ბაკულას ღორები - მაკა ვასაძე

ბაკულას ღორები - მაკა ვასაძე

უიმედოდ დარჩენილი, ანგელოზმიტოვებული სამყარო 

თეატრი - ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გლობალური ხელოვნებაა მსოფლიო კულტურაში. მუდმივი ძიების, განახლების პროცესში იგი იცვლის ფორმებს, შინაარს, ხერხებს, გამოხატვის საშუალებებს, უბრუნდება საწყისებს, განვლილ ეტაპებს, იღებს წარსულიდან ამა თუ იმ ელემენტს, გადაამუშავებს და ისევ ახალს ქმნის. იდეა კი უცვლელი რჩება, თამაშის ენით - ელაპარაკოს ადამიანებს, დააფიქროს, შთააგონოს, ემოციურად დატვირთოს, დიალოგზე გამოიწვიოს.

ქართულ დრამატურგიაზე ფიქრისას, უპირველეს ყოვლისა,  დავით კლდიაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის სახელები ამოტივტივდება. ორი ქართველი კლასიკოსი, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ქართული თეატრი და რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებასა თუ ჩამოყალიბებაში. XX - XXI საუკუნეებში, ქართულ თეატრში არ ყოფილა პერიოდი ამ ორი კლასიკოსის ნაწარმოებების განხორციელების გარეშე. წლიდან წლამდე თეატრალური სეზონი ისე არ ჩაივლის, რომ დავით კლდიაშვილის დრამატურგიული თუ გასცენიერებული პროზაული ნაწარმოები არ დაიდგას რომელიმე თეატრში. უფრო მეტიც, გამოჩენილი ქართველი რეჟისორების საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლების ჩამონათვალში აუცილებლად გაიჟღერებს დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი. რამდენიმე მათგანს დავასახელებ, რობერტ სტურუას და თემურ ჩხეიძის „სამანიშვილის დედინაცვალი“, მიხეილ თუმანიშვილის „ბაკულას ღორები“, შალვა გაწერელიას „ირინეს ბედნიერება“, რობერტ სტურუას „დარისპანის გასაჭირი“,  და სხვ. კლდიაშვილის ნაწარმოებებში არსებული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემატიკა ყველა დროში აქტუალური და მნიშვნელოვანია, მის ნაწარმოებებში არსებული ტრაგი-კომიკური პერსონაჟები და ტიპაჟები კი იმდენად „ცოცხლად“ ჰყავს ავტორს შექმნილ-გამოძერწილი, რომ მსახიობები მათ საინტერესო, ხორცსავსე სცენურ პერსონაჟებად გარდაქმნიან.

თანამედროვე თეატრის (არ აქვს მნიშვნელობა გამოხატვის ფორმას, ხერხს) ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ძირითადი კომპონენტია: პიესა, რომლის სასცენო ვარიანტს ქმნიან: დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობები; მუსიკა; მხატვრული  გაფორმება (განათებისა და ინსტალაციების შემცველობით). დრამატურგის თვალსაზრისით, პიესა, რომელიც არ დადგმულა თეატრში - სრულყოფილი ტექსტია, სრულყოფილი შეტყობინებაა მკითხველისთვის. თეატრის თვალსაზრისით - ეს მხოლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია სასცენო ტექსტის, „შეტყობინების“ შესაქმნელად. თეატრისთვის „შეტყობინება“ შეიძლება იყოს მხოლოდ სცენური დადგმა. ორივე „შეტყობინება“ კი, რა თქმა უნდა, ადამიანთა შორის დიალოგისთვის იქმნება.

პოსტდრამატულ თეატრში რეჟისორი სპექტაკლის სრულუფლებიანი ავტორია. რეჟისორი სათქმელის გადმოსაცემად ამა თუ იმ ნაწარმოების მიხედვით ქმნის სასცენო ტექსტს. ლევან წულაძის მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებული დადგმა, კლდიაშვილის  „ბაკულას ღორების“ მიხედვით შექმნილი სათეატრო ტექსტი, ნაწარმოების კიდევ ერთი ახლებური წაკითხვა-ინტერპრეტირებაა.

ლევან წულაძემ სპექტაკლი  თავის მასწავლებელის გიზო ჟორდანიას ხსოვნას მიუძღვნა. რეჟისორმა თანადამდგმელ ანა ცუცქირიძესთან ერთად კლდიაშვილის „ბაკულას ღორების“ ძირითადი ქარგა, ფაბულა დატოვა. რეჟისორებმა ახალი, გამოგონილი ტექსტების ჩართვით, კუპიურებით, გადაადგილებით, ახალი სიტუაციებისა, ახალი პერსონაჟებისა თუ ტიპაჟების ჩამატებით, პერსონაჟთა ხასიათებისათვის ახალი შტრიხების დამატებით, კომიკური თუ დრამატულ-ტრაგიკული მომენტების გამძაფრებით, კლდიაშვილის ნაწარმოებში არსებული პრობლემატიკა კიდევ უფრო განაზოგადეს. დამდგმელებმა კლდიაშვილის „ბაკულას ღორებით“ მაყურებელთან დიალოგისთვის თავისი სასცენო ტექსტი-შეტყობინება შექმნეს. შეიძლება საკამათო, ზოგისთვის მიუღებელი, მაგრამ მაღალი პროფესიონალიზმით, უშრეტი სარეჟისორო ფანტაზიით, უხვი კომიკური სიტუაციებითა და დიალოგებით გაჯერებული, დრამატიზმით აღსავსე, ტრაგიკულობამდე აყვანილი აპოკალიფსური ფინალით. სათეატრო, მეტაფორული ენით გადმოსცეს რეჟისორებმა თავისი სათქმელი: ერთი საუკუნე გვაშორებს კლდიაშვილის ნაწარმოებსა თუ სპექტაკლში ასახულ ეპოქას, მაგრამ ჩვენი ქვეყნის, ადამიანთა ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ისევ ისეთი არაფრის მქონე, გაყვლეფილი, კეთილი, სათნო, ამავდროულად კუდაბზიკა ამპარტავნებად დავრჩით. ღორების თარეშისგან თავდასახსნელად ისევ სხვაგან ვეძებთ სამართალს, თავშესაფარს, მაგრამ ამაოდ. ის ვისგანაც დახმარებას ველით ყველაზე დიდი ამაოხრებელი ღორია. შენსას ჭამს, სვამს, შენსას მოიხმარს, მერე მოგიტრიალდება და უფროსი ძმისა თუ დის პოზიციიდან ვითომ „ჭკუას“ გასწავლის, სინამდვილეში კი მიწასთან გასწორებს, განადგურებს. ყველაზე დიდი ტრაგედია კი ისაა, რომ შენ ამ მაოხრებლის თავგასულ, უვიც, უხეშ, ტლანქ დიქტატს თავდახრილი ემორჩილები, მასთან ერთად ღრეობ, მის უხეშ ძალას ემონები და ამ ყველაფრისგან თავდახსნას არ ცდილობ. უფრო სწორედ, წინააღმდეგობის გაწევის, შებრძოლების მაგივრად - დეპრესიულ სასოწარკვეთას მიეცემი. ხელებს იქნევ, იმუქრები, მაგრამ შენი მუქარა და ხელების ქნევა მხოლოდ ბაქიაობაა და მეტი არაფერი. შენ უძლური, უსუსური ხარ უხეში ძალის წინაშე... და, სამწუხაროდ, არავითარი მომავლის იმედი...

რამდენიმე წელია ლევან წულაძე თავად ქმნის საკუთარი სპექტაკლების დეკორაციას. მის დადგმებში მნიშვნელოვანი დატვირთვა ენიჭება  სცენოგრაფიას და განათებას. ლევან წულაძე სასცენო სივრცის ყოველ კუთხე-კუნჭულს ითვისებს და ამბიდან გამომდინარე მაყურებელს განწყობას უქმნის. განწყობისა თუ სხვადასხვა ასოციაციის გამომწვევია, აგრეთვე, მის მიერ  განათებული სასცენო სივრცეც. ერთმანეთში გარდამავალი ფერთა გამა მომაჯადოებელია. ამჯერადაც, მაყურებელთა დარბაზში შესულს, მისი თეთრ ფერებში გადაწყვეტილი, ჰაეროვანი, მომნუსხველი, დახვეწილი სცენოგრაფია თითქოს იმ სამყაროში „გითრევს“, გადაყავხარ, რომელშიც სულ რამდენიმე წუთში „ბაკულას ღორების“ ამბავი გათამაშდება. ფიცარნაგით ამაღლებული სათამაშო მოედანი გალაქტიონისა და ზენათის კარმიდამოს ასოციაციას ბადებს. ლევან წულაძის რეჟისურისათვის დამახასიათებელია კინოხერხების გამოყენება. ამჯერად, მის მიერ შექმნილმა სათამაშო სივრცემ კინოდარბაზი მომაგონა. ტრაპეციის ფორმის ორ გვერდითა კედელს, რომლებზეც ორ-ორი თაღოვანი კარია, სიღრმეში ჩარჩო-ეკრანი კრავს. მის მიღმა თითქოს გამჭვირვალე, თეთრი,  ულამაზესი, მისტიკური, ფოთლოვანი ტყე მოჩანს, რომელიც განათების მეშვეობით ფერს იცვლის: თეთრი, იასამნისფერი, ვარდისფერი ფერები ხან, ერთმანეთს ერწყმის და ხან, ენაცვლება.  სცენაზე არაფერია ზედმეტი, დეკორაციასა თუ რეკვიზიტში არსებული ყოველი ნივთი,  დეტალი, ქმედების მსვლელობისას გათამაშდება. ძველებური ქართული სოფლებისთვის დამახასიათებელი ხის ტახტი, რამდენიმე სკამი, ღამის ნათურა, ნავთის ლამპა, დიდი, ყავისფერი ძველებური ჩემოდანი, რამდენიმე ადგილას წიგნების შეკვრა, ერთ-ერთი მათგანი ხანდახან გრძელი, სახელდახელოდ გაკეთებული ხის მაგიდის ფეხის ფუნქციასაც ასრულებს, ფეხზე შემდგარი ძველებური ჭოგრიტი და უზურგო სავარძელი, ფინალისკენ სადღესასწაულოდ გაშლილი სუფრა და XX საუკუნის დასაწყისის მოდელის დიდი წითელი მანქანა. მისტიკურობის შეგრძნების აღმძვრელ  სივრცეში განათავსეს რეჟისორებმა კლდიაშვილისეული პერსონაჟები და ტიპაჟები. ლევან წულაძის სცენოგრაფიით იქმნება სამყარო, რომელშიც რეჟისორს მაყურებელთა დარბაზში შესვლითანავე შეყავხარ. ამასთანავე, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ მაყურებელთა დარბაზი და სცენა გაერთიანებულია, ერთმანეთში გადადის.

ნინო სურგულაძის კოსტიუმები, ზურაბ გაგლოშვილის მუსიკალური გაფორმება, გია მარღანიას ქორეოგრაფია სპექტაკლის  კონცეფციიდან გამომდინარეა და მაყურებელს რეჟისორთა ჩანაფიქრის ზუსტად აღქმაში ეხმარება. ზურაბ გაგლოშვილის  შერჩეული რომანტიკულ-მისტიკური ხასიათის მუსიკა წარმოდგენის გრძნობათა ბუნებისა თუ მაყურებლის განწყობის თანხვედრია, სპექტაკლის პლასტიკურ ნახაზს სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას მატებს.  ზურაბ გაგლოშვილის მიერ შექმნილი მუსიკალური რიგი შეუმჩნევლად მონაწილეობს სპექტაკლის საერთო ტონალობის შექმნაში, მის ესთეტიკურ და დრამატურგიულ ჟღერადობაში. გია მარღანიას ქორეოგრაფიული ნახაზი  კიდევ უფრო ამძაფრებს სპექტაკლის კომიკურ, ირონიულ, დრამატულ თუ ტრაგიკულ სტილისტიკას. მსახიობების მოძრაობა თავისუფალი და მსუბუქია. მუსიკა და ქორეოგრაფია მსახიობებს ეხმარება პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი პლასტიკის შექმნაში. მსახიობთა ჟესტიკულაცია, მიმიკა, მიხვრა-მოხვრა, მოძრაობა განსაკუთრებული, მხოლოდ ამა თუ იმ ტიპაჟისთვიის განკუთვნილი და მაყურებლისათვის დასამახსოვრებელია. ნინო სურგულაძის დახვეწილი, ესთეტური კოსტიუმები სპექტაკლში ასახული ეპოქის გამომხატველია, ყოველი პერსონაჟისა თუ ტიპაჟის შინაგანი ბუნების, ხასიათის ზუსტად ამსახველია. სცენოგრაფიასა და კოსტიუმებშიც უფრო მეტად სჭარბობს თეთრი, ნათელი ფერი,  ამა თუ იმ განვითარებული ამბის, ეპიზოდის კონცეფციიდან გამომდინარე, საჭიროებისამებრ,  კონტრასტული ფერები და ტონალობებიცაა გამოყენებული. მაგალითად, წითელი, შავი, ოქროსფერი.

კლდიაშვილის „ბაკულას ღორებში“ სულ რამდენიმე პერსონაჟია: გალაქტიონ ხოსოლიანი, მისი ცოლი ზენათი, მათი შვილები პიტია და კიკილო, ზენათის ნათესავი მაზრის სამართველოს თარჯიმანი ალექსანდრე შარაქაძე, მაზრის სამმართველოს სეკრეტარი ვასილ ვასილიჩი, ახალგაზრდა მღვდელი და რამდენიმე მეზობელი, რომლებიც ფინალისკენ გამოჩნდებიან. ლევან წულაძემ და ანა ცუცქირიძემ სპექტაკლში საგრძნობლად გაზარდეს მოქმედ პირთა რაოდენობა: დადგმაში 22 პერსონაჟი და ტიპაჟია გამოყვანილი. შეცვლილია მათი სახელები თუ გვარები. მაგალითად, გალაქტიონის გვარი  კოხრეიძედ  გადაკეთდა, ზენათი თავად ლორთქიფანიძედ იქცა, ასევე მისი ბიძაშვილი ალექსანდრეც ლორთქიფანიძე გახდა, პიტიას პისტი შეარქვეს და ა. შ.  გვარების და სახელების ცვლილებასთან ერთად პერსონაჟთა ხასიათები ახალი შტრიხებით შეივსო. შეცვლილია მოქმედების დროც. ნაწარმოებში განვითარებული ამბავი, მეფის რუსეთის პერიოდში, რევოლუციამდელ საქართველოში ხდება. სპექტაკლში მოქმედება რევოლუციის შემდგომ პერიოდში მიმდინარეობს. ამით რეჟისორებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ  სახელმწიფო წყობის მიუხედავად,  რუსეთი დამპყრობელ იმპერიალისტურ ქვეყნად რჩება. არა აქვს მნიშვნელობა, ჩინოვნიკი მეფისა თუ სოციალისტური რუსეთის სამსახურშია, მისი „ბატონ-პატრონული“ აზროვნება, მსოფლმხედველობა არ იცვლება. თავად უსაქციელო, უმგვანო  რუსი ჩინოვნიკი ყოველთვის დამრიგებლური, ყოვლისმცოდნე უფროსი „ძმის“ ან „დის“ პოზიციიდან გელაპარაკება. ცვლილებებისა თუ დამატებების მიუხედავად, პერსონაჟებიც და მთლიანობაში სცენაზე გათამაშებული ამბავიც კლდიაშვილის ნაწარმოებებიდან  გამომდინარეა. რეჟისორებმა დავით კლდიაშვილის ნაწარმოებთა სტილისტიკა და ფორმა შეინარჩუნეს: პერსონაჟთა ხასიათები, იუმორი, კომიზმი და დრამატულობა, კონკრეტული ამბიდან განზოგადებული სურათის შექმნით. აღსანიშნავია, რომ მრავალპერსონაჟიან თუ ტიპაჟიან სპექტაკლში, რეჟისორთა მიერ კონკრეტულად მიცემული ამოცანების მეშვეობით, როლის სიდიდის და სცენაზე ყოფნის ხანგრძლივობის მიუხედავად, უკლებლივ ყველა მსახიობმა დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს.

ნიკა თავაძის გალაქტიონი და ნატა მურვანიძის ზენათი - გაღატაკებული ქართველი თავად-აზნაურობის წარმომადგენლები არიან.  ამისდამიუხედავად, შენარჩუნებული აქვთ ღირსების გრძნობა. მსახიობები შუახნის ასაკს მიტანებულ, საკმაოდ სიმპათიურ, განათლებულ, რომანტიკულ, ერთმანეთისადმი სიყვარულითა და პატივისცემის გრძნობით აღსავსე პერსონაჟებს განასახიერებენ. ნიკა თავაძე მეოცნებე რომანტიკოსს თამაშობს. ქართველ თავად-აზნაურთა მსგავსად, ახალგაზრდობაში სამხედრო კარიერას მეფის რუსეთის ჯარში სამსახურით იკეთებდა. ჯარის დაშლის შემდეგ, უსახსროდ დარჩენილი, ოჯახთან ერთად, იმერეთში, საგვარეულო მამულში დასახლდა. ნიკა თავაძის გალაქტიონს სამხედრო სამსახურიდან გატაცებაღა შემორჩა: ძველ დიდ ჩემოდანში ბოროდინოს ბრძოლის მაკეტი აქვს გაკეთებული, ხისგან გამოჯორკნილი გენერლებითა თუ ჯარისკაცებით, ისტორიული ფიგურებით. ცნობილი ისტორიული ბრძოლის რეკონსტრუქციითა თუ სათამაშო მებრძოლების მუნდირების კვაწარახის წვენით შეღებვით  ირთობს თავს. ნატა მურვანიძის ზენათი, ლამაზი, კოპწია იმერელი ქალია. ლორთქიფანიძის ქალის  გატაცება ახლ-ახალი მწვანილის ჯიშების გამოყვანაა. თავის საყვარელ გალასთან, ასე მიმართავს ნატა მურვანიძის ზენათი გალაქტიონს, დიდ ხის საყავავილეში დამყნობილი მწვანილების ჯიშები მოაქვს, რომ თავი მოიწონოს. ცოლის გამომგონებლობით აღრფთოვანებული „გალა“, ზენათის „პეტრუშკისა“ და რეჰანის ნამყენისაგან გამოყვანილი ჯიშის ჩითილს, თავის „ბოროდინოს ველზე“, ნაპოლეონ ბონაპარტის საჩრდილობლად იყენებს. ნიკა თავაძის და ნატა მურვანიძის პერსონაჟები გრიმით, კოსტიუმებით, პლასტიკით, ჟესტიკულაციით რაღაცით კოლომბინას და არლეკინის ასოციაციასაც ბადებენ. თუმცა მათი შინაგანი სამყარო კლდიაშვილისა და ჩეხოვის პერსონაჟთა ერთგვარი სიმბიოზიცაა. რეჟისორებსა და მსახიობებს კონტრასტული ხერხების გამოყენებით აქვთ აგებული ამ ორი პერსონაჟის სახე-ხატები. ისინი, ერთი შეხედვით, თითქოს შეუთავსებელი ხასიათის თვისებებს ავლენენ. ნიკა თავაძის გალაქტიონი ერთდროულად თავაზიანი, გულკეთილი მეოცნებეცაა და ამავდროულად, წყობიდან გამოსული, ერთობ ემოციური, ფიცხი ადამიანიც. სამსახიობო ოსტატობის საუკეთესო გამოვლინებაა, ნატა მურვანიძის ზენათის გადასვლა-გარდაქმნები ცოტათი მელანქოლიური, თავაზიანი, გულკეთილი, ყველას მოყვარული და ყველაზე მზრუნველი ქალიდან, გაცხარებული მაწყევარი ქალის ტიპაჟზე. მსახიობი  ბუნებრივად, მაღალპროფესიონალურად გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში. რეჟისორთა გადაწყვეტითა და მსახიობის შესრულებით ეს ეპიზოდები ერთდროულად კომიკურობისა და დრამატულობის ელფერის მატარებელია. მაყურებელი თან გულიანად იცინის და თან სევდაც ეუფლება. ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე დამახასიათებელი პლასტიკით, მიხვრა-მოხვრით, ჟესტიკულაციით, მიმიკით, შინაგანი ბუნების, ხასიათის გამომხატველი მეტყველების მანერით ქმნიან თავიანთ დაუვიწყარ პერსონაჟებს. კლდიაშვილისეულ ზენათს და გალაქტიონს რეჟისორმა და მსახიობებმა რამდენიმე შტრიხი დაუმატეს. უპირველეს ყოვლისა ისინი უფრო მაღალი წრის წარმომადგენლები არიან, ვიდრე ეს მოთხრობაშია. ნატა მურვანიძის ზენათი უფრო დახვეწილი, ჰაეროვანი, რაღაცით მელანქოლიურიცაა. თუმცა კაპასი იმერელი ქალის თვისებებიც შენარჩუნებული აქვს. ნიკა თავაძის გალაქტიონი მეოცნებე, რაღაც მომენტებში ცოტათი დაბნეული, განათლებული რომანტიკოსია.  ნიკა თავაძის გალაქტიონისა და ნატო მურვანიძის ზენათის გარშემო იყრიან თავს წარმოდგენის დანარჩენი პერსონაჟები. ისინი სპექტაკლის მთავარ მამოძრავებელ ღერძს წარმოადგენენ, მათ გარშემო ვითარდება მოვლენათა ქმედითი რიგი.

რეჟისორებმა ხასიათთა მთელი გალერეა შექმნეს. კლდიაშვილის მოთხრობასთან შედარებით უფრო მეტი დატვირთვა მიენიჭათ გალაქტიონისა და ზენათის შვილებს: ანა ვასაძის პისტის (მოთხრობაში პიტია) და კოკო როინიშვილის კიკილოს. პისტი და კიკილო ბუნებაში გაზრდილ ლაღ მოზარდებს განასახიერებენ. ანა ვასაძე ანცი ეშმაკუნას ტიპაჟს ქმნის. რეჟისორის ჩანაფიქრით იგი პიგმალიონის თავისებური პროტოტიპია. დასაწყისში გაბურძგნული, მოუწესრიგებელი, მოუსვენარი, მუდმივად ძმის მწვალებელი, მაწაკი ხასიათის „გომბიო“ ულამაზეს ქალიშვილად გარდაიქმნება. ბაკულას მაოხრებელი ღორებისგან თავდასახსნელად, გალაქტიონის გადაწყვეტილებით ოჯახი ქალაქში მიემგზავრება, მაზრის სამმართველოში მომსახურე ზენათის ნათესავ - შაშასთან დახმარების სათხოვნელად. გალაქტიონის აზრით, თუკი შაშა და მისი უფროსი, სეკრეტარი სახლში ეწვევიან, მეზობელი ბაკულა შეშინდება და საჭმლის მაძიებელ მშიერ ღორებს,  მათ ეზოს აღარ შემოუსევს. ცოლ-ქმარი დიდი ხანია ქალაქში არ ყოფილან და საქმესთან ერთად, სულიერი საზრდოს მისაღებად, ოპერაში წასვლასაც გეგმავენ. შვილების წაყვანასაც გადაწყვეტენ. ზენათის თქმით, საკმაოდ მოზრდილმა ბავშვებმა ოპერაში ქცევის წესები უნდა ისწავლონ.  მთელი ოჯახი და სამეზობლო ემზადება კოხრეიძეების ქალაქში გასამგზავრებლად. სამზადისთან დაკავშირებული სასიამოვნო  ფუსფუსია მათ ეზოში. ამ დროს ანა ვასაძე - პისტი ხმამაღლა დასჭყივლებს - არ დევიბან მე თავსო... მეზობლები და ოჯახის წევრები დაიჭერენ, გაკოჭავენ, გამოათრევენ ვარცლს, ჩამოაფარებენ დიდ თეთრ ტილოს და სახელდახელოდ მოწყობილ აბაზანაში ძალით ბანენ ურჩ პისტის. ამ მომენტში მეოცნებე გალაქტიონს, ჯერ კედლებზე, მერე კი თეთრ ზეწარზე პატარა ანგელოზი გამოეცხადება. რეჟისორიების მიერ მოფიქრებული ულამაზესი და გულის ამაჩუყებელი სცენა, ნიკოლოზ გაგლოშვილის მიერ გაკეთებული ვიდეოინსტალაციის მეშვეობით გათამაშდება. თეთრ ტილოს ჩამოსწევენ და მაყურებლის თვალწინ ულამაზესი, შავ-თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი პისტი წარსდგება. სცენაზე მყოფ პერსონაჟებსაც და მაყურებელსაც გაოცების აღმნიშვნელი ხმა აღმოხდებათ. თავად გალაქტიონიც კი ძლივს იცნობს საკუთარ შვილს. ანა ვასაძის პისტი უხერხულად იშმუშნება და გარშემომყოფთა რეაქციიაზე, მიამიტურად კითხულობს: რა, რაო... ახალგაზრდა მსახიოობი, მუდმივად მუშაობს სცენაზე, არა აქვს მნიშვნელობა, აქტიურადაა ჩართული ქმედებაში, თუ პასიური თანამონაწილეა. მისი რეაქციები, შეფასებები ზუსტია და სცენაზე განვითარებული ამა თუ იმ ეპიზოდის არსის თანხმიერია. მაგალითად, კანტორაში ყოფნისას, პისტისა და ნოდარ ძოწენიძის ჯარისკაც ლოჩაფიძეს შორის გაბმულ უსიტყვო ურთიერთმოწონება-არშიყისას, ანა ვასაძე მხოლოდ სახის მიმიკით, ყბის კომიკური მოძრაობით გადმოსცემს თავისი პერსონაჟის შინაგან განცდებს. კოკო როინიშვილი სოფელში გაზრდილ მიამიტ, მიმნდობ, მომწიფების ასაკში შესულ  ბიჭს თამაშობს. მსახიობის მიერ პერსონაჟისათვის დამახასიათებელი, ზუსტად მიგნებული პლასტიკა, მიხვრა-მოხვრა, ჟესტიკულაცია და მიმიკა, კიკილოს შინაგანი ბუნების გამომხატველია.  რეჟისორებსა და მსახიობებს სწორედ აქვთ დაჭერილი და გადმოცემული ამ ასაკის და-ძმისთვის დამახასიათებელი  მუდმივი კინკლაობა. კოკო როინიშვილის სიმწიფის ასაკში შესულ კიკილოს ჰორმონები თავში „უკაკუნებენ“. ლამაზი ქალის დანახვაზე კოკო-კიკილო შეშდება, ვეღარ ინძრევა ხოლმე, მერე კი აღმოხდება: ძალიან დამცხაო... კოკო როინიშვილი თავისი კიკილოს გარეგნულ გამოხატულებაში, პლასტიკაში, მიხვრა-მოხვრაში, ჟესტიკულაციაში, ამ ასაკის ბიჭისთვის დამახასიათებელ მოუქნელ, ცოტათი ხისტ მოძრაობებს იყენებს. კოკო-კიკილოს უაზრო ქმედებებში, სახის გამომეტყველებასა და მიმაკშიც, მხოლოდ „ერთ რამეზე“ მოფიქრალი ყმაწვლ-კაცის „ოცნებები“ აისახება.

ზევით აღვნიშნე, რომ რეჟისორების მიერ სწორად მიცემული ამოცანების მეშვეობით, სპექტაკლში მონაწილე ყველა მსახიობი დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ქმნის. როლის სიდიდის მიუხედავად, ოცდაორივე მსახიობის მიერ განსახიერებული პერსონაჟი თუ ტიპაჟი განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხასიათითა თუ თვისებით გამოირჩევა. რეჟისორები და მსახიობები გამოგონილი როლებით ხასიათთა მთელ გალერეას ქმნიან.  როლანდ ოქროპირიძის კუკური კოხრეიძის ტიპაჟი, ტიპური იმერელი გულკეთილი, კეთილშობილი, ქალების მუსუსი, გაღორმუცელებული, უსაქმური ბაქიაა. ბაჩუკი დოღონაძის და თამარ ბუხნიკაშვილის ლონგინოზ კეკელიძის და პაპულას წყვილი, ძალიან სასაცილოა. ბაჩუკი-ლონგინოზი მკვირცხლი, ყველაფრის საქმის კურსში მყოფი, მოურავის ნიშან-თვისებების მქონეა. თამარ ბუხნიკაშვილის პაპულა კი ქმარში უგუნოდ შეყვარებული, ცოტათი მოსულელო ქალია. პაპულა თუთიყუშივით იმეორებს ქმრის (და არა მარტო) სიტყვებს, შეკითხვას იმავე შეკითხვით პასუხობს, რეჟისორების მიერ მოგონილი ეს ხერხი,    ამ წყვილის კომიკურ ელფერს კიდევ უფრო ამძაფრებს. ნინო გაჩეჩილაძის ყუნწულა „ლამაზმანია“, მაგრამ, ამავდროულად, აბსოლუტურად უტვინო ქალის ტიპაჟია. რეჟისორული გამომგონებლობით აღსავსე ღორების „პირველი შემოსევის“ ეპიზოდში, როდესაც სცენაზე ალიაქოთია, ყველა აქეთ-იქეთ გარბის, კომიკურია ნინო-ყუნწულას მცდელობა თავს უშველოს. რამდენჯერმე გაექანება და თავით ასკდება კედელს, კარში გასვლას ვერ ახერხებს, ბოლოს მისი ქცევით გაკვირვებული კუკური უშველის და გაიყვანს. მარიამ სუჯაშვილი კუკრიში შეყვარებულ, კოხრეიძეების ოჯახის ერთგულ მოსამსახურე შურას განასახიერებს. ონისე ონიანის ალკიბიადე სპეტაკოვი, ნიკა კუჭავას რიკოვი, ზურაბ ბერიკაშვილის ტაფელოვი, თეონა ქოქრაშვილის შარლოტა და ანა გრიგოლიას კამელია ტიპურ გაქნილ ჩინოვნიკებს განასახიერებენ. ამასთან რიკოვი და ტაფელოვი ქალების მუსუსი მოარშიყეებიც არიან. ალკიბიადე მექრთამე ჩინოვნიკის ალღოთი გამოირჩევა. ანა გრიგოლიას კამელია ქალაქში მცხოვრები ყუნწულას ორეულია, რაც კანტორის მუშაკების კოხრეიძეების ოჯახში სტუმრობისას მათ იდენტურ კოსტიუმებშიც აისახა. შარლოტა კი ფემინისტი ათეისტის თვისებების მატარებელია. კომიკურ-ირონიულია ირმა ბერიანიძის დუდუხუნა იშხნელი კოკელაშვილისა და გიორგი კიკნაძის ფუცუს დუეტი. შუახნის, კლიმაქტერიულ ასაკში მყოფი ლამაზი ქალბატონის და ახალგაზრდა მამაკაცის ურთიერთობა ბუნდოვანია. მართალია დუდუხანა და ფუცუ კანტორაში შვილობის გასაფორმებლად მიდიან, მაგრამ მინიშნებებით აშკარა ხდება, რომ მათი ურთიერთობა უფრო ინტიმური ხასიათის უნდა იყოს. თემურ კილაძის ტურიკო და ზაზა გოგუაძის გურიკო, კეთილშობილი, განათლებული, პატიოსანი გაღარიბებული თავად-აზნაურობის ტიპური წარმომადგენლები არიან. დავით ხურცილავა,  კლდიაშვილის მოთხრობაში არსებულ, ჩინოვნიკის სამსახურის დაკარგვის შიშითა და ამდენი ცვლილებით გადაღლილ, ზენათი ლორთქიფანიძის ბიძაშვილ შაშას განასახიერებს. კინოხერხების გამოყენებით შექმნეს რეჟისორებმა შაშას კანტორაში პირველი გამოჩენისა და „სეკრეტარის“ კაბინეტში შესვლის სცენა. დავით ხურცილავას შაშას უფროსის კაბინეტისკენ სვლა ერთ გრძელ კინოკადრს მოგაგონებთ. შაშას ჩავლისას ხელქვეითები ასმევენ ყავას, აცმევენ კოსტიუმს, უვარცხნიან თმას.

კლდიაშვილის მოთხრობაში ფინალისკენ ახალგაზრდა მღვდელიც გამოჩნდება. რეჟისორების გადაწყვეტით ბესო ბარათაშვილის მღვდელი შუახნის მამაკაცია. იგი კეთილ, პატიოსან, იუმორის მქონე, ესსების შემქმნელ პერსონაჟს განასახიერებს. მის ტიპაჟში რეჟისორებმა ჩვენს თანამედროვე სამღვდელოებაში არსებული პრობლემებიც ასახეს. მაგალითად, სცენაზე პირველივე შემოსვლისთანავე ბესო-მღვდელი დაგვიანებისთვის მოიბოდიშებს და ამბობს: ეს სასულიერო პირები ჯორებით დავდივართ, ცხენი არ შეიძლებაო. მისი ეს ფრაზა მაყურებელის სიცილს იწვევს. დღეს, როდესაც მღვედლთმსახურთა უმრავლესობა შავ ჯიპებს დააგელვებს, მისი გამონათქვამი, რა თქმა უნდა,  ირონიულად ჟღერს.

რეჟისორებმა „კანტორის სეკრეტარი“ ვასილ ვასილიჩი ქალად გარდაქმნეს. მანანა კოზაკოვას ვასილ ვასილიჩი კოსტიუმით, გამომსახველობითი ხერხებით, მეტყველების მანერით ე. წ. „Бой Баба“-ს ერთგვარი განსახიერებაა, რომელიც ვერ აიტანს გურიკოს საქართველოს ნათელი მომავლის სადღეგრძელოს და გამაცამტვრებელ, მიწასთან გამასწორებელ გრძელ სიტყვას წარმოთქვამს. ჩემში მისმა ქცევამ, ქმედებებმა მთავარი მაოხრებელი ღორის ასოციაცია აღძრა. მისი ყველასადმი უცერემონიო დამოკიდებულება, დამრიგებლური ტონი, ვითომ იუმორი გამაღიზიანებელია. არაფრის და არავის რიდი და პატისვისცემა არა აქვს. ყველაფერი მის ნება-სურვილს უნდა ემორჩილებოდეს. Ничего не будет, мир рушится, а вы сидите тут и чирикаите - ამით ასრულებს თავის გამანადგურებელ სიტყვას.  ბოლოს კი მბრძანებლური ტონით წარმოსთქვამს: А теперь гуляем... გარშემომყოფნი თავიდან გაოგნებულები შეშდებიან, მერე კი, სამწუხაროდ, თავდავიწყებულ ღრეობას იწყებენ. რეჟისორების მიერ დადგმული ეს სცენა: ვეფხისტყაოსნის სასმელად გამოყენება, თავდაყირა დალევა, გიჟური როკვა, სამყაროს აპოკალიფსური დასასრულის ასოციაციას აღძრავს. ვასილ ვასილიჩი მღვდელს მბრძანებლური კილოთი მიმართავს იცეკვეო, მღვდელი შეშფოთებული უყურებს, მანანა კოზაკოვას ვასილ ვასილიჩი ანაფორაში ჩაავლებს ხელს და უხეშად გამოაგდებს საცეკვაოდ. ბესო ბარათაშვილის მღვდლის ცეკვაში ერთდროულად გამოსჭვივის ბრაზი და სასოწარკვეთა.

„ბაკულას ღორები“ სარეჟისორო გამომგონებლობითა და ფანტაზიით აღსავსე წარმოდგენაა. ხაზგასმულად კომიკურია, მაგალითად ის გარემოება, რომ სპექტაკლის ყველა გმირი, გალაქტიონიდან და ზენათიდან დაწყებული მღვდლით დამთავრებული, შიგადაშიგ „ფრანციცულად“ მეტყველებს. ულამაზესად აქვთ გადაწყვეტილი რეჟისორებს აღდგომის სცენა კოხრეიძეების ოჯახში, რომელიც კომპოზიციურად ფიროსმანის ნახატს მოგაგონებთ. საოცრად ეფექტურადაა გაკეთებული სცენა კანტორაში უამრავი ქაღალდის გამოყენებით, რომელიც თანდათან ქაღალდის მთებად იქცევა. ეს ეპიზოდი შინაარსობრივადაც დატვირთულია და პირდაპირ მიანიშნებს, ნებისმიერ დროში არსებულ,  უაზრო ჩინოვნიკურ ქაღალდომანიაზე.

საოცარად ამაღელვებელი, განსხვავებული, წინააღმდეგობრივი გრძნობისა თუ ფიქრის აღმძვრელი სპექტაკლი დადგეს ლევან წულაძემ და ანა ცუცქირიძემ: კლდიაშვილისეული ცრემლნარევი კომიკური მოთხრობა, ფინალში ტრაგედიამდე აიყვანეს. დასაწყისში, როგორც აღვნიშნე, გალაქტიონს ანგელოზი მოევლინება. ფინალში - ანგელოზი ტოვებს გალაქტიონის კარ-მიდამოს და უსასრულო სივრცეში უჩინარდება. ანგელოზის გაუჩინარება, უიმედოდ, უღვთოდ დარჩენილი ქვეყნის მეტაფორად აღიქმება. სხვადასხვა ასოციაციას ბადებენ პერსონაჟები, თუ განვითარებული მოვლენები. დამდგმელების ჩანაფიქრით კლდიაშვილისეული პერსონაჟები, დიალოგების აგებით, წყობით, გამომსახველობითი საშუალებებით, ნაწილობრივ კოსტიუმებითაც  ჩეხოვისეულ გმირებს მოგაგონებენ. ორმაგი გრძნობა დამეუფლა წარმოდგენის დასრულებისას: აღფრთოვანების და საშინელი, გაუსაძლისი სევდის. აღმაფრთოვანა: გამომგონებლობით აღსავსე რეჟისურამ, მსახიობების ნამუშევარმა, მათ მიერ შექმნილმა პერსონაჟებმა და ტიპაჟებმა, დახვეწილი გემოვნებით შესრულებულმა სცენოგრაფიამ, კოსტიუმებმა, გამოყენებულმა მუსიკამ თუ პლასტიკურმა ნახაზმა. სარეჟისორო კონცეფციამ კი უდიდესი სევდით ამავსო... ჩვენი ბედკრული ქვეყნის, უკუღმართი ცხოვრების ამბავს გვიყვება „ბაკულას ღორებით“ მარჯანიშვილის თეატრი. სათეატრო ენით ამბის თხრობისას თავიდან აგახარხარებს, ფინალში კი მწარედ გატირებს.

ვფიქრობ, მარჯანიშვილის თეატრში დავით კლდიაშვილის მიხედვით განხორციელებული „ბაკულას ღორები“, ლევან წულაძის საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლთა შორის დაიმკვიდრებს ადგილს.

 

მაკა ვასაძე