ლაშა ჩხარტიშვილი- უცხოობაში გატარებულთა ცხოვრება მუნჯი თეატრის ენით!

ლაშა ჩხარტიშვილი- უცხოობაში გატარებულთა ცხოვრება მუნჯი თეატრის ენით!

იშვიათად შეგხვდებათ თანამედროვე ქართულ თეატრში ისეთი მაძიებელი, ჩხირკედელა და მუდმივად ექსპერიმენტატორი რეჟისორი, როგორიც მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძეა. ამის თქმის საფუძველს მის მიერ განხორციელებული სპექტაკლები გვაძლევს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ რეჟისორული ხელწერით, არამედ სტილისტიკითა და ფორმით. მის სპექტაკლებს მხოლოდ ერთი თვისება – სიკეთე და არტისტის უსაზღვრო შესაძლებლობების პრეზენტირება აერთიანებთ. კეთილი სპექტაკლების რეჟისორი სხვადასხვა ხერხებით, საშუალებებით, პრინციპებით მოგვითხრობს ადამიანებისა და ცხოვრების შესახებ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთი რეჟისორის შემოქმედებით ყულაბაში ეწყოს:  „ფაუსტი“ და „ქალი ძაღლით“ (ექსპერიმენტები ცოცხალი პლანისა და თოჯინების სამყაროში), „შეშლილის წერილები“ (ძიებები კინოსა და სცენოგრაფიის შესაძლებლობების სამყაროში), „ჟოლო“ და „ტარტიუფი“ (აღმოჩენები ადამიანების სულსა და თეატრის პირველყოფილ შესაძლებლობებში) და ახლა მის შემოქმედებაში გაჩნდა სრულიად ახალი, მისი შემოქმედებისთვის უცნობი მიმართულება – უსიტყვოდ, მხოლოდ ქმედებაზე დაფუძნებული სპექტაკლი, რომელსაც „მუნჯ თეატრს“ დავარქმევდი. რეჟისორი იყენებს მუნჯი კინოსთვის დამახასიათებელ ხერხებს, სადაც მაყურებლის პირისპირ მუსიკალური აკომპანიმენტი (როგორც პარალელური დრამატურგია) და მსახიობის ყოფითი პლასტიკა რჩება (განსაკუთრებული ქორეოგრაფიული ნახაზებისა და კონცეფციების გარეშე). როგორც მუნჯ კინოში, ლევან წულაძის მუნჯ თეატრშიც მსახიობის გამომსახველობით საშუალებებს და მუსიკას გადამწყვეტი როლი ენიჭება.

ლევან წულაძის ახალი სპექტაკლი „BEGALUT - უცხოობაში“ ჟანრების ერთიანობას წარმოადგენს. სპექტაკლში ვხვდებით კომიკურ, ტრაგიკულ, ფარსულ, მელოდრამატულ, ტრაგიკომიკურ, დრამატულ და ვოდევილის ელემენტებსაც კი. ჟანრებში რეჟისორი ამ სპექტაკლში საზღვრების მკვეთრად  გავლების გარეშე მონაცვლეობს, თუმცა კომიზმსა და ტრაგიზმს შორის ის ზღვარს წარმოდგენის მოქმედებებს შორის ავლებს. დრამატულ–მუსიკალურ სანახაობაში პირველი ნაწილი კომიკურ ფერებსა და მოტივებშია გადაწყვეტილი, ხოლო მეორე ნაწილი დრამატულ–ტრაგიკულში. ლევან წულაძე ორი ებრაული ოჯახის მაგალითზე მოგვითრობს ცხოვრების შესახებ და თითქმის არ რჩება თემა, რომელსაც რეჟისორი არ ეხება. ცხოვრებას, ადამიანებისა და მათი განცდების შესახებ, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ყოფითი პლასტიკით მოგვითრობენ. ისინი არ ცეკვავენ, არც არავერბალური თეატრის სხვა პრინციპებსა და ხერხებს იყენებენ. ისინი თამაშობენ დრამატულ სპექტაკლს უსიტყვოდ. ისინი კითხულობენ მონოლოგებს, გაითამაშებენ დიალოგებსა და მასიურ სცენებს ხმის ამოღების, ტექსტის წარმოთქმის გარეშე. სიტყვისა და შესაბამისად დრამატული ტექსტის გარეშე გათამაშებული სპექტაკლის სიუჟეტში ყველაფერი ნათელი და გასაგებია, გარდა რამდენიმე მეტაფორისა, რომელიც გვხდება სპექტაკლში და ებრაული მითოლოგიის ცოდნასაც მოითხოვს, თუმცა ამ მეტაფორებს თითოეული მაყურებელი თავისებურად ხსნის. სპექტაკლი მაყურებელს უტოვებს საფიქრალსა და გასაანალიზებელ საკითხებს, ამავდროულად აძლევს საშუალებას ამბის საკუთარი ვერსიის შექმნის. ასე მაგალითად, თეთრი მამალი ებრაელი ჭაბუკის (კოკო როინიშვილი) კოშმარული ზმანება უნდა იყოს, რომელიც პირველი გამოჩენისას რეალური, ხელშესახები, უსუსური და პატარაა, ხოლო შემდეგ მონუმენტურ და შესაბამისად მოჩვენებით ფიგურად გადაიქცევა. ეს უკვე ირეალური სამყაროა. გაფხორილ მამალს (ზუსტად ისეთს, როგორც სპექტაკლში) ჰგავს ებრაელი ჭაბუკიც ქორწინების ღამეს. მათი სიარულის მანერა თითქმის იდენტურია. ეს ის მამალია, რომლის დანახვაზეც ებრაელ ჭაბუკს გული მისდის, მამალი მისი ჰობიაა.

გაცილებით მარტივად იკითხება გაზეთის მეტაფორა, რომელიც პრესის დიდ ძალაზე, საზოგადოებაზე მისი გავლენის მასშტაბზე მიუთითებს. გაზეთში დაბეჭდილმა ერთმა ფრაზამ, რომ – ებრაელებს რუსები არ უყვართ, – შეცდომაში შეიყვანა საზოგადოების დიდი ნაწილი და ებრაელთა მიმართ აგრესიულად განაწყო, მათ შორის, ისინიც კი, ვინც პოზიტიურად იყო განწყობილი ებრაელთა მიმართ (მაგ.გივი ჩოგუაშვილის მიერ შესრულებული სამხედრო ჩინოვნიკი). ამ ეპიზოდში ნიკა კუჭავას რუსი გაზეთს წყალში ასველებს და თავზე ახურავს მოხუც გენერალს. ანუ პირდაპირი გაგებით თავზე ახვევს ამ ინფორმაციას, რომელიც მას სამუდამოდ ებეჭდება გონებაში.  

მეტაფორის ელემენტებს შეიცავს სპექტაკლის სცენოგრაფიული გადაწყვეტაც (ავტორი ლევან წულაძე). მთელი მოქმედება ქვიშაზე(ში) თამაშდება, რაც არ უნდა იყოს შემთხვევითი. ეს ატმოსფერო და მოცემულობა ამ ერისთვის დამახასიათებელი და ბუნებრივი გარემოა. ებრაელი ერისთვის უცხო არ არის უდაბნო და ქვიშა... მათ სწორედ ამ გარემოში ააშენეს ოჯახები, რომელიც სახელმწიფოს სიმბოლოცაა და გააჩაღეს ცხოვრება, როგორც სპექტაკლში. რაკი სიტყვა სცენოგრაფიაზე ჩამოვარდა, აქვე დავსძენ, რომ სპექტაკლის ავტორმა სცენა ორ ნაწილად, სივრცეებად – მოჩუქურთმებული კარადებით გაჰყო. მოქმედება კარადებს აქეთ (ჩვენს თვალწინ) და კარადებს მიღმა (უკან, სადაც ვერ ვხედავთ) მიმდინარეობს, მაგრამ ვხვდებით და ვგრძნობთ რა იგულისხმება და რა ტიპის მოქმედება მიმდინარეობს წარმოსახვით, მაყურებლისთვის თვალმიუწვდომელ სივრცეში. სცენის სიღრმე კი ცით არის დაფარული, რომელიც ხან მოღრუბლულია და ხანაც ალისფერი, როგორც დაისზე.  

მაყურებლის თვალწინ თამაშდება ორი მეზობელი ებრაული ოჯახის ისტორია, რომელიც მალე ერთ ტკბილ ოჯახად გადაიქცევა, მაგრამ როგორც ცხოვრებაში, სპექტაკლშიც ოჯახი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას. მათაც უწევთ წინააღმდეგობების, ცდუნებების დაძლევა და ბრძოლა გადარჩენისთვის, არსებობისთვის. ამ ოჯახების ისტორია ოპტიმისტური ტრაგედიაა...

ლევან წულაძის სპექტაკლის „BEGALUT - უცხოობაში“ სიუჟეტი ეყრდნობა შალომ ალეიხემისა და გურამ ბათიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ დამოუკიდებელ სიუჟეტს. რაოდენ უცნაურია, რომ ლიტერატურული ხერხების და მთავარი ინსტრუმენტის – სიტყვის გარეშე სპექტაკლში მიღწეულია მაღალი მხატვრული ხარისხის კომიზმი და ტრაგიზმი. საექსპოზიციო ნაწილში ეტაპობრივად ვეცნობით მთავარ გმირებს: ორ მეზობელ ოჯახს. პირველად მამას (ბესო ბარათაშვილი) და მის ოჯახს: მეუღლესა (მანანა კაზაკოვა) და ქალიშვილებს (ნატუკა კახიძე, ანა გრიგოლია, თეონა ქოქრაშვილი). ბესო ბარათაშვილის მამა ტიპიური ებრაელი კაცია, რომელიც სიფრთხილით, მორიდებულობით და მოკრძალებულობით გამოირჩევა. მსახიობი ოსტატურად ხატავს ერთდროულად კომიკურ და ტრაგიკულ გმირს. შეუძლებელია არ აგაღელვოს იმ ეპიზოდმა, როცა ის გარდაცვლილ მეუღლეს ეთხოვება, ან ღიმილი არ მოგგვაროს მისმა რეაქციამ, როცა მისი  ქალიშვილი ქალწულობას კარგავს. ტრაგიკული პერსონაჟია მანანა კაზაკოვას დედა. მისი გმირის ხასიათის ტრაექტორიაც გარდამავალია:  კომიკურიდან ტრაგიკულობისკენ. მსახიობს მაყურებელი სახასიათო როლებით უფრო იცნობს. ამ სპექტაკლში მანანა კაზაკოვა სრულიად ახლებური იმიჯით და სასიამოვნო შესაძლებლობებით გვევლინება – ის ქმნის ტრაგიზმით აღსავსე დედის მხატვრულ სახეს, რომელიც შვილის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს წირავს. ამ ეპიზოდში მსახიობი აღწევს ტრაგიკულ ამპლუაში გარდასახვის სიმაღლეს. ბუნებრივია, მანანა კაზაკოვა უსიტყვოდ, მხოლოდ სახის გამომეტყველებით ახერხებს მაყურებლის აცრემლიანებას, თანაც ქრონომეტრაჟით უმოკლეს ეპიზოდში. მისი სახე არის მეტყველი, რომელიც ნათლად მოგვითხრობს პერსონაჟის განცდების, შინაგანი მდგომარეობისა და განწყობის შესახებ. როდესაც ის გამოდის ოთახიდან თმებგაშლილი და შავ პერანგში (კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძე) გამოწყობილი, მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ საკუთარი სიცოცხლე შვილს უნდა შესწიროს. ის მძიმედ, მაგრამ ჩქარი ნაბიჯებით მოემართება ავანსცენისკენ, სადაც ვენებგადაჭრილი ქალიშვილი (თეონა ქოქრაშვილი) „ელის“. ამ ეპიზოდის ტრაგიკულ ატმოსფეროს ნეკა სებისკვერაძის მიერ დრამატულად შესრულებული ებრაული იავნანა „ნუმი–ნუმი“ (მუსიკალური ვერსიის ავტორი ვახტანგ კახიძე) ამძაფრებს. ტრაგიკულობის ტემპერატურა უმღლეს მწვერვალს სწორედ მსახიობის სახის მკაცრი, გაქვავებული გამომეტყველებითა, წყლიანი (და არა მომტირალი) თვალებით და მძაფრად დრამატული მუსიკალურ–ვოკალური თანხლებით აღწევს. ეს ამ პერსონაჟის საფინალო სცენაა, მანამდე კი მანანა კაზაკოვას გმირი უკიდურესად კომიკური პერსონაჟია, თავისი გატაცებებით და ამოჩემებული სასიძოს თემით. მისი ხელის სფეციფიკური მოძრაობა, რომელიც მას ხასიათსა და ჩვევაში გადასდის ზუსტად გამოხატავას დედის ვნებებს, ოცნებებსა და მიზნებს. გმირის კომიკურ და კეთილ ბუნებას.

ამ ოჯახში სამი ქალიშვილია, განსხვავებული ხასიათებით, მისწრაფებებითა და ბედისწერით. ანა გრიგოლიას გმირი თამამი, ხალასი და მოხერხებულია, მსახიობი გამუდმებით მუშაობს სცენაზე, მაშინაც კი, როცა ის მეორე პლანზეა. მისგან განსხვავებული თვისებები აქვს ნატუკა კახიძის გმირს. ის უფრო ჭკვიანი, გამჭრიახი, წინდახედული, მიმტევებელი და ტრაგიკული გმირია. მსახიობი სისადავითა და სცენური უშუალობით ხატავს სიცოცხლის მოყვარულ, ოჯახზე მეოცნებე ახალგაზრდა ქალს, რომელსაც სიყვარულში არ უმართლებს. უკიდურეს ტრაგიკულობას აღწევს მსახიობი, როცა მის გმირს ქმარი (პაატა პაპუაშვილი) მიატოვებს... ნატუკა კახიძის გმირი იბრძვის ბოლომდე, როგორადაც შეუძლია, მაგრამ ამაოდ. სახლში დაბრუნებული დეპრესიული შეტევით კონსერვის ქილებს მუსრს ავლებს. ამ ნერვიულ–ისტერიკულ სცენაში მსახიობი გამომეტყველებით ხატავს გმირის სასოწარკვეთას და სინანსულს არჩევანში. მის თვალებში უდიდესი სიყვარული გამოსჭვივის და არავითარ შემთხვევაში აგრესიულობა. შთამბეჭდავია ნატუკა კახიძის მიერ დის ქორწილში შესრულებული ცეკვა, რომელიც რამდენიმე წამი გრძელდება და საერთო დრამატურგიის ორგანული ნაწილია, ვიდრე ცალკე შესრულებული, ჩართული ნომერი სპექტაკლში. (ქორეოგრაფი გია მარღანია). წარმოუდგენელია არ გაიზიარო ნატუკა კახიძის გოგონას ბედნიერება, როცა მას ქმარი უბრუნდება. მსახიობის სახეზე თითქოს ცისარტყელა გამოისახება. ამ ოჯახის მესამე ქალიშვილი (თეონა ქოქრაშვილი) ყველაზე მეტად ტრაგიკული პერსონაა, რომელსაც არც არჩევანში უმართებს და შესაბამისად არც სიყვარულში. ეს გმირიც, როგორც ყველა ქალი, ოცნებობს შეყვარებულზე, მაგრამ ვერ ახერხებს მოხვდეს ვინმეს ყურადღების არეალში. ერთხელაც მასაც „გაუღიმებს ბედი“, მაგრამ ამაოდ. ის რუსი მამაკაცის სათამაშოდ იქცევა. მისი ურთიერთობა თავიდანვე კრახისთვის განწირულია, რადგან მათ ურთიერთობაში მეკიდევ ერთი ქალია (ეკა ნიჟარაძე). მესამე კი ყოველთვის ზედმეტია. სწორედ ამ ზედმეტობით შეწუხებული გადაწყვეტს თვითმკვლელობას ჩადენას. მსახიობი მთელი სიცხადით ხატავს გმირის ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდებს, იმედგაცრუებასა და თვითმკვლელობის მცდელობას. ტრაგი–კომიკური ეპიზოდია საწოლის სცენა, როცა გაკვირვებული და გაოგნებული თეონა ქოქრაშვილის გმირი საწოლიდან ვარდება.

მეორე მხარეს ამ ოჯახის მეზობლები დგანან. დედა (ბაია დვალიშვილი) შვილებითურთ (კოკო როინიშვილი, პაატა პაპუაშვილი). ბაია დვალიშვილი ხატავს გმირს, რომელიც ევოლუციას განიცდის. ანჩხლი დედაკაცობიდან ის უკეთილშობილეს დედად, მეზობლად, დედამთილად, რძლად და მეგობრად გვევლინება. გმირის მეტამორფოზას მსახიობი ეტაპობრივად გვიჩვენებს. ბაია დვალიშვილის გმირი, უკიდურესი მეწვრილმანეობიდან უკიდურეს კეთილშობილამდე გარდაისახება. ქალი, რომელიც ერთ გოჯ მიწას არავის უთმობდა, შვილის გულისთვის უკანასკნელ კაბას უპოვართ აძლევს. მსახიობი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, უცვლელი იარაღით – თვალებით, მისი მკვეთრი და ზუსტი მოძრაობით ატყვევებს მაყურებელს. ბაია დვალიშვილს, სპექტაკლში მონაწილე სხვა მსახიობების მსგავსად რთული გზის გავლა უწევთ; კომიკურობიდან ტრაგიზმამდე. ამ გზას ბაია დვალიშვილი ეტაპობრივად, ლოგიკურად და მაღალპროფესიულად გადის. მისი გმირის კულმინაციური სცენა უპოვრებთან შეხვედრაა, რომელიც ორმხრივი ემოციის გარეშე არ მიმდინარეობს. ამ სცენაში ბაია დვალიშვილისა და უპოვრების მაგალითზე მთელი სამყაროს კანონზომიერება, ადამიანთა ხარბი და გაუმაძღარი ბუნება ჩანს. ბაია დვალიშვილის გმირი უპირველეს ყოვლისა დედაა, რომელიც ცოცხლობს მხოლოდ შვილების კეთილდღეობისთვის, მათი ბედნიერი მომავლისთვის. მისი შვილები კი სიკეთით გამორჩეული ყმაწვილები არიან. კოკო როინიშვილი და პაატა პაპუაშვილი ოსტატურად ხატავენ ერთმანეთისგან განსხვავებულ გმირებს, ორ ძმას, რომელთაც მხოლოდ სიკეთით სავსე შინაგანი სამყარო აერთიანებთ. ამ ოჯახში კიდევ ერთი წევრია. ბებია, რომელსაც გურანდა გაბუნია ასრულებს. მისი გამოჩენა სცენაზე მაყურებელში ყოველთვის ტაშით აღინიშნება. ეტლს მიჯაჭვული მოხუცი მხნედ და იმედიანად გამოიყურება. გურანდა გაბუნია ისე ხატავს თავი გმირს, რომ მაყურებელმა იცის გმირის წარსული ცხოვრება და პერსონაჟის ხასიათი. მსახიობი უსიტყვოდ, მხოლოდ ჟესტიკულაციით მოგვითხრობს მისი გმირის შესახებ. გურანდა გაბუნიას ბებია შეძლებული, მკაცრი და სამართლიანი ქალია, ფიცხი, მაგრამ მოსიყვარულე და მიმტევებელი. საჭიროების შემთხვევაში ხელგაშლილი, ზოგჯერ ავიც კი. მსახიობი სცენაზე გამოჩენისთანავე ერთი წამითაც არ ჩერდება. გურანდა გაბუნია სცენაზე თავისი ისტორიებით ცხოვრობს, უკანა პლანზე გადაწეული დეტალებით ვიგებთ პერსონაჟის ხასიათის შესახებ: – კომიკურია როცა ეპარება  ბებო ალკოჰოლს, მაგრამ ტრაგიკულია საფინალო სცენა, როცა გურანდა გაბუნიას ბებო დასტირის მიწასთანგასწორებულ, განადგურებულ ოჯახს. შეუძლებელია ცრემლი არ მოგვაროს მაყურებელს ძაძებში გამოწყობილმა გურანდა გაბუნიას ბებიამ, რომელიც უხმოდ მოსთქვამს და დასტირის მიცვალებულთა გვამებს. საფინალო სცენა შინაარსობრივად მართალია ბანალურად და მოსალოდნელად, მაგრამ ფორმით ძალზედ ეფექტურად გადაწყვიტა რეჟისორმა: სცენა კვამლსა და ქარბუქშია გახვეული, ქარი გურანდა გაბუნიას ბებიას თმას უწეწავს და კაბას უფრიალებს... ის კი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოექანება ავანსცენისკენ და ხელშიატაცებულ შვილთაშვილთან ერთად აგრძელებს სიცოცხლეს.

ებრაელთა ოჯახს სპექტაკლში რუსული „ოჯახი“ უპირისპირდება. ქრისტიანთა ამ მოდგმაში ძნელი დასადგენია ვინ ვისი ცოლია, ან ვინ ვისთან იყოფს სარეცელს, ისინი ხან რეალური, ხანაც წარმოსახვითი პერსონაჟები არიან. რუსების ამალა ექვსი წევრისგან შედგება: ნიკა კუჭავა, ეკა ნიჟარაძე, ანა ვასაძე, გივი ჩოგუაშვილი, გიორგი ხურცილავა და ნინო წულაძე. მათგან  ხასიათებით შედარებით გამოკვეთილი და დასრულებული პერსონაჟები არიან გივი ჩოგუაშვილის სამხედრო ჩინოვნიკი, ნიკა კუჭავასა და ეკა ნიჟარაძის უცნაური წყვილი, ფრაგმენტული მხატვრული სახეა ანა ვასაძის ქალი–მირაჟი, რომელიც ხან მითიურ–წარმოსახვითი, ხანაც რეალური პერსონაჟია (ფინალში ის სიკვდილის სიმბოლოდაც გვევლინება). ეს პერსონაჟები ერთიანობაში უფრო აღიქმებიან, ვიდრე ცალ–ცალკე (თუ არ ჩავთვლით ეკა ნიჟარაძისა და ნიკა კუჭავას წყვილ გმირებს). კეთილგანწყობილი მოგზაურებიდან (ქორწილში საჩუქრებით ხელდამშევენებულები მოდიან) ისინი მონსტრებად და აგრესორებად გადაიქცევიან, ებრაელთა ოჯახებს თავს ესხმიან,  ანადგურებენ და ნაჩუქარი ნივთების უკანვე წართმევით უკან ბრუნდებიან... რუსი აგრესორების უკიდურესი ცინიზმია გამოხატული დარბევის საფინალო სცენაში, როცა ხალხის განადგურების შემდეგ ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანებივით პიჯვარს იწერენ. ესეც ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთი და ღმერთის სახელით ჩადენილი უმძიმესი აქტი... ამ პერსონაჟების მხატვრული სახეები ბოლომდე გამოკვეთილი არ არის სპექტაკლში, ისინი როგორც ფრაგმენტულად ჩნდებიან სპექტაკლში, ისე ფრაგმენტულად აღიქვამს მათ მაყურებელიც...

სპექტაკლის ერთ–ერთი მთავარი მოქმედი გმირი ვახტანგ კახიძის სადა, მგრძნობიარე და ლაღი მუსიკაა, რომელიც გარკვეულ მომენტებში უმძიმეს ტრაგიკულ მუსიკალურ კუპლეტებად გადაიქცევა. ვახტანგ კახიძის მუსიკა სახიერია და ქმედითი, ხანაც ძალიან სევდიანი და ლირიკული. ამავდროულად სპექტაკლში კომპოზიტორის მიერ გადამუშავებული ცნობილი მუსიკალური თემების მისეული ვერსიები ჟღერს. სპექტაკლის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი გია მარღანიას ცეკვისგან დაცლილი ქორეოგრაფიაა, რომელიც გაცილებით სახიერია და მრავლისმთქმელი. ქორეოგრაფის ნამუშევარი ამ სპექტაკლში განსაკუთრებულად დახვეწილია და კონცეპტუალური.

ლევან წულაძის სპექტაკლი ანსამბლური წარმოდგენაა, სადაც არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები. სპექტაკლში ჩანს მსახიობთა გუნდი, რომელიც ერთ მუშტად შეკრული იუმორითა და ტრაგიზმით გაჟღენთილ ერთ საერთო ამბავს ოსტატურად ჰყვება.

მოქმედებებში უსიტყვოდ გაცოცხლებული დიალოგები და მონოლოგები აუცილებლად დაამახსოვრდება მაყურებელს. ცხოვრებაზე ფიქრისას მათ სპექტაკლში მონაწილე მსახიობთა სახეები, მეტყველი თვალები და მოქნილი სხეულები, დახვეწილი მოძრაობებითა და გრძნობა–განცდებით გაახსენდებათ. 

ლაშა ჩხარტიშვილი