დეკამერონი - ლაშა ბუღაძე
დეკამერონი - ლაშა ბუღაძე
„ესაა ამბავი ჩვენს მიერ დავიწყებული მომავლის შესახებ… ესაა ამბავი, რომელიც ღრმა ძილში ნანახი სიზმარივით მუდამ ჩვენთანაა, მაგრამ გაღვიძებულებს არასდროს გვახსოვს. ესაა სიკვდილსა და დაბადებას შორის ჩატეული ამბავი, ამბავი თითოეული ჩვენგანისა…“
ცნობილი ქართველი რეჟისორის, პედაგოგისა და მოაზროვნის, ლევან წულაძის დადგმამ, „დეკამერონმა“, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში 11 დეკემბერს პირველად ვნახე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ სპექტაკლი მაღალ დონეზე იყო მომზადებული. ყველაფერი, სცენის მდიდრული დიზაინი, მუსიკა, მსახიობების აქსესუარები და ტანსაცმელი, დახვეწილი გემოვნებით იყო შერჩეული.
მოსასმენად სასიამოვნო, ლაღი და ადვილად ასაყოლი მუსიკა სპექტაკლის ბოლომდე და თეატრიდან გამოსვლის შემდეგაც ჩამრჩა გონებაში. იგი გარკვეულ ხასიათს ქმნიდა.. ხასიათს, რომელიც კონკრეტულად „დეკამერონს“ ახასიათებს.
„დეკამერონი“ ადრეული აღორძინების ეპოქაში, ცნობილი იტალიელი მწერლისა და პოეტის ჯოვანი ბოკაჩოს დაწერილია. იგი წარმოადგენს 100 ნოველისაგან შემდგარ მოთხრობათა კრებულს, რომელიც მწერლის შემოქმედების მწვერვალია. „დეკამერონი“ გამოირჩევა ეროტიული სცენებით, თუმცა რეჟისორს ამაზე აქცენტი არ გაუკეთებია და სპექტაკლში საკმაოდ ღრმა აზრი ჩადო. დეკამერონი ჰუმანური იდეებით, თავისუფალი აზროვნების სულითა და ცოცხალი იუმორით გაჯერებული ნოველათა კრებულია.
სცენაზე მაყურებლის წინაშე მარჯანიშვილის თეატრის რჩეული დასი წარსდგა: მარლენ ეგუტია, ეკა ნიჟარაძე, ნიკა კუჭავა, მაია დავლიშვილი, ბესო ბარათაშვილი და სხვები. მაგრამ, სპექტაკლის გამარჯვებაში ხომ ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის რეჟისორს, რომელიც ასე იშვიათად ჩანს?! თეატრალური პრემია „დურუჯის“ ორი გზის მფლობელმა ლევან წულაძემ თავისეული „დეკამერონი“ გვიჩვენა, რაც ძალზე მოხერხებულად და ლამაზად გამოუვიდა.
ინსცენირებაში ჩანს რაოდენ ცოდვილია ქვეყნიერება და რაოდენ ცოდვილნი ვართ ჩვენ.. თითოეული ჩვენგანი.. სპექტაკლის არსი ქვეცნობირებამდე აღწევს და უნებლიეთ ფიქრდები საკუთარ თავზე, შენს ცოდვებზე. ნაჩვენებია რაოდენ საცოდაობაა ამდენი ბილწიერების მოსმენა და ყურება, რაც საბოლოოდ მეორედ მოსვლაში გადაიზრდება. ჯოჯოხეთის ცეცხლი შთანთქავს ყველა ცოდვილს და დარჩება მხოლოდ ერთი პატარა გოგონა – ანგელოზის სახით, რომელიც თავისი მიამიტური და გამჭოლი მზერით გატყვევებს…
სპექტაკლის ბოლოს ძალიან ეფექტური იყო სცენიდან პარტერში „ტალღის“ გადმოსვლა, რამაც ცეცხლის ალის იმიტირება მოახდინა. ხალხს თავზე თეთრი საბურველი გადაეფინა და ამან ჩართულობის ეფექტიც შექმნა, აგრძნობინა რა მაყურებელს, რომ ისინიც ასევე ცოდვილნი არიან და მსახიობებმა მათთვის მხოლოდ კაცობრიობის ნამდვილი იერსახის დანახვა სცადეს.
სპექტაკლში ნაჩვენები იყო ადამიანის მანკიერი თვისებები, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინონ ცოლ-ქმარს, მამა-შვილსა და მეგობრებს შორის. მაგალითად, კალანდრინოსა და კალანდრინას მონაწილეობით სცენები, როცა გამდიდრებული კალანდრინო ყველანაირ მიზეზს ეძებდა, რათა გაშორებულიყო ცოლს.
„არსებობს მრავალი ცოდვა და ერთი ბედისწერა; ასი ათასობით მცირე თუ დიდი განსაცდელი და ერთი კათარსისი“.
ძალიან გამიხარდა, როდესაც დარბაზში ამდენი ახალგაზრდა სახე დავინახე, რადგან ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში თეატრში სიარულის ერთგვარი ტრადიციის ჩამოყალიბებას შეეწყოს ხელი. ეს არის ფიქრის, აზროვნებისა და განვითარების ადგილი.
არსებობს, არისიტოტელესეული კათარსისის თეორია, რომლის თანახმადაც ლიტერატურულ ნაწარმოებს თუ თეატრს ევალება ადამიანის სულიერი განწმენდა. თეატრში შესვლისას ადამიანი თავის სადარდებელს ტოვებს გარეთ და მთელი თავისი არსებით იკარგება სპექტაკლის სიღრმეებში. თეატრი დაგაფიქრებს, ახდენს შენში რაღაც ცვლილებებს და ოდნავ „გაზრდილი“ გამოდიხარ მისი შენობიდან.
ლაშა ბუღაძე