ზუბალაშვილების სახალხო სახლი

XIX საუკუნის  მეორე ნახევარში ევროპაში განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა სახალხო სახლები. წარმოდგენებთან ერთად ატარებდნენ მუსიკალურ - ლიტერატურულ საღამოებს, კონცერტებს, გამოფენებს, ლექციებს.

თბილისში 1901 წელს სახალხო სახლის დასაპროექტებლად გამოცხადებულ კონკურსში, აშენების უფლებით, გაიმარჯვა პეტერბურგელი არქიტექტორის  ს. კრიჩინსკის პროექტმა. თეატრალური ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს მეცენატმა ძმებმა ზუბალაშვილებმა და 1901 წელს თბილისის მოსახლეობისათვის თეატრის აშენება გადაწყვიტეს.

მშენებლობა დაიწყო 1902 წლის 7 ნოემბერს , ახლანდელი კოტე მარჯანიშვილისა და დიმიტრი უზნაძის ქუჩების მარცხენა მხარის კუთხეში (ამ დროისათვის კირკისა და დიდი მთავრის ქუჩები). 1907 წელს მშენებლობა დასრულდა, თუმცა ოფიციალურად 1909 წლის 4 აპრილს გაიხსნა. ძმებმა ზუბალაშვილებმა იგი საჩუქრად გადასცეს ქალაქს.

ზუბალაშვილების გვარი საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გამოჩნდა. ისინი ჩაბმული არიან ქვეყნის სავაჭრო, სახელოსნო, კულტურულ და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, საქველმოქმედო საქმიანობაში.

ვახტანგ VI-ის დროის მოღვაწე მღვდელი გიორგი ზუბალაშვილი, ქართული სტამბის გახსნის ერთ-ერთი თანამონაწილე, ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში.
მეფე ერეკლე II-ის დროის მოღვაწე რომანოზ ზუბალაშვილი კარგად იცნობდა სასტამბო საქმეს. ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძო ეს საქმიანობა. მისმა შვილებმა – დავითმა და გიორგიმ განაგრძეს მამის დაწყებული საქმე.
ზუბალაშვილებს ფართო სავაჭრო ქსელი ჰქონდათ გაშლილი ჩრდილოეთ კავკასიაში, თურქეთში, ინდოეთში.

ასევე დიდ ქველმოქმედებას ეწეოდნენ სტეფანე, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილები, მათ მიერ გაღებული თანხით ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება დასავლეთ ევროპაში.
თბილისში ძმები ზუბალაშვილების მიერ აშენებული სახალხო სახლის საძირკველში ჩატანებულია ლითონის ფირფიტა წარწერით:
"კ.ი. ზუბალოვის სახალხო სახლს საფუძველი ჩაეყარა 1902 წლის 24 სექტემბერს, ზუბალოვის შთამომავლების ლევანის, სტეფანეს, პეტრე და იაკობის მიერ. ეს სახლი შენდება ამ შთამომავალთა სახსრებით. სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობს არქიტექტორი როგოისკი, საქალაქო ინჟინერის, არქიტექტორ ს. კრიჩინსკის პროექტის მიხედვით".

სახალხო სახლის მშენებლობა 1907 წელს დასრულდა, ხოლო 1909 წლის 7 აპრილს გაიხსნა.
ახლადაშენებული ხელოვნების სახლი თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცა. 630 კაციანი დარბაზი მუდამ სავსე იყო მაყურებლით. სპექტაკლები 12 ენაზე იდგმებოდა. იდგმებოდა დრამატული და საოპერო წარმოდგენები.

სახალხო სახლის სამსართულიანი შენობის ძირითადი ნაწილია მისი თეატრალური დარბაზი, რომელიც შედგებოდა პარტერის და აივნისაგან. სცენის კიდეებში,  საორკესტრო ორმოს მარცხნივ და მარჯვნივ განლაგებული იყო ბენუარის ლოჟა; მეორე სართულზე, სცენის პირდაპირ და დარბაზის ორივე კედლის გაყოლებით აივანია განთავსებული . დარბაზის განათებას ამავე სართულის გვერდით კედლებში გაჭრილი დიდი სწორკუთხა სარკმელები უზრუნველყოფდა. ვინაიდან დარბაზში მაშინ ხელოვნური განათება არ იყო, წარმოდგენები და საერთოდ ყველა ღონისძიება, დღისით ტარდებოდა. (ამჯერად ეს ფანჯრები ამოვსებულია და დეკორის  ხასიათს ატარებს).

1930 წელს სახალხო სახლში ბინა დაიდო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულმა II სახელმწიფო ქართულმა თეატრმა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1933 წელს ) კოტე მარჯანიშვილის სახელი ეწოდა