამოწმებს დეტალებს და აკვირდება დეკორაციის მონტაჟის პროცესს. ის თავისივე ხელით ცდის დეკორაციის ტექნიკურ შესაძლებლობებს და დეკორატორ–მემონტაჯეებთან ერთად ცდილობს იპოვოს გამოსავალი, რათა დეკორაციამ მრავალფუნქციური დატვირთვა შეიძინოს, გახდეს ქმედითი და დინამიკური.
სცენა რეპეტიციისთვის მზადაა. ტექნიკური რეჟისორი მსახიობებს უხმობს და იწყება რეპეტიცია. ლევან წულაძე ჯერ აკვირდება კონკრეტული ეპიზოდის დინამიკას, შემდეგ თავიდან უბრუნდება მას და მსახიობებს ახალ რეკომენდაციებს, ე.წ. ამოცანებს აძლევს. რეპეტიცია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რამდენიმე საათის შემდეგ ლევან წულაძე შესვენებას აცხადებს. სწორედ ამ პაუზის ვიხელთეთ და მას და დრამატურგს ლაშა ბუღაძეს რამდენიმე კითხვაც დავუსვით:
ლევან წულაძე: ძალიან მომეწონა პიესა. თუ არ ვცდები, ეს მოხდა დიდი ხნის, 5–6 წლის წინ, როლები გავანაწილე კიდეც, წავიკითხეთ, ცოტა შემეშინდა დადგმა… ვიგრძენი, რომ ასე მოუმზადებელი დადგმა არ შეიძლებოდა, ვინაიდან პიესას აქვს თავისებური რიტმი, მოდი ასე ვთქვათ, ლაშა ბუღაძისეული… პარალელურად სხვა პროექტებიც დაემთხვა და მუშაობა შევაჩერეთ.
„ნავიგატორის“ დადგმა განვიზრახეთ მისი სცენების მოზაიკურობის, რადიოპიესის სფეციფიკურობის და სხვა საინტერესო ფაქტორების გამოც. მთავარი მაინც პიესის თემაა, ვინაიდან ადამიანის მარტოობის თემა ჩემთვისაა ძალიან ახლობელი. წლები გავიდა და კვლავ მივუბრუნდი. ახლა ამ პიესას სხვაგვარად დავდგამთ. ამ სპექტაკლზე მუშაობენ ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე. ისინი არაჩვეულებრივ ელექტრონულ მუსიკას ქმნიან და სპექტაკლის კონცეფციიდან გამომიდნარე მათთან გადავწყვიტე მემუშავა. სპექტაკლის მუსიკალური ნაწილი, ვფიქრობ, საინტერესო გამოვა. თანაც პიესის ავტორთან ერთად პიესას დავამატეთ დასაწყისი. გადავწყვიტეთ ასე, რომ მთავარი გმირი როსტომი თითქოს სამი წელია არ გასულა სახლიდან და მან არც კი იცის როგორაა შეცვლილი სამყარო. სპექტაკლს ვიწყებთ დირექტორის ზარით, როცა როსტომს უცხადებს, რომ ის რეგიონებში უნდა წავიდეს მივლინებაში. მისი პირველი ნაბიჯი ამ სამყაროში არის ძალიან რთული, რადგან სრულიად განსხვავებული და ახალი, სილიკონის სამყარო, ხელოვნური საზოგადოება აღმოჩნდება მის წინ.
ლაშა ბუღაძე: როცა ვწერდი, ვფიქრობდი რადიოზე და ვცდილობდი, ტექსტი მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის არ ყოფილიყო გასაგები. სწორედ ამ პიესაში ვცადე, რომ ჩემთვის აქამდე უჩვეულოდ მოკლე, “ეკონომიკური” რეპლიკებით ამელაპარაკებინა პერსონაჟები. როგორც აღმოჩნდა, პიესა “ვიზუალურიც” აღმოჩნდა. ერთ-ერთმა კინოკომპანიამ რამდენიმე წლის წინ მისი ეკრანიზაციის უფლებაც შეიძინა. ახლა მას ლევან წულაძე დგამს მარჯანიშვილის თეატრში და როსტომის, ანუ მთავარი გმირის ორ რეალობას კიდევ ერთ იმიტაციურ სინამდვილეს – თოჯინურ სამყაროს (თუ “ანტისამყაროს”) უმატებს. ლევანთან მუშაობა ძალიან საინტერესო და სასარგებლოა, განსაკუთრებით იმ კუთხით, თუკი გაინტერესებს უყურო და დააკვირდე იმ პროცესს, როგორ ხდება თითოეული სიტყვა ქმედითი და სცენიური… საერთოდაც, მე სწორედ იმ რეჟისორებთან მიყვარს მუშაობა, ვისგანაც რაღაცის სწავლა შემიძლია, ლევან წულაძე კი ამ მხრივ მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებაა.
ლევან წულაძე: ლაშა ბუღაძის პიესა არ არის მხოლოდ კიბერსივრცეზე და ტექნო საზოგადეობაზე. საერთოდ, ეს პრობლემა, რომელიც პიესაშია დასმული, ორი საუკუნის ისტორიაა, როცა დაიწყო ინდუსტრიალიზაცია, როცა ადამიანი გახდა ნაწილი დიდი მექანიზმის. სახელმწიფო გადაიქცა ამ მექანიზმად და არა ადამიანთა არსებობის საფუძვლად. შეიქმნა სისტემა, რომელმაც დაწერა ახალი კანონები და სისტემა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ადამიანი. დაიწყო ადამიანების მანქანად გადაქცევის პროცესი. ამ დროს ადამიანს უნდა ამ კანონების წინააღმდეგ გალაშქრება, მაგრამ ვერაფერს ხდება ვერც მიკრო სამყაროში. ჩვენს დროში ადამიანი აღარაა მთავარი, სისტემა უფრო მნიშვნელოვანია. ეს პროცესი კი რაღაც მექანიზმად იქცა. ადამიანი ცდილობს ხმა აიმაღლოს ამ პროცესის წინააღმდეგ, მაგრამ ვერაფერს ხდება, რადგან სისტემა კალოსავით ლეწავს მას. მეამბოხე არის განწირული ბრძოლაში, მიკრო სამყაროშიც და გლობალურშიც. „ნავიგატორი“ მაგონებს გოგოლის „შეშლილის წერილებსაც“, სადაც ადამიანის ამბოხია თავისუფლებისაკენ, რათა მან მოიპოვოს ბედნიერება და ეს გზა სიგიჟის გზაა. ასე გახდა ის თავისუფალი და ბედნიერი… ასევე, რაღაცით მაგონებს კაფკას „პროცესს“, „ციხესიმაგრეს“, როცა ადამიანი ჭანჭიკია გარკვეული მექანიზმის და იწყებს ამბოხს, რის გამოც იღუპავს თავს, მაგრამ თავისუფლებას მოიპოვებს.
ლაშა ბუღაძე: სანამ იდეა გაჩნდება, ანუ პოზიცია, თუ რისი გამოხატვა ან გამოთქმა მინდოდა ამა თუ იმ ტექსტით, მანამდე ჩნდება ან ფრაზა, ან სიტუაცია, ან პერსონაჟი. “ნავიგატორის” შემთხვევაშიც ასე იყო: ჩემი მეგობარი, რომელიც ჰოლანდიის მოწყენილ და უკაცურ დაბაში ცხოვრობს, დიდი ენთუზიაზმით და ინტონაციების ხშირი ცვლით ელაპარაკებოდა თავისი ნავიგატორის ხმას (მის შემთხვევაში, “მამაკაცისას”). მისი მანქანით მეც ხშირად მიმგზავრია და ერთხელაც მათი მოსმენისას ვიფიქრე, რომ ამ და ასეთი დიალოგიდან შესაძლოა ორიგინალური პიესა გამოსულიყო. პიესა მარტოობაზე და რაღაცნაირ ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ კომპენსაციებზე, სიყვარულზე, რომელიც რეალობაში არ გაქვს, მაგრამ ამგვარ სიმულაციურ “სინამდვილეში” წარმოიშვება. პრინციპში, პიესა არცთუ უსიმპათიო ფსიქოპატზეა, რომელიც ნავიგატორის ხმასთან ერთად გაექცევა მოსაწყენ, ცივ და რუტინულ რეალობას.
ლევან წულაძე: ლაშა ბუღაძის პიესის დადგმა სულაც არ არის იოლი, განსაკუთრებით „ნავიგატორის“, ამიტომაც ამ სპექტაკლში ეფექტური ვიზუალისთვის ვცდილობთ გამოვიყენოთ სხვადასხვა ხერხი: მულტიმედია, თოჯინები, უსიტყვო სცენები… რთული აღმოჩნდა ტექნოლოგიურად დიდი თოჯინების გამოყენება, მაგრამ პრემიერამდე ყველა სირთულეს გადავლახავთ… დიდი ხანია მინდა დავამყარო მეგობრული ურთიერთობა მულტიმედიასთან… ქართულ თეატრში ძალიან ხშირად ვხვდებით მას და თუ ის კარგი არ არის ნერვებს გიშლის, ამიტომაც მინდა, რომ თუკი მულტიმედიას ვიყენებთ, ის უნდა განხორციელდეს კარგად და ხარისხიანად…
ნიკა მაჩაიძე: თეატრში მუშაობა ძალიან საინტერესოა, მაგრამ მნიშვნელოვანია ვისთან მუშაობ. გააჩნია რეჟისორს, რამდენად გაძლევს ის თავისუფლებას. ლევან წულაძესთან მუშაობა კომფორტულია და ჩვენ ერთად მუშაობის მცირე გამოცდილებაც გვქონდა. ვინაიდან „ნავიგატორისთვის“ ტუსია ბერიძე აკეთებს მუსიკის 70%, მე ვქმნი ვიზუალს სპექტაკლისთვის. ვგულისხმობ, მულტიმედიას. ლევან წულაძესთან მუშაობა იმითაც არის გამორჩეული, რომ ის გაძლევს შედეგს, რა უნდა იყოს და ამ „დავალების“ ფარგლებში შენ გაძლევს სრულ თავისუფლებას. ფაქტობრივად ვიზუალი, რაც „ნავიგატორშია“ 50/50 ზეა, რეჟისორისა და ჩემი ერთობლივი ნააზრევია. ლაშა ბუღაძის ტექსტი რადიოპიესაა, ამიტომ პიესა თითქოს არ ითვალისიწნებს ვიზუალს. ამ ნაწარმოებზე მულტიმედიის შექმნისას, უფრო რეჟისორს დავეყრდენი, რა სურდა მას. განსხვავებულია ვიზუალზე და მუსიკაზე მუშაობის პროცესიც. მუსიკაში უფრო მეტი თავისუფლება გაქვს და ყველაფერი შენს შეგრძნებებზეა, სევდაზე, იუმორზე, გრძნობებზე, ვიდრე მულტიმედიაზე მუშაობისას.
ტუსია ბერიძე: თეატრში მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის. ეს არის ჩემი პირველი შეხება სცენასთან. აქამდე მიმუშავია კინოში. ასე თუ ისე ვიცი, რა და როგორი უნდა იყოს მუსიკა კადრისთვის, დაახლოებით მსგავსი პრინციპია თეატრშიც, იმ განსხვავებით, რომ მუსიკას თეატრში გაცილებით მეტი ემოციის და ეფექტის გამოწვევა შეუძლია. სხვა მუხტის და განწყობის შემოტანა შეუძლია. თავდაპირველად ლევან წულაძეს გავუგზავნე რამდენიმე რამდენიმე ტრეკი, რომელიც მოერგებოდა კონკრეტულ ეპიზოდებს. ვიყავი რეპეტიციაზე და ვინიშნავდი სად, რა დოზით და როგორ მუსიკას „ითხოვდა“ სპექტაკლის ესა თუ ის ეპიზოდი. პროცესში ბევრი რამ ჩანს. როდესაც ვუყურებდი მსახიობებს და სპექტაკლის თანმიმდევრობას რეპეტიციაზე, იბადებოდა იდეები და „ვავსებდით“ ეპიზოდებს მუსიკით. „ნავიგატორში“ ჭოლა იყენებს უკვე არსებულ რამდენიმე მუსიკალურ თემას, ნაწილიც კონკრეტულად, სპეციალურად ამ დადგმისთვის დაიწერა. იმას, რასაც რეჟისორი იყენებს, ელექტრონული მუსიკა ნაკლებად ქვია, უფრო კლასიკურ მუსიკას გავს, საორკესტრო და საფორტეპიანო ნაწარმოებებია.
თავად პიესის „ნავიგატორის“ ისტორია კი ასეთია: უპირველეს ყოვლისა, იყო ბრიტანული ბიბისი-ს რადიოპიესების კონკურსი, რომლისთვისაც ეს ტექსტი დაიწერა 2011 წელს. პიესა ინგლისურ ენაზე მაია ყიასაშვილმა თარგმნა და, ალბათ, კარგი თარგმანის წყალობითაც, 10 000 პიესას შორის მოიპოვა პირველი ადგილი. “ნავიგატორი” ერთი წლის განმავლობაში ტრიალებდა რადიო ბიბისის ეთერში, ხოლო მთავარი ხმა, ანუ პირველი როსტომი – ტობი ჯონსი იყო.
“ნავიგატორი” დაიდგა ნიუ-იორკშიც ახალგაზრდა რეჟისორ ადამ ნაითის მიერ (ირინე გაჩეჩილაძის მიერ ორგანიზებულ ქართული დრამატურგიის ფესტივალზე), საქართველოში ეს პიესა დათო საყვარელიძემ დადგა სოხუმის დრამატულ თეატრში, რომელსაც განსაკუთრებით კარგად ესმის ლაშა ბუღაძის პიესების პერსონაჟების…