გრონჰოლმის მეთოდი
გრონჰოლმის მეთოდი
„გრონჰოლმის მეთოდი“ - თუ გინდა შეისწავლო რა წინააღმდეგობები შესაძლოა მოყვეს ცხოვრებას, ჩასწვდე ადამიანებს ხასიათებში და შეისწავლო ის მოცემულ სიტუაციაში, მაშინ თემურ ჩხეიძის ეს სპექტაკლი უნდა ნახპო. „გრონჰოლმის მეთოდი“ -ის სპექტაკლია, რომელიც უაღრესად აქტუალურპრობლემებზე და მნიშვნელოვნად საყურადღებომომავალზეა დადგმული. ხანგრძლივობით საკმაოდგრძელი, მაგრამ საოცრად ცოცხალი სპექტაკლიდაძაბული სიუჟეტით და არაჩვეულებრივიარტისტებით გაიძულებს ის მეორედ ნახო და დააკვირდე: გექნება თუ არა იგივე რეაქცია, როგორც ეს მისი პირველად ნახვის დროს გქონდა.
თემურ ჩხეიძის ეს სპექტაკლი ნებისმიერი ტიპის მაყურებლისთვის კვლევის საგანი გახდება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რომელიმე დაწესებულების ხელმძღვანელია. მათთვის სპექტაკლი ნამდვილი ტრეინიგ-გაკვეთილია სამომავლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სპექტაკლში ერთ სიბრტყეში დროის ერთ გარკვეულ მონაკვეთში ვითარდება, ზედმეტი მუსიკალური თანხლების და სტატიკური დეკორაციის (მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი) ფონზე, სიუჟეტი დინამიკურად და გამძაფრებული ინტერესით ვითარდება. თემურ ჩხეიძე არ გვთავაზობს რაიმე განსაკუთრებულ ფოკუსს, არც არტისტებს ნიღბავს განსაკუთრებული გრიმითა, გამორჩეული სათეატრო კოსტიუმებით და არც რაიმე განსაკუთრებულ რეჟისორულ მეტაფორა-მიზანსცენებთან გვაქვს საქმე (თუ არ ჩავთვლით გასაოცარ და მოულოდნელ ფინალს), არც სპექტაკლში მონაწილე ოთხი არტისტი ნიკა თავაძე, ეკა ჩხეიძე, ალეკო მახარობლიშვილი და აპოლონ კუბლაშვილი მღერიან და ცეკვავენ მაყურებელი რომ შეიქციონ. მაშინ რაშია საქმე? რატომ გარინდულა დარბაზი ორ საათზე მეტ ხანს შესვენების გარეშე დარბაზში და სუნთქვაშეკრული მისჩერებია სცენას? ეს თემურ ჩხეიძის უნივერსალური რეჟისურაა; სადა, მაგრამ უაღრესად ღრმა პლასტებით, ადამიანების სულების გაშიშვლება-ჩვენებით სათეატრო შთამბეჭდავი ტრიუკებისა და ეფექტების გარეშე. აქ ერთადერთი თეატრალური თხრობის ხერხი და ფოკუსი მაღალი ხარისხის სიმართლეა, არავითარი თამაში. ჩვენს წინ დგანან შიშველი მსახიობები და რეჟისორი, რომლებიც გვიყვებიან ერთ შემაწუხებელ, ამავდროულად განსაცვიფრებელ ისტორიას.
ჟორდი გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“ კატალონიელი დრამატურგის ის თანამედროვე პიესაა, რომელიც ბოლო დროს ყველაზე მეტად მოეწონა თემურ ჩხეიძეს. როგორც რეჟისორი ამბობს, დეტექტივის პრინციპით დაწერილმა პიესამ მასში დასმული პრობლემით ის შეძრა. როგორც ჩანს რეჟისორის განცდა იმდენად დიდი იყო, რომ ის ჯერ მსახიობებს, შემდეგ კი მაყურებელსაც გადასდო.
თემურ ჩხეიძე: კარგა ხანია ასე პიესა არ მომწონებია, გამიჩნდა პიესის მიმართ იმდენად დიდი ინტერესი, რომ ვთქვი: მე იგი აუცილებლად უნდა დავდგა და რაც შეიძლება სწრაფად. პიესა თანამედროვეა, ის სულ რაღაც ექვსი, თუ შვიდი წლის წინ დაიწერა. პიესას რომ ვკითხულობდი შევშფოთდი, მინდა ჩემს მიერ განცდილის ნახევარი გრძნობა მაინც მივიტანო მაყურებლამდე. მე არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რაზეა ის. ვფიქრობ, თითოეული მაყურებელი საკუთარ დასკვნას გამოიტანს. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს, როგოც ეს მე დამემართა პიესის კითხვისას.
ამ სპექტაკლის მოკლე შინაარს შეგნებულად არ მოგიყვებით, რათა ჩემი მონათხრობით მეშინია არ დაკარგოთ სპექტაკლის ნახვის ინტერესი, თუმცა გეტყვით, რომ სცენაზე გათამაშებული, უფრო სწორად სიმართლესთან მაქსიმალურად მიახლოებული თამაშის ხერხი და ისტორია, რომელსაც რეჟისორი მოგვითხრობს აგაღელვებთ, განგაცვიფრებთ და გათამაშებულ ისტორიაში ჩაგითრევთ. სპექაკლის მოქმედი პირები თავიანთ მრავალსახეობას აჩვენებენ, მათი მეტამორფოზები კი მუდმივად მოულოდნელია მაყურებლისათვის. ამ სამყაროში ყველა ყველას აკვირდება და სწავლობს. თითოეული ეპიზოდის დასასრული მორიგ სიუპრიზს გვთავაზობს. ეს მოულოდნელობა კი გიზიდავს და გითრევს სიუჟეტში, სულ იმის მოლოდინში ხარ ნეტა რა მოხდება... გათამაშებულ ამბავში ზოგიერთ მათგანს უთანაგრძნობთ, ზოგზე კი საშინლად გაბრაზდებით...
კარგა ხანია მაყურებელს არ უნახავს ასეთი ლაღი და თვითდაჯერებული ეკა ჩხეიძე, მოაზროვნე და შეუვალი ნიკა თავაძე, მოჩვენებითი უშუალობით გამორჩეული ალეკო მახარობლიშვილი და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აპოლონ ყუბლაშვილი. ამ უკანსკნელისთვის დებიუტია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე.
თემურ ჩხეიძემ თავის სპექტაკლში ცივილიზებული მსოფლიოს გლობალური პრობლემა დასვა, რომელიც წინასწარ გვამზადებს მომავალთან. სპექტაკლი გვაფიქრებს და არჩევანის წინაშე გვაყენებს. თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს რა არის მისთვის ღირებული, უნდა აწონ-დაწონოს სიტუაცია, რათა ჩვენს მიერ გადადგმულმა თითოეულმა ნაბიჯმა რაიმე ფათერაკს არ გადაგვყაროს. სპექტაკლი არეგულირებს ადამიანის უფლებების ზღვარს, რამდენის უფლება აქვს მას და რა დროს, რათა არ გადათელოს სხვა ადამიანის უფლებები და ღირსებები. თემურ ჩხეიძე ჩვენს თანამედროვე სამყაროს ხატავს, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს სამყარო კი ფარისევლობით, ტყუილით, მეტოქეობით, უემოციობით გაჟღენთილი სამყაროა, რომელშიც ძნელია დაადგინო სად არის სიკეთე, სიმართლე, გულწრფელობა, ღირსების შეგრძნება. ფორმის და სტილისტიკის თვალსაზრისით კი თემურ ჩხეიძის სპექტაკლი ე.წ. „კინოშნიკებსაც“ კი გააოცებს და დააჯერებს, რომ თეატრი მხოლოდ ეგზოტიკა და რომანტიკა კი არ არის, არამედ ჩვენი ცხოვრების ნამდვილი მხატვრული სახე.
თემურ ჩხეიძე: ხდება ის, რასაც თავიდანვე ვვარაუდობდი. სპექტაკლიდან სპექტაკლამდე პიესა სულ უფრო რთული და საინტერესო ხდება. საუკეთესო მასალაა ფსიქოლოგიური თეატრისთვის. დიდი ხანია არ შემხვედრია პიესა, რომელზედაც ასე ინტერესით ვიმუშავებდი. შესანიშნავად მიდიოდა რეპეტიციები. ერთობლივად ვეძებდით განწყობილებათა, აზრთა და საქციელთა საწყისებს, თუმცა მაინც დრო გვიჩვენებს, რამდენად სწორი იყო ჩვენი ვარაუდები.
როცა ტვინი, შესაბამისად აზროვნება და მსოფლმხედველობა არ ბერდება ეს ბედნიერებაა და იშვიათი შემთხვევა ჩვენს რეალობაში. თემურ ჩხეიძე კი, რომელმაც მოღვაწეობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, ჩვენი თანამედროვეა და უფრო მეტიც, მომავალიც. შეიძლება ასეთი შეფასება გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა სპექტაკლს ნახავთ, ამაში თავად დარწმუნდებით.
ლაშა ჩხარტიშვილის ბლოგი Lasha Chkhartishvili's Blog