შიშის გამოყინვა გონების თვალით — „დაელოდე სიბნელეს“ მარჯანიშვილის თეატრში

შიშის გამოყინვა გონების თვალით — „დაელოდე სიბნელეს“ მარჯანიშვილის თეატრში

გუბაზ მეგრელიძე

 

​შეუძლია თუ არა „გონების თვალს“ იმაზე მეტის დანახვა, ვიდრე თვალხილული ადამიანები ხედავენ? და როგორ იქცევა მაცივრის გამორთვა საკუთარი ქვეცნობიერი შიშების „გამოყინვისა“ და კათარზისის მეტაფორად? მარჯანიშვილის თეატრის ახალ დადგმაში „დაელოდე სიბნელეს“, რეჟისორ ანუკი ხიდეშელის კონცეფცია და ანიკო ეზეიშვილის თამაში ყოფით თრილერს ღრმა ფსიქოანალიტიკურ აქტად აქცევს.

 

ფრედერიკ ნოტის 1966 წლის პიესამ „დაელოდე სიბნელეს“ უდიდესი გავლენა მოახდინა თეატრსა და კინემატოგრაფზე. ნაწარმოების მთავარი ღირსება სივრცის მინიატურულობა, დროის სიმცირე და მუდმივი შიშის მომგვრელი წყვდიადია. ბროდვეის ორიგინალურ პრემიერაზე სუზის როლს ლი რემიკი ასრულებდა, ანტაგონისტ როუტს კი — რობერტ დიუვალი. 1998 წლის ვერსიაში სუზის სახე მარისა ტომეიმ მოირგო, ბოროტმოქმედის ამპლუაში კი კვენტინ ტარანტინო მოგვევლინა. პიესა ვესტ-ენდზეც არაერთხელ აღადგინეს — მათ შორის 2007 წელს, სადაც რეჟისორულმა ექსპერიმენტმა როლი რეალურად უსინათლო მსახიობებს მიანდო.

სასცენო აღიარების პარალელურად, პიესამ ადგილი კინოშიც დაიმკვიდრა. ტერენს იანგის 1967 წლის ეკრანიზაციაში სუზი ოდრი ჰეპბერნმა განასახიერა (რამაც ოსკარის ნომინაცია მოუტანა), როუტი კი ალან არკინმა ითამაშა. ფილმი კინოისტორიაში საუკეთესო „ჯამფსქეარით“ (Jump Scare) შევიდა, რის გამოც AFI-მ იგი 100 ყველაზე დაძაბულ სურათს შორის დაასახელა [AFI]. ნაწარმოების გლობალურ პოპულარობაზე მეტყველებს მისი საერთაშორისო ანალოგებიც: 1982 წლის აშშ-ის სატელევიზიო ვერსია კეტრინ როსით და ორი ბოლივუდური რიმეიქი ლეგენდარული ამიტაბჰ ბაჩანის მონაწილეობით.

ამ მსოფლიო აღიარების მქონე  ისტორიული გზის შემდეგ, ფრედერიკ ნოტის ფსიქოლოგიური ლაბირინთი მარჯანიშვილის თეატრის თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენაზე ინაცვლებს და სცილდება ყოფითი დრამატურგიის ჩარჩოებს.ინაცვლებს. პრემიერით, „დაელოდე სიბნელეს“, რეჟისორმა ანუკი ხიდეშელმა მაყურებელს შესთავაზა არა უბრალოდ მძაფრსიუჟეტიანი დაპირისპირება უსინათლო ქალსა და კრიმინალებს შორის, არამედ ღრმა, ფსიქოანალიტიკური და მეტაფორული დადგმა, რომელიც ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებსა და შინაგან ძალაზე მოგვითხრობს.

სპექტაკლი იწყება უფარდო, მინიმალისტურ და იზოლირებულ სცენაზე. მაყურებლის საბოლოო ჩაჩუმებამდე სამზარეულოს კუნძულთან მსახიობის დინამიკური მოძრაობა პირველივე წამებიდან სძენს დადგმას რიტმსა და დაძაბულობას. ეს კუნძული სცენოგრაფიული და იდეური ცენტრია — იგი უსინათლო სუზის (ანიკო ეზიეშვილი) სამყაროს კომპასად და ღერძად იქცევა, საიდანაც პერსონაჟი ფიზიკური და სხეულის მეხსიერებით ზომავს მანძილს მაცივრამდე, კარამდე თუ ტელეფონამდე.

რეჟისორს დასაწყისშივე შემოაქვს უმნიშვნელოვანესი იდეური კოდი: სუზი შემთხვევით ხელს გაჰკრავს კოვზს და იატაკზე აგდებს. ქმრის (სემი, მსახიობი დავით გურგენიძე)) უარი, მიეხმაროს და თავად აპოვნინოს ნივთი, ერთი შეხედვით სასტიკია, თუმცა ეს უდიდესი, მაცოცხლებელი სიყვარულის აქტია. ქმარს სურს მებრძოლი ცოლი და არა უმწეო მსხვერპლი, რომელიც მუდამ დამხმარეს ელოდება. ამიტომაც აინტერესებს თუ რა მოხდება. კოვზის დამოუკიდებლად პოვნა, სუზის სულიერი და ფიზიკური ბარიერების დაძლევით, ხდება სუზის პირველი მცირე გამარჯვება და იმ უდიდესი გამოცდის პრეფაზა, რომელიც მის ცხოვრებაში იწყება.

 „პატარა ადამიანების“ ტრაგედია დიდ კრიმინალში

დიდი ფსიქოპათიური საფრთხის (ჰარი როუტის, მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე)  ფონზე, დადგმაში დამაჯერებლობით იკვეთება დიდ კრიმინალურ მანქანას მიტმასნილი სუსტი ადამიანების სახეები. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესო და ტრაგიკულია მიცვალებული ლიზას ფიგურა — დიდ კრიმინალში დაკარგული მსხვერპლი, რომელიც გარეგნულად ილუზორულად „ძლიერია“, საკუთარი ხელის ბიჭებიც ჰყავს, მაგრამ ნამდვილი ბოროტების წინაშე სრულიად უმწეო აღმოჩნდება. ლიზას სიკვდილი ფატალური, ბრმა შემთხვევის შედეგია: ის სიამოვნებით დააბრუნებდა ნარკოტიკებით სავსე თოჯინას, რომელიც პატარა გოგონამ შეცდომით აიღო, თუმცა მას ეს ნივთი უბრალოდ აღარ ჰქონდა. მსახიობი ანინი ნოზაძე ავლენს კარგ პლასტიკას, რითაც არღვევს ზღვარს რეალობასა და ფანტაზიას შორის, რასაც წარმოსახვით სუზი განიცდის. ქორეოგრაფმა ქეთი ასათიანმა ზუსტად იმუშავა მსახიობთან იმ ემოციური მუხტის გამოსაწვევად, რაც სუზიში ვლინდება.

ამავე რიგში დგანან სახლში სპეციალურად შეგზავნილი კრიმინალები, რომლებიც „ვითომ გამომძიებლის“ (ირაკლი ჩხიკვაძე) და „ვითომ სემის მეგობრის“ (კოკო როინიშვილი) როლებს ირგებენ. მსახიობთა ზუსტი და ნიუანსირებული თამაში იმდენად ორგანულია, რომ გარკვეულ მომენტში მაყურებელი იჯერებს კიდეც ამ მასკარადს. თუმცა, მათი ბოლო აღიარება მაყურებელში არა ზიზღს, არამედ ღრმა თანაგრძნობასა და მსხვერპლის განცდას ბადებს.  აღსანიშნავია რეჟისორის მიერ განხორციელებული კარლინოს (მსახიობი ანუკი ბუბუტეიშვილი) გენდერული ტრანსფორმაცია — ორიგინალისგან განსხვავებით, სპექტაკლში ის ქალია, რაც კრიმინალურ ჯგუფში სრულიად ახალ, ცივ და პრაგმატულ ფსიქოლოგიურ დინამიკას უნდა აჩენდეს. მსახიობი ისე მიყვება გმირის ხაზს, რომ არ ჩანს მისი გმირის რეალური მიზანი, თუ რის მიღწევას ცდილობს იგი. გამომძიებლობანას თამაშში დაიკარგა მისი მოქმედების რეალური განზრახვა.  აქ კი რეჟისორს შემოაქვს ოდითგანვე ცნობილი, მარადიული ჭეშმარიტება: დიდ, დაუნდობელ კრიმინალურ მანქანას მიტმასნილი სუსტი ადამიანები განწირულები არიან და აუცილებლად იღუპებიან. ისინი თავად ხდებიან იმ სისტემის მსხვერპლნი, რომელსაც ემსახურებიან. ეს ჩანაფიქრი მსახიობს უნდა მოჰქონდეს მაყურებლამდე.

კოკო როინიშვილის ტალმანი გარდასახვის საინტერესო გზას გადის: სუზის მოსატყუებლად შესული მატყუარა, საბოლოოდ, უსინათლო ქალის მიმართ ღრმა ემპათიით ივსება, შინაგან კონფლიქტში შედის კრიმინალურ სამყაროსთან და ტრაგიკული ღალატის მსხვერპლი ხდება. მათი ბოლო აღიარება მაყურებელში არა ზიზღს, არამედ ღრმა თანაგრძნობასა და მსხვერპლის განცდას ბადებს. აქ რეჟისორს შემოაქვს მარადიული ჭეშმარიტება: დაუნდობელ კრიმინალურ მანქანას მიტმასნილი სუსტი ადამიანები განწირულები არიან და თავად ხდებიან იმ სისტემის მსხვერპლნი, რომელსაც ემსახურებიან.

 ქვეცნობიერის მატერიალიზაცია და ეჭვი

დადგმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, სიურრეალისტური სცენა არის მაცივრის ეპიზოდი, საიდანაც მოქმედებაში სწორედ ეს მიცვალებული (მოკლული ლიზა) შემოდის და კუნძულზე დგება. ეს არ არის ყოფითი სცენა — ეს სუზის გონებაში მიმდინარე პროცესების, ქვეცნობიერი შიშებისა და ეჭვების მატერიალიზაციაა. გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ქალის ეჭვი — თითქოს ქმარი ღალატობს — სცენაზე პერსონაჟთა პლასტიკითა და ფსიქოლოგიური რეალიზმით მატერიალიზდება: სუზი წარმოსახვაში ფიზიკურად უსწორდება ილუზორულ მეტოქეს.

სწორედ აქ ხდება პერსონაჟის მთავარი ტრანსფორმაცია: ამ მომენტში სუზი აღარაა ბრმა — იგი გონების თვალით მხედველია. ეს თვალი ხედავს ყველაფერს, ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე თვალხილული ადამიანები. გონებაში დაბადებული გაკვირვება და ეჭვი თანდათან ილევა და იქცევა იმ მყარ ცოდნად, რომ მის გარშემო არსებული რეალობა სიცრუეა. სუზი ამარცხებს ილუზიას, რათა სიმართლეს გაუსწოროს თვალი.

ხმისა და სიჩუმის დიალექტიკა: ხმიანი ბოროტება და ჩუმი სიკეთე

სპექტაკლის ხმოვანი, მუსიკალური და სინათლის გაფორმება საოცარ ფსიქოლოგიურ კონტრასტს ქმნის. ვინაიდან მთავარი გმირი ვერ ხედავს, მაყურებლისთვის ყოველი ბგერა გაძლიერებულია, რაც კინემატოგრაფიულ ნუარ-ატმოსფეროს და სასპენსს ბადებს. განათება კი მახვილი, ცივი შუქ-ჩრდილების კონტრასტით აძლიერებს კლაუსტროფობიულ განცდას.

მთავარი კრიმინალი (ი. ჩხიკვაძის ჰარი როუტი) საფრთხის განცდას ბადებს ყოველი მოძრაობით, ენის მოჩლექითა და ხმიანობით. ზოგადად, სპექტაკლში დიდი ხმაური საშიშროების მეტაფორაა. როდესაც ბოროტმოქმედი სამზარეულოს კუნძულზე (სუზის უსაფრთხოების ზონაში) დგება და ხმამაღლა მღერის, ეს არის ბოროტების აგრესიული, მყვირალა ბუნების დემონსტრირება. ბოროტება ყოველთვის ხმიანია და ცდილობს ქაოსით დათრგუნოს გარემო. ი. ჩხიკვაძემ კარგად თავისი გმირის ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგ სუზიზე და ამიტომაც ცდილობს ხმის ეფექტით იმოქმედოს მის განწყობაზე.

თუმცა, რეჟისორული კონცეფციის უდიდესი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეულ მომენტში სიჩუმეც ზუსტად ბოროტების ღრიალის მსგავსი ძალით ხმიანობს. სრულ წყვდიადში — სადაც მაყურებელი და უსინათლო გმირი ერთიანდებიან — ნასროლი სუზის სიტყვა — „წადიი!“ — არის სიჩუმისგან შობილი ისეთივე მძლავრი ენერგეტიკული მუხტი, რომელსაც აგრესიული ხმაური ვეღარ უმკლავდება. ამ ბრძოლაში სუზის ერთადერთ „თვალებად“ და ჩუმ მოკავშირედ პატარა, ჯიუტი გოგონა ლეა (ანიტა ჯიქურიშვილი) გვევლინება. სიკეთე სპექტაკლში ჩუმია, მაგრამ ეს სიჩუმე უძლეველ იარაღად იქცევა. მსახიობის დამიკიდებულება ერთფეროვანია, არ ცანს სუზისადმი მისი შინაგანი თანადგომა და დახმარების სურვილი მხოლოდ მისი სიტყვებიდან მოდის.

კათარზისი: შიშის „გამოყინვა“

სპექტაკლის ფინალი კრავს კოვზის ეპიზოდით დაწყებულ იდეურ წრეს. როდესაც ქმარი ბრუნდება, გადატანილი ჯოჯოხეთის შემდეგ, სუზი მას მარტივ, ყოფით ფრაზას ეუბნება: „მაცივარი გამოვრთე“. წასვლისას ქმრის მიერ დატოვებული თხოვნა — გამორთე მაცივარი, რათა გამოიყინოსო — ფინალში უდიდეს კათარზისულ მეტაფორად ტრანსფორმირდება.

მაცივრის გამორთვით სუზიმ საბოლოოდ გამორთო და გამოიყინა საკუთარი ქვეცნობიერი შიშები, ეჭვები და დემონები. ფრაზა „შევძელი“ არის არა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენის დეკლარირება, არამედ პასუხი ქმრის ქცევასა და ადამიანის ხელახალ დაბადებაზე. ამ დროს დ. გურგენიძე მკვეთრად უნდა აფასებდეს ნანახს, რომელსაც ბრმა სუზისგან არ მოელოდა და უნდა იგრძნობოდეს კონტარსტი თავადაპირველ ირონიულ და სასტიკ დამოკიდებულებიდან თანაგრძნობამდე.

ანუკი ხიდეშელის რეჟისორული ხედვა და ანიკო ეზეიშვილის ფსიქოლოგიურად ზუსტი, შთამბეჭდავი თამაში წარმოაჩენს ადამიანის შინაგან ძალას, თვალხილულზე მეტად იგრძნოს და განიცადოს, დაეყრდნოს საკუთარ უნარებს და გაიმარჯვოს. გონების თვალის მაცქერალი ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და მას ვერანაირი ფიზიკური სიბნელე ვერ დააბრმავებს.