მხილებული, თუ, გამარჯვებული - ტარტიუფი?!

მხილებული, თუ, გამარჯვებული - ტარტიუფი?!

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მუდმივად არსებულმა ფარისევლობამ, დღეს ძალიან გამძაფრებულად იჩინა თავი ჩვენს ქვეყანაში და ალბათ, მთელ მსოფლიოშიც. რა თქმა უნდა, ზოგადსაკაცობრიო პრობლემები აწუხებს რეჟისორ ლევან წულაძეს და ჩვენც, მისი სპექტაკლების მაყურებლებს. ხოლო, ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, შემოქმედის ტკივილია, რომელიც სურს გაუზიაროს მაყურებელს, შეძლებისდაგვარად დააფიქროს და გამოაფხიზლოს.
ენერგიულმა, მუდმივად სიახლეების მაძიებელმა ლევან წულაძემ, თეატრის მოყვარულთა სასიხარულოდ, უკვე მეოთხე, ახალი თეატრი შექმნა. "დიდხანს ვიფიქრე, რომელი პიესით გამეხსნა ახალი სცენა და გადავწყვიტე მოლიერის არაჩვეულებრივი პიესა `ტარტიუფი~ დამედგა. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა - კომედია, რომელიც იქნება დელარტესეული, მხიარული მაგრამ ცოტა "წიწაკით" - წერს ლევან წულაძე პროგრამაში. სწორედ რომ დროული არჩევანი გააკეთა რეჟისორმა. სპექტაკლის მზადების ბოლო ეტაპს დაემთხვა თბილისში 17 მაისს განვითარებული მოვლენები. შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის ფარისევლობის აპოთეოზი, როდესაც ქრისტეს, მართმადიდებლობის სახელით, ადამიანთა ერთი ნაწილი მეორის, არც მეტი არც ნაკლები, ჩაქოლვას ლამობდა. ფარისევლობა, შემგუებლობა, კონფორმიზმი და სიბრიყვე - დღეს ჩვენი საზოგადოების სახეა... სწორედ ამაზეა ლევან წულაძისეული "ტარტიუფიც".
ლევან წულაძემ მოლიერის პიესა, კონცეფციის უკეთ წარმოსაჩენად, თავისებურად დაამონტაჟა. გადასხვაფერდა პიესის დასაწყისი, შემცირდა სცენები, ზოგიერთი პერსონაჟი გაქრა, ფინალი კი საერთოდ შეიცვალა. მთელი მოქმედება, ისევე როგორც პიესაში, ორგონის სახლში მიმდინარეობს. სცენა არ არის გადატვირთული დეკორაციით. სცენოგრაფი თავად რეჟისორია. სცენური სივრცე, და კოსტიუმები კრემისფერშია გადაწყვეტილი (კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძე). ატმოსფერო მსუბუქი და ჰაეროვანია. ამ ჰაეროვნებისა და სიმსუბუქის შექმნას კი ყველაფერთან ერთად მოცარტის მუსიკაც უწყობს ხელს (მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილის). სცენაზე, ხის მსგავსი მასალისგან აგებული კედელია - რამდენიმე კარით და ფანჯრით, 4-5 სკამი, სავარძელი, აბაზანა და მაგიდა - სულ ეს არის დეკორაციის შემადგენელი ნაწილები.


ორი მონაზონი ლოცვანით ხელში, ბუტბუტით შემოდიან სცენაზე, ლოცულობენ, თან სულ რაღაცის ეშინიათ და იმისდამიუხედავად, რომ ლოცვანი უჭირავთ ხელში, ცრურწმენისთვის დამახასიათებელ ქმედებებს მიმართავენ. სულ ცოტა ხანში ირკვევა, რომ ესენი არიან ქალბატონი პერნელი, სახლის პატრონის ორგონის დედა (მანანა კაზაკოვა) და მისი მსახური ქალი ფლიპოტი (თამარ ბუხნიკაშვილი). უცებ კედლის ერთი კარი იღება, თითქოს უხილავმა ძალამ გააღო, ფრიალებს თხელი ნაჭრის თეთრი ფარდა. იდუმალი მუსიკის ფონზე, თავიდანფეხებამდე შებინტული, თითქოს მიცვალებულის შემოფლეთილი სუდარა ყოფილიყოს, გაშეშებული მოძრაობებით, ტარტიუფი (ზვიად სხირტლაძე) ჩაივლის სცენაზე და გაუჩინარდება. რეჟისორმა თავიდან, სცენაზე პირველი გამოჩენისთანავე, აღმდგარი ლაზარეს სახით წარუდგინა მაყურებელს. ლევან წულაძის ინტერპრეტაციით, თავად ტარტიუფი `თამაშობს~ აღმდგარ ლაზარეს. ეს ხაზს უსვამს მის ფარისევლობასა და ცინიზმს. ამ სცენას მოსდევს კომედია დელ არტეს სტილში გათამაშებული ეპიზოდი, რაც, აღწერილი სცენის მსგავსად, პიესაში არ არის. ესეც რეჟისორის მიერ არის ჩამატებული. ვფიქრობ, ამ დასაწყისით ლევან წულაძემ, მთელი სპექტაკლის სტილისტიკა წარმოაჩინა. ორგონისა და ტარტიუფის გარდა, სახლის ყველა ბინადარი წარმოდგება მაყურებლის წინაშე. ამ ეპიზოდს `მხიარული ბანაობის~ სცენა შეიძლება ვუწოდოთ. სიხალისე, ეიფორია, მსუბუქი განწყობა - ამგვარად დავახასიათებდი `ბანაობის~ ეპიზოდს, რასაც უპირველეს ყოვლისა, მუსიკისა და განათების ხელშეწყობით, მსახიობთა თამაში ქმნის. ამ მხიარულ დასაწყისს კი მოსდევს, პიესაში არსებული სცენა, როდესაც უყურადღებობით, უპატივცემულო მოპყრობით განაწყენებული ქალბატონი პერნელი გამგზავრებას აპირებს. რეჟისორმა აქაც ცვლილება შეიტანა, - სპექტაკლში, პიესისგან განსხვავებით, მამულებიდან დაბრუნებული ორგონი შეაჩერებს საყვარელ, მოხუც დედას. ამ ეპიზოდში აღსანიშნავია ჩემოდნებით გათამაშებული სცენა. სახლის მობინადრენი, როდესაც ფიქრობენ, რომ ქალბატონი პერნელი, როგორც იქნა მოიშორეს თავიდან, სიამოვნებით ეხმარებიან მას და მის მსახურს ფლიპოტს, რომელსაც საერთოდ არ უნდა გამგზავრება, ჩემოდნების გატანაში. სულ სხვა რიტმში, ჩამწკრივებულებს ჯარისკაცების მსგავსად, ორგონის ბრძანებით _ მიეხმარონ მოხუც ქალბატონს, უკან შემოაქვთ ჩემოდნები. ამ სცენაში, ისევე როგორც შეიძლება ითქვას, მთელი წარმოდგენის განმავლობაში, სპექტაკლის რიტმსა და ხასიათს ბარბარე დვალიშვილის მიერ განსახიერებული დორინა ქმნის. დორინას არაჩვეულებრივი სახე შექმნა მსახიობმა _ ცოცხალი, მხიარული, მოხერხებული, ჭკვიანი მოსამსახურე ქალი, უზადო პლასტიკით, მომხიბვლელობით, კომედიური ელემენტების გამოყენებით. აქვე მინდა აღვნიშნო მანანა კაზაკოვას ქალბატონი პერნელი. მსახიობმა რეჟისორის დავალებით ხანში შესული ჯაჯღანა ქალი განასახიერა, რომელმაც თავის შენიშვნებით უკვე ყველას მოაბეზრა თავი. გარშემომყოფთ იგი გამუდმებით ჭკუას ასწავლის და მორალს უკითხავს. არადა დორინას თქმით, მას `თავგადასავლებით~ აღსავსე წარსული ჰქონდა. ახლაც კი, იმისდამიუხედავად, რომ სხვებს გამუდმებით მორალს უკითხავს, თავად სასმელს არის მიძალებული და აქა, თუ იქ, სამალავებიც კი აქვს, სადაც ალკოჰოლურ სასმელებს ინახავს.


სახლში დაბრუნებულ ბატონზე დორინა ზრუნავს. ამ სცენაში იმართება კომიკური ელემენტებით შემკობილი დიალოგი დორინასა და ორგონს (ნიკა კუჭავა) შორის. სწორედ ამ სცენაში იკვეთება პირველად ორგონის მიამიტობა და სიბრიყვე. დორინა ბატონს ანგარიშს აბარებს იმის შესახებ, თუ მის არ ყოფნაში, რა ხდებოდა. დორინა უყვება ორგონს, რომ მისი მეუღლე ელმირა თავს შეუძლოდ გრძნობდა, ღამე თეთრად გაუთენებია. ორგონი კი ეკითხება: და ტარტიუფი? - ტარტიუფს ტკბილად ეძინა _ პასუხობს დორინა. ელმირას სიცხე ჰქონდა, ბატონი კი კითხულობს: და ტარტიუფს? _ ტარტიუფი მშვენივრად გრძნობდა თავს. ელმირას მადა ჰქონდა დაკარგული, ერთი ლუკმისთვისაც კი არ დაუკარებია პირი. – და ტარტიუფს? - ტარტიუფმა გემრიელად მიირთვა დიდი ულუფები... და ა. შ.. ეს დიალოგი ბატონსა და მსახურ ქალს შორის, სხარტად, მსუბუქად მიმდინარეობს. დორინას გაბრიყვებული ბატონისადმი პასუხებში ირონია გამოსჭვივის.


დელ არტესეულ სტილშია გადაწყვეტილი ორგონის, დორინასა და მარიანას, ორგონის შვილის, ეპიზოდიც. აქვე აღვნიშნავ, რომ ახალგაზრდა მსახიობ ანა ვასაძისათვის ეს სადებიუტო როლი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ეს ის სცენა გახლავთ, სადაც ორგონი თავის ქალიშვილს ამცნობს მისი გადაწყვეტილების შესახებ _ მარიანა ტარტიუფს მიათხოვოს. ამის შემსწრე დორინა ყოველნაირად ცდილობს ბატონს უარი ათქმევინოს ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებაზე. ორგონისა და დორინას სიტყვა-პასუხი პინკპონკის თამაშს მოგაგონებთ. ორგონის ყოველ არგუმენტს, მარიანას დასაყოლიებლად, იქვე მოსდევს დორინას კონტრარგუმენტი... ბარბარე დვალიშვილი ამ სცენაში ოსტატურად უხამებს ვერბალურ მხარეს, პლასტიკურ გამოხატულებას - ჟესტიკულაციისა და მიმიკის გამოყენებით.
სპექტაკლში განვითარებული მოვლენები პიესაში არსებული მოვლენების განვითარების თანხვედრია. რეჟისორმა ძირითადი ფაბულის გადმოცემისას მხოლოდ მცირედი კუპიურები, შემოკლებები შეიტანა. წარმოდგენის ტემპო-რიტმი ძალიან დინამიკურია. ყოველი სცენა თუ ეპიზოდი ოსტატურად არის შესრულებული, კომპაქტურია და ისე არის გაკეთებული, რომ მაყურებლის ყურადღება არ დუნდება. მხოლოდ პირველი მოქმედების მეორე ნახევარში შენელდა სპექტაკლის ჩვეული რიტმი. 2-3 ეპიზოდი ცოტათი გაწელილად მომეჩვენა, საერთო დინამიკურობიდან ამოვარდნილი. მაგალითად, ორგონისა და ტარტიუფის პირველი სცენა. ვფიქრობ, ეს სცენები, დროთა განმავლობაში შეიძლება დაიხვეწოს და სპექტაკლის საერთო ტემპო-რიტმში ჩაჯდეს.
მინდა აღვნიშნო სპექტაკლში მონაწილე მსახიობთა ანსამბლი (ნიკა კუჭავა, ზვიად სხირტლაძე, მანანა კაზაკოვა, ბარბარე დვალიშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი, ზაზა იაკაშვილი, ბესო ბარათაშვილი, თეონა ქოქრაშვილი, ანა ვასაძე, გიორგი კიკნაძე, პაატა პაპუაშვილი). დახვეწილი პლასტიკა, კარგი მეტყველება, ზომიერების გრძნობა - ამგვარად შეიძლება განვსაზღვროთ მათი თამაში. კომედიის დადგმისას არსებობს ე. წ. გადამეტების, "გადამლაშების" საშიშროება. ლევან წულაძისეული "ტარტიუფში" არაფერი ზედმეტი არ არის, ყოველი ეპიზოდი თუ სცენა ზუსტად, დახვეწილი გემოვნებით არის დადგმული და მსახიობთა მიერ შესრულებული.


დელ არტესეული, კომიკური სიტუაციებითა, თუ ქმედებებით აღსავსე წარმოდგენას ერთობ დამაფიქრებელი, სევდის მომგვრელი, დრამატული დასასრული აქვს. პიესის ფინალში ტარტიუფი მხილებულია და მას მეფის ბრძანებით აპატიმრებენ. წულაძისეული ფარისეველი კი სპექტაკლში გამარჯვებული რჩება. ორგონის მიამიტობით და სიბრიყვით ტარტიუფი მთელს მის ქონებას იგდებს ხელთ. სახლის ბინადარნი ეგუებიან გამოუვალ მდგომარეობას. ტარტიუფი მათ, მარიანას საქმროს მიერ ინგლისიდან ჩამოტანილი, ახალი თამაშით გართობას სთავაზობს. ნელ-ნელა ყველა ერთვება თამაშში. ახლა, სიმდიდრე და აქედან გამომდინარე - ძალაუფლებაც ხომ ტარტიუფის ხელშია. არავის შესწევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი, პროტესტი მისადმი მორჩილებაში გადაიზრდება. მათი კეთილდღეობა ახლა ფრაკში გამოწკეპილ, კოპწიად დავარცხნილ, გამოკოხტავებულ ტარტიუფზეა დამოკიდებული. ყველანი კონფორმისტები აღმოჩნდნენ. თამაშში მხიარულება ნელ-ნელა მატულობს. ბოლოს ორგონს დორინაც მიატოვებს და თამაშში ერთვება. გაუბედურებულ, მოტყუებულ, გაბრიყვებულ ორგონს გული უსკდება. ფინალის საბოლოო აკორდი კი, პინკპონკის მაგიდაზე შემოსკუპებული, გამარჯვებულის იერით გასხივოსნებული ტარტიუფია. ავანსცენაზე უსულოდ აგდია საცოდავი ორგონი. მაყურებელთა დარბაზში კატის გამყინავი კნავილი გაისმის. ემოციურად და ფსიქოლოგიურად შემაძრწუნებელი, მაგრამ იმავდროულად, სანახაობრივად მომხიბლავი ფინალით დაასრულა ლევან წულაძემ სპექტაკლი. სახლში მისულს ერთი და იგივე აზრი მიტრიალებდა, _ ნუთუ იმედი აღარ დარჩა, ნუთუ ტარტიუფები, ფარისევლები გაიმარჯვებენ?!

მაკა ვასაძე