

როგორც გენებოთ „გარდიანი“, 22 მაისი 2012
როგორც გენებოთ „გარდიანი“, 22 მაისი 2012
(„გარდიანი“, 22 მაისი 2012)
თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ. ამ თეატრის განუმეორებელი წარმოდგენის - „როგორც გენებოთ“ - დასასრულს დარბაზი ფეხზე ადგა (თუმცა, მაყურებელთა ერთი ნაწილი მანამდეც ფეხზე იდგა) და დასს ასე მოუწყო ოვაცია. მის მიერ წარმოდგენილი არდენის ტყე გახლავთ მომცრო, სახელდახელო სცენა - თეატრი თეატრში. მთელი წარმოდგენის მსვლელობაში მსახიობები კულისებიდანაც მოჩანან: ხედავ მათს მეგობრულ საუბრებს, საჭადრაკო პარტიებს, კინკლაობასა თუ ბაქიობას. ეს თან გხიბლავს და თან არც უადგილოა, რადგან „როგორც გენებოთ“ ნაწილობრივ არის რეალობისთვის თავის დაღწევის ცდა, როგორც თვითშეცნობის საშუალება.
ნინო სურგულაძის კოსტიუმები დაუდევრად მდიდრულია და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს მდიდარი ფანტაზიის პატრონმა მექუდემ საქმე ისე მოაწყო, რომ უქუდოდ არც ერთი თავი არ დარჩენილიყო. ლე ბო (ონისე ონიანი) ყველაზე მოხდენილია. მას ახურავს ჩალის ქუდი, აცვია კრემისფერი გეტრები, უკეთია რქისჩარჩოიანი სათვალე და მოწითალო პიჯაკის შიდა ჯიბეში ტომატის წვენის ბოთლს ინახავს. დროდადრო, როცა ლუკმა გადაყლაპულიც არა აქვს, ის ფრანგულად ლაპარაკობს.
ლევან წულაძის დადგმა ჭეშმარიტად ჩეხოვისებურია - მას გულთან ახლოს მიაქვს ცოდვილი კაცობრიობის პრობლემები. და განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის არის, რომ ინგლისური სიტყვების არარსებობის პირობებშიც კი, ესოდენ ცხადად წარმოჩინდება შექსპირისეული სიბრძნე. მკაფიოდ დავინახე, რამდენად დიდი დატვირთვა ენიჭება ამ პიესაში ტემპერამენტს: ნათელი სულის მქონე მძიმე ყოფასაც კი დღესასწაულად აქცევს, ხოლო ის, ვისი გულიც მელანქოლიამ შეიპყრო, განწირულია მოთქმა-კვნესისთვის.
ამის დასტურია ნატა მურვანიძის უბადლო ჟაკი. ქართულ ენა ძალიან უხდება მელანქოლიურობას და ეს უკანასკნელი პირდაპირ იფურჩქნება მურვანიძის ხმაში. მაგრამ რა წუთშიც დამთავრდება მისი სევდიანი ბორიალი, ჟაკს ამოხეთქილ შადრევნად დაეყრება შემოდგომის ფოთლები - ბუნება თითქოს დასცინის მის ჯიუტ კაეშანს. ეს ბრწყინვალე კომიკური აქცენტია. შესანიშნავები არიან როზალინდი (ქეთევან შათირიშვილი) და სელიაც (ნატო კახიძე), მუქმწვანეშარფიანი ანცი სილფიდები, რომლებიც ზოგჯერ ისე სხაპასხუპით მეტყველებენ, სწრაფად გადახვეული ფირი გეგონებათ. ოდრი (მანანა კოზაკოვა) უაღრესად სასაცილო და ერთობ შთამბეჭდავი მწყემსი ქალია, რომელიც უხამსად წველის თავის პლასტმასის ცხვარს და, ალისფერ კაბაში გამოწყობილი, სცენაზე დასაქორწინებლად შემოვარდება. წარმოდგენაში, რომელშიც აქცენტი გონებამახვილურ დეტალებზე კეთდება, დიდად მომხიბლა სასოწარკვეთილი სუფლიორის კომიკურობამ, ადამიანის ზომის ნაჭრის თოჯინამ საჭიდაო პაექრობაში, და იმ ჯადოსნურმა მომენტმა, როცა დასი, კულისებიდან, ჩიტების ჭიკჭიკის იმიტაციას ახდენს, რაც თანდათან გადაიქცევა ქართულ დილის საგალობლად - და ზაფხულის დილად არდენში.