ქრისტეს სახელით ჩადენელი სისასტიკე

ქრისტეს სახელით ჩადენელი სისასტიკე

დრამატურგმა გურამ ბათიაშვილმა პიესაში „გამოეშურე ჩვენს საშველად ღმერთო“, რომელსაც დამდგმელმა ჯგუფმა სახელი შეუცვალა და „უცხოობაში - Begalut“ უწოდეს, გამოიყენა შალომ ალეიხემის „ტევიე მერძევს“ ერთი ეპიზოდი და ძალიან ცოცხალი, ქმედითი, იუმორითა და დრამატიზმით აღსავსე ამბავი შექმნა. რეჟისორმა ლევან წულაძემ და კომპოზიტორმა ვახტანგ კახიძემ კი ეს ამბავი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გააცოცხლეს. მუსიკისა და ქმედითი რიგის ჰარმონიული შერწყმითა თუ განვითარებით მათ არავერბალური, მხოლოდ ფიზიკურ ქმედებაზე აგებული სანახაობა წარმოადგინეს. დრამატურგიულ მასალაზე დაყრდნობით რეჟისორი თეატრალური, პირობითი ენით გვიყვება ორი ებრაული ოჯახის ცხოვრებაზე და ამ კონკრეტულ მაგალითზე, ზოგადად ცხოვრებისეულ პრობლემებზე, ადამიანთა ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ღალატზე, სიკეთესა და ბოროტებაზე გვესაუბრება.

ბოლო წლებში განხორციელებული სხვა სპექტაკლების მსგავსად, სცენოგრაფია ამჯერადაც თავად რეჟისორს ლევან წულაძეს ეკუთვნის. ამ შემთხვევაში ძველებური ხის   ბუფეტებიდან ლევან წულაძე ქმნის ქალაქისა და ებრაელთა საცხოვრებელი ბინის ინტერიერს. სცენის სიღრმეში კი ჩარჩოში ჩასმული ცა მოსჩანს, რომელზეც ხან მოცურავე ღრუბლები, ხან მთვარე, ხან კი, დრამატულ მომენტებში, სისხლისფერი ცის კაბადონი გამოისახება. ფიცარნაგზე ყვითელი მსხვილი ქვიშაა დაყრილი, რომელსაც პერსონაჟები სპექტაკლის მსვლელობისას ქმედითად იყენებენ.

 ერთ-ერთი ბუფეტიდან გადმოდიან სცენაზე სპექტაკლის პერსონაჟები. ბესო ბარათაშვილის ოჯახის მამის პერსონაჟის პირველი გამოჩენა საცირკო სანახაობის ელემენტებითაა გაჯერებული. თამაშდება მოხარშული კვერცხის მირთმევის ეტიუდი. ბუფეტიდან ჯერ ბესო ბარათაშვილის პერსონაჟის ფეხი გამოჩნდება, შემდეგ ჩემოდანი, ბოლოს თავად პერსონაჟი, თავზე კიპით (რაც მის ებრაულ წარმოშობაზე მიუთითებს). სკამზე ჩამოჯდება, ჩემოდნიდან იღებს გუნდად მოჭმუჭნულ გაზეთებს, გულმოდგინედ ასწორებს თითოეულ ფურცელს და ჯიბეში ინახავს. ხელში მოხარშული კვერცხი აღმოაჩნდება, გატეხავს, თვალებით ნაფცქვენების გადასაყრელ ადგილს ეძებს, კარადიდან ხელი გამოცურდება, პერსონაჟი კვერცხის ნაჭუჭებს ამ ხელზე დაყრის, ხელი ცოტახნით გაუჩინარდება, მალევე სამარილეს გამოაწვდის და კვერცხზე მარილს მოუყრის. პერსონაჟი კვერცხს მიირთმევს და ამის შემდეგ კარადიდან სპექტაკლის პერსონაჟები რიგ-რიგობით გადმოდიან. სცენაზე ჯერ მანანა კოზაკოვას ოჯახის დედა, შემდეგ ნატუკა კახიძის, ანა გრიგოლიას და თეონა ქოქრაშვილის ქალიშვილთა პესრონაჟები აღმოჩნდებიან; შემდეგ  - ბაია დვალიშვილის პერსონაჟი და მისი ორი ვაჟიშვილი: პაატა პაპუაშვილი და კოკო (კონსტანტინე) როინიშვილი გადმოდიან კარადიდან. ცოტა ხანში ორი ებრაული ოჯახის წევრი-პერსონაჟები წარსდგებიან მაყურებელის წინაშე  და თავიანთი ცხოვრების ისტორიის თხრობას იწყებენ. თხრობა, როგორც უკვე აღვნიშნე არავერბალურია, მხოლოდ ქმედებაზეა აგებული. მსახიობები თავიანთი პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი მოძრაობით, პლასტიკით, ჟესტიკულაციით, ფიზიკური ქმედებით ქმნიან ტიპაჟებს. ვფიქრობ,  სხვასთან ერთად, ამაში მათ ვატო კახიძის მუსიკა ძალიან ეხმარება. ზოგადად მუსიკა ამ სპექტაკლში არა მარტო განწყობის, არამედ სპექტაკლის ფორმის, კონსტრუქციის, აგებულების ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტია. მოქმედების შესაბამისად კომპოზიტორმა ებრაული, რუსული მოტივები გამოიყენა, ხოლო, კულმინაციურ მომენტებში, ნეკა სებისკვერაძის მირ შესრულებული ებრაული „ნანა“ მაყურებელზე გასაოცარ ემოციურ ზეგავლენას ახდენს, სულსა და გულში ჩაგწვდება, აგაფორიაქებს. აქვე აღვნიშნავ ნინო სურგულაძის არაჩვეულებრივ ნამუშევარს, რომელმაც დეტალების გამოყენებით, ებრაელებისა თუ რუსებისათვის დამახასიათებელი კოსტიუმები შექმნა.

ორი ებრაული ოჯახი, უცხოობაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - რუსეთში ჩამოდის საცხოვრებლად. ისინი ერთმანეთის მეზობლად დასახლდებიან. რეჟისორმა, კომპოზიტორმა, სცენოგრაფმა და მსახიობებმა ძალიან ცოცხალი გარემო, ატმოსფერო შექმნეს. მაყურებლის ფიქრი თუ ემოცია თავიდანვე დაიპყრეს და სპექტაკლის ბოლომდე მოდუნების საშუალება არ მისცეს. ამას, რა თქმა უნდა, სხვასთან ერთად რეჟისორისა და კომპოზიტორის მიერ  სპექტაკლისათვის სწორად შექმნილი ტემპო-რიტმი ქმნის. წარმოდგენაში არაფერია ზედმეტი, ყოველი სცენა თუ ეპიზოდი დიდი გემოვნებით არის წარმოდგენილი და შესრულებელი.

გივი ჩუგუაშვილის თეთრებში გამოწყობილი გენერალი და მის ამალაში შემავალი: ნიკა კუჭავას, გიორგი ხურცილავას, ეკა ნიჟარაძის, ნინო წულაძის და ანა ვასაძის -  პერსონაჟები დრამატურგმა და რეჟისორმა თავიდანვე შემოიყვანეს სცენაზე. მათ დასაწყისში რამდენიმე ჩავლა აქვთ. რეჟისორმა, კომპოზიტორმა და მსახიობებმა დამახასიათებელი დეტალებით თავიდანვე განსაზღვრეს ამ ტიპაჟების ხასიათები. მაგალითად, გივი ჩუგუაშვილი მედიდური სიარული თუ უაზროდ ხმლის ქნევა, ეკა ნიჟარაძის გამომწვევი ჩაცმულობა მის ვულგარულობაზე მიუთითებს, ნიკა კუჭავას კოსტიუმი და მიხვრა-მოხვრა ე. წ. ინტელიგენტს  მოგაგონებს, ანა ვასაძის კოსტიუმში ჩართული რუსული მოტივები და პლასტიკა, მაცდურ რუს ლამაზმანს გახსენებს, გიორგი ხურცილავას პერსონაჟი გალოთებულ, ყოფილ სამხედროს, ხოლო ნინო წულაძე კი მის მორჩილ მეწყვილე პერსონაჟს ქმნის.

ებრაელთა ოჯახების უცხოობაში დასახლების პირველი სცენები იუმორით, კომიკური მომენტებით, სიხალისითაა აღვსილი და მაყურებელში დადებით განწყობას აღძრავს. მანანა კოზაკოვას და ბაია დვალიშვილის ოჯახები თავიდან ერთმანეთს თითქოს ეჯიბრებიან. ამ შეჯიბრში ყველა ოჯახის წევრია ჩართული: ბესო ბარათაშვილის ოჯახის უფროსი, ქალიშვილები, ვაჟიშვილები, მაგრამ შეჯიბრის წამომწყები მოთავეები, რა თქმა უნდა, ბაია დვალიშვილის და მანანა კოზაკოვას ოჯახის დედები არიან. შეჯიბრი სადილის მომზადებით იწყება: რომელი ოჯახი იკვებება უფრო კარგად? სადილის მომზადებაში ოჯახის ყველა წევრია ჩართული. ზოგს ტაფა მოაქვს, ზოგს ქვაბი, ზოგი ცეცხლს ანთებს, ზოგი თევზს ამაყად შემოიტანს, ზოგიც ქათამს იჭერს და პუტავს. ბაია დვალიშვილის პერსონაჟი თევზს ააშიშხინებს ტაფაზე, მანანა კოზაკოვა კი დედალს გაპუტავს და მისგან წვნიანის მომზადებას იწყებს. ამ თითქოს უბრალოდ გაკეთებულ სცენაში, რეჟისორმა და მსახიობებმა სხვადასხვა დეტალზე აქცენტირებით, კომიკური ელემენტების შეტანით, სასაცილო, იუმორით აღსავსე ეპიზოდი შექმნეს. მანანა კოზაკოვა ოჯახზე გადაყოლილ ქმარსა და ქალიშვილებზე კრუხივით გადაფოფრილ პერსონაჟს თამაშობს. ამ მომენტის გასამძაფრებლად რეჟისორმა, დიდი თეთრი კრუხის თოჯინაც კი შემოიყვანა სცენაზე. ბაია დვალიშვილიც ვაჟიშვილებზე, ოჯახზე გადაყოლილი დედაა, მაგრამ ამასთან ერთად, მის ტიპაჟში კეკლუცი, პრანჭია, თავმომწონე ქალის ხაზიც იკითხება. ლევან წულაძემ გენერალსა და ბაია დვალიშვილის ურთიერთობაში არშიყის ელემენტებიც შეიტანა. ბესო ბარათაშვილი დინჯი და ოჯახის მოსიყვარულე მამის სახეს ქმნის.

სიყვარულით, სითბოთი, მხიარულებით აღსავსე, თუმცა განსხვავებული პერსონაჟები არიან ახალგაზრდების მიერ შექმნილი ებრაელი ქალიშვილებისა და ვაჟიშვილების ტიპაჟები. ანა გრიგოლია და კოკო როინიშვილი  რომანტიკულ და სიცოცხლით სავსე წყვილს ქმნიან. მათ სიყვარულს საფრთხეც დაემუქრება. მანანა კოზაკოვას დედას სურს ქალიშვილი  სარფიანად გაათხოვოს, მაგრამ ახალგაზრდების მხარეზე მამა დადგება, მისი დახმარებით შეყვარებულები საწადელს მიაღწევენ და დაქორწინდებიან.

პაატა პაპუაშვილის პერსონაჟიც რომანტიკული, მომხიბვლელი და თანაც ნიჭიერი მუსიკოსი-მევიოლინეა. მას ნატუკა კახიძის პერსონაჟი უყვარდება და დიდხანს უწევს მისი გულის მონადირება და როდესაც, ნატუკა კახიძის ლამაზი და ჭკვიანი ქალიშვილი მის სიყვარულს უპასუხებს, ანა ვასაძის რუსის ლამაზმანი დაუწყებს პრანჭვას, ახალგაზრდა ვაჟიშვილის მონადირებას, მოჯადოებას იწყებს. ანა ვასაძის პერსონაჟში დრამატურგმა და რეჟისორმა მომხიბვლელი, ლამაზი, მაგრამ ყველაფრის გამანადგურებელი „ქლი-ვამპის“ დემონური შტრიხები შეიტანეს. პაატა პაპუაშვილის მონუსხულ პერსონაჟში გაორება იწყება. ეს გაორებული გრძნობა მას დაღუპვის პირას მიიყვანას. იგი გარბის ოჯახიდან. შვილის გადასარჩენად ბაია დვალიშვილის დედა ყველაფერზე მზად არის. იგი უკანასკნელს გაიღებს შვილის გადასარჩენად. დედა მოაგროვებს მთელ თავის ქონებას და ღარიბებს ურიგებს, უკანასკნელსაც გაიღებს (კაბას იხდის და იმასაც უქონელთ აძლევს), ოღონდ კი შვილი იხსნას და დააბრუნოს. დედის თავგანწირვა შედეგს გამოიღებს. ჩამოძენძილ-ჩამოფლეთილი, გაუბედურებული, გამოსავათებული ახალგაზრდა ვაჟი სახლში ბრუნდება. დრამატურგმა და რეჟისორმა ამ ეპიზოდში სახარების ცნობილი „უძღები შვილის დაბრუნების“ იგავის ელემენტები შეიტანეს. ნატუკა კახიძის შეურაცხყოფილი, მაგრამ ჭკვიანი და მიმტევებელი ქალიშვილი პატიობს შეყვარბულს. მიმტევებლობა - ადამიანის ყველაზე უფრო დიდი გრძნობაა, უნარია.

თეონა ქოქრაშვილი სიყვარულს მოწადინებულ, ცოტათი დაბნეულ, რაღაც თვალსაზრისით ქარაფშუტა, რაღაც მომენტებში ტრაგიკულ პერსონაჟს ქმნის. მას  სიყვარულში არ უმართლებს. იგი ხან კოკო როინიშვილის და ხანაც პაატა პაპუაშვილის ვაჟიშვილებს ეპრანჭება, მაგრამ მათ მისი დები აირჩიეს გულისსწორებად. ღიმილის და თანაგრძნობას იწვევს მაყურებელში ახალგაზრდა ქალიშვილის ქმედებები საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების მისაპყრობად. იგი ხან ერთ წყვილს ეტმასნება და ეჩრება, ხან მეორეს, მაგრამ არაფერი გამოსდის. მანანა კოზაკოვას დედა სითბოთი და თანაგრძნობით ადევნებს თვალს მის მცდელობებს. საბოლოოდ მას რუსის მექალთანე ინტელიგენტი დაადგამს თვალს. სიყვარულზე მეოცნებე ქალიშვილს ადვილად დაიყოლიებს ურთიერთობაზე. ლევან წულაძემ ერთი, თითქოს უმნიშვნელო დეტალით დაგვანახა ქალიშვილის თავდავიწყებული სიყვარული ნიკა კუჭავას პერსონაჟისადმი. ვაჟი მას რუსულ თავსაფარს ჩუქნის და ისიც სიხარულით წაიკრავს მას თავზე. ეს ურთიერთობა დიდი ტკივილის მომტანი აღმოჩნდება. ბოჰემური, აღვირახსნილი რუსი ინტელიგენტი ახალგაზრდა გოგონას თავის საყვარელთან ერთად სთავაზობს ლოგინში ჩაწოლას. დიდ თეთრ საწოლს შემოათრევს ნიკა კუჭავას პერსონაჟი სცენაზე. აი ისინი უკვე ლოგინში წვანან. ამ დროს მათ თავზე ეკა ნიჟარაძის პერსონაჟი, ვაჟის ძველი საყვარელი წამოადგებათ. თავიდან თითქოს განრისხებულია, მაგარამ სულ მალე, ლოგინში ჩაუგორდება მათ. შეურაცხყოფილი გოგონა თავის მოკვლას გადაწყვეტს. დედობრივი სიყვარულის გასაოცარი ძალის მაჩვენებელი, დრამატიზმით აღსავსე ეპიზოდი შექმნეს დრამატურგმა და რეჟისორმა. ვენებგადაჭრილ, სიკვდილისპირას მყოფ ქალიშვილს მანანა კოზაკოვას დედა გულში ჩაიკრავს, თითქოს დედა-შვილი ერთ არსებად გარდაიქმნებიან. ნეკა სებისკვერაძის გასაოცარი დრამატულობით და ლირიზმით შესრულებული ებრაული „ნანა“-ს ფონზე, დედა შვილს თავის სასიცოცხლო ძალებს გადასცემს. შვილი გადარჩება, დედა გარდაიცვლება.

დრამატურგი და რეჟისორი ორი ებრაული ოჯახის, რუსი გენერლის და მისი ამალის მაგალითზე ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა ამბებს, ეპიზოდებს ქმნიან. მეზობლური ურთიერთობები, ახალგაზრდა წყვილების არშიყი, ღალატი, მიტევება, ქორწილი და ა. შ. ებრაელთა ოჯახებისა და რუსების პირველი გადაკვეთა, სწორედ ქორწილის სცენაში ხდება. ანა გრიგოლიას და კოკო როინიშვილის პერსონაჟები ქორწინდებიან. მანამდე კი მოხუცი ებრაელი ქალის პერსონაჟი შემოჰყავთ დრამატურგსა და რეჟისორს. გურანდა გაბუნიას მოხუცი ებრაელი ბაია დვალიშვილის დედამთილია. ეტლში მჯდარი მოხუცი მხიარული და მოსიყვარულეა, მაგრამ როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, ბაია დვალიშვილის პერსონაჟისთვის მისი ჩამოსვლა თავზარდამცემია. ბაია დვალიშვილი პლასტიკით, მიმიკით, ჟესტიკულაციით, ქმედებით გამოხატავს დედამთილისადმი დამოკიდებულებას. აი, ქორწილიც გაიმართება, იშლება გრძელი მაგიდა, რუსი სტუმრებიც მოდიან საჩუქრებით. ლევან წულაძემ მხიარული, კომიკური სიტუაციებით გაჯერებული ეპიზოდი შექმნა. პერსონაჟთა ურთიერთობებში ინტრიგებიც იხლართება. მაგალითად, ბესო ბარათაშვილის პერსონაჟი ეკა ნიჟარაძის პერსონაჟს ეპრანჭება, ეცეკვება, მანანა კოზაკოვას ცოლი ამჩნევს ამას და ყველაფერს აკეთებს, რომ ამ არშიყს ხელი შეუშალოს. ნიკა კუჭავასა და თეონა ქოქრაშვილის, პაატა პაპუაშვილის და ანა ვასაძის პერსონაჟებს შორის ურთიერთობები სპექტაკლის მსვლელობისას ვითარდება. აქვე ბაია დვალიშვილის დედასა და გივი ჩუგუაშვილის გენერალს შორის ფლირტი იბმება. დრამატურგმა და რეჟისორმა ორ ერს შორის მშვიდი, მეზობლური ურთიერთობების ეპიზოდები შექმნეს.

ერთდროულად გულის ამაჩუყებელი და კომიკურია, რეჟისორის მიერ გაკეთებული „პირველი ღამის“ სცენა. ორი ოჯახი ფუსფუსებს, ნერვიულობს, სიძე ისე დათვრა, დედას სხვადასხვა ნაყენის ნაზავის გაკეთება უწევს, რომ ვაჟს დაალევინოს, რათა მან თავისი მამაკაცური მოვალეობის შესრულება შესძლოს. ყველაზე მეტად კი, რა თქმა უნდა, ქალიშვილის მამა ნერვიულობს. ცხოვრებაშიც ხომ ასეა, მამას ყველაზე მეტად უჭირს ქალიშვილის გათხოვება. იუმორით აღსავსეა ბავშვის დაბადების სცენაც. ისევ ფუსფუსი, ნერვიულობა და აი ბუფეტიდან დიდი თეთრი დედალი გადმოდის, რომელსაც ახალშობილი უჭირავს. რეჟისორმა ჩვილ ბავშთან დაკავშირებული „თეთრი წეროს“ ლეგენდა გააშარჟა და წერო დედლით შეცვალა.

მთელი სპექტაკლის განმავლობაში ტიპაჟებს, პერსონაჟთა შორის ურთიერთობებს მსახიობები მხოლოდ ფიზიკური ქმედების საშუალებით ქმნიან. რა თქმა უნდა, ძნელია ამ ხერხით ამბის გადმოცემა. ეს რეჟისორისგან დიდი ფანტაზიის, გამომგონებლობის უნარს, ხოლო მსახიობთაგან პროფესიონალიზმს მოითხოვს. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ყველამ არაჩვეულებრივად გაართვა თავი დასახულ ამოცანას. რეჟისორის მიერ შექმნილი ეპიზოდები, ამბის თხრობა, მსახიობთა თამაში - ნათელი, გასაგები, ფიქრისა და ემოციის აღმძვრელია. რეჟისორის მიერ შექმნილი და მაყურელებლისათვის შეთავაზებული პირობითი თეატრალური ენა - აბსოლუტურად მისაღებია.

რუსული სულის და ყოფის გამომხატველია ლევან წულაძის მიერ რამდენიმე მიმანიშნებელი შტრიხით გაკეთებული „ყველიერის“ სცენა. რუსი გენერალი და მისი ამალა ბლინებს მიირთმევენ და შეუსვენებლად არაყს „ხუხავენ“. არც სადღეგრძელოს თქმა, არც საუბარი, ამ შეუჩერებელ, მექანიკაში გადასულ არყის სმისას მხოლოდ ამ ბგერებს წარმოსთქვამენ - „Ёбс“. ეს „Ёбс“ - მათი არსის, მათი ნამდვილი შინაგანი სამყაროს გამომხატველია. უკვე შეზარხოშებულებს ნიკა კუჭავას პერსონაჟი დოსტოევსკის მიერ ებრაელთა რუსეთის მტრის ხატად წარმოჩინებას და მათი განადგურებისკენ მოწოდებას წაუკითხავს გაზეთის ფურცლებიდან. აღსანიშნავია, რომ დრამატურგმა და რეჟისორმა არ თარგმნეს დოსტოევსკის წერილის ამონარიდი და მწერლის მშობლიურ ენაზე გააჟღერეს სცენიდან. ეს სპექტაკლის ერთადერთი ვერბალურად გაჟღერებული მონაკვეთია. თავიდან, მხოლოდ გენერალს უჩნდება ეჭვი ამ არაადამიანური მოწოდების მიმართ, მაგრამ ყოყმანი მოკლევადიანია. გენერალი და მისი ამალა სასტიკად არბევენ ებრაელთა ოჯახებს და ფიზიკურად ანადგურებენ მათ. არც ქალისადმი გრძნობა, არც მეზობლობა, არც ძველი მეგობრობა შეაჩერებს გამხეცებულ ადამიანებს. ანა ვასაძის მაცდური, მომხიბლავი დემონი დრამატურგმა და რეჟისორმა ფინალში „სიკვდილის ანგელოზად“ გარდაქმნეს - შავ გრძელ კაბაში გამოწყობილი თითქოს გადაუფრენს სცენაზე გართხმულ ებრაელთა გვამებს. ვატო კახიძის მუსიკა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ დრამატულ სცენას.

ლევან წულაძემ სპექტაკლი იმედის მომცემი სხივით დაასრულა. დარბევის შემდეგ გურანდა გაბუნიას ბებია შემოდის სცენაზე. ტრაგედიამ იგი ინვალიდის სავარძლიდან წამოაყენა. ბებია ანა გრიგოლიას პერსონაჟს უახლოვდება, ჩვილ ბავშვს იყვანს ხელში, შემდეგ არწევს მას და ისევ ებრაული „ნანას“ ჰანგები გაისმის. ბავშვი გადარჩა და მომავლის რწმენა ჯერ კიდევ არსებობს. რეჟისორისა და კომპოზიტორის მიერ შექმნილი გამომსახველობითი თუ მუსიკალური რიგი მაყურებელში თანაგანცდას იწვევს, შეუძლებელია ცრემლის შეკავება ამ ეპიზოდის ყურებისას. სპექტაკლი დამთავრდა და პაკლონზე გამოსულ მსახიობთა თვალებზეც განცდილისგან გამოწვეული  ცრემლი მოსჩანდა.

ვინ აძლევს ადამიანებს იმის უფლებას, რომ სხვა ადამიანები დაამცირონ, დაარბიონ, გააცამტვერონ, გაანადგურონ ფიზიკურად და სულიერად? ამ კითხვას მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ ლევან წულაძის სპექტაკლში ფინალისკენ დოსტოევსკის წერილის წაკითხული ამონარიდი უპასუხებს. მოულოდნელი და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი იყო ჩემთვის დოსტოევსკის  უცნობი წერილის ნაწყვეტი, რომელშიც იმდენი ღვარძლი, არაადამიანური, არაჰუმანური დევს... დიდი მწერალი,  ჰუმანური, პროგრესული იდეების ნაცვლად სიძულვილსა და ძალადობას ქადაგებს. ალბათ, ამიტომაც ხდებოდა ებრაელთა სასტიკი დარბევები რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში. მოწინავე ინტელექტუალები ხელ-ფეხს უხსნიდნენ მასებს ძალადობისკენ და თანაც ამას რელიგიურ სარჩულსაც უდებდნენ და ქრისტეს სახელით მოქმედებდნენ.

შემოქმედებითმა ჯგუფმა ცოდვა-მადლით,  ადამიანური ურთიერთობებითა და გრძნობებით აღვსილი სამყარო შექმნეს სცენაზე და არაჩვეულებრივად, ხატოვანად მოიტანეს მაყურებლამდე.

მაკა ვასაძე