ჰამლეტი - დავით ბუხრიკიძე

ჰამლეტი - დავით ბუხრიკიძე

„განვლილი თეატრალური სეზონის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერა მაინც „ჰამლეტია“. მაყურებელიც და კრიტიკოსებიც მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან წულაძის სპექტაკლს გამორჩეული ინტერესით ელოდნენ. სად აღარ გვინახავს „ჰამლეტის“ მოქმედება გადატანილ-ატანილ-ჩატანილი, თუმცა ამჯერად რეჟისორმა ლევან წულაძემ ელსინორის სასახლის სამრეცხაო აირჩია!.. ასე რომ, მარჯანიშვილის თეატრში დანია არა მხოლოდ „საპყრობილეა“, არამედ დიდი სამრეცხაოც (სხვათა შორის, სცენოგრაფია და მხატვრობა თავად რეჟისორს ეკუთვნის). სწორედ სამრეცხაოში მასპინძლობენ როზენკრანცი და გილდენსტერნი ჰამლეტს, კლავდიუსს, გერტრუდას, პოლონიუსს, ოფელიას...

ამ ჭუჭყიანი თეთრეულისა და უამრავი გაფუჭებული სარეცხი მანქანის გვერდით იბადება ჰამლეტის ეჭვნარევი ყოფნა-არყოფნის მონოლოგიც, ოფელიას სიგიჟით ნაკარნახები თუ შთაგონებული ცეკვაც და მამის აჩრდილის ხელის ანაბეჭდიც მინის გამჭვირვალე კარზე. სამრეცხაოში ჩამწკრივებული სარეცხი მანქანების გარდა, მნიშვნელოვანია ვიდეოეკრანი, რომელზეც ხან ჩამავალი ზღვის პეიზაჟი ირეკლება და ხანაც ცეცხლის ენები როკ-მუსიკისა თუ შუბერტის ფონზე.

გარემო დამშრალ ჭაობსა თუ სანაპიროს მოგაგონებთ, რომელსაც დროდადრო სცენის სიღრმიდან გამოსული პერსონაჟები გადაკვეთენ, თუმცა საბოლოოდ, ყველას მაინც ამ ჭაობში ჩარჩენა ელის. სისხლიან თეთრეულში გახვეული ელსინორის სასახლე კი უბრძოლველად დარჩება ფორტინბრასს, რომელიც ლევან წულაძის სპექტაკლში საერთოდ არ გამოჩნდება.

ნიკა მაჩაიძის ვიდეოარტი, შექსპირის ტექსტის ლაშა ბუღაძისეული ადაპტაცია, თავად ლევან წულაძის მხატვრობა-სცენოგრაფია და მსახიობთა თამაშის მანერა (ჰამლეტი - ნიკა კუჭავა, კლავდიუსი - ნიკა თავაძე, გერტრუდა - ბაია დვალიშვილი, პოლონიუსი - დავით ხურცილავა, ოფელია - ანკა ვასაძე, მსახიობი - აკაკი ხიდაშელი) მაინც პოსტმოდერნული და ირონიული ვერსიისკენ გიბიძგებთ. ბალანსი ტექსტსა და მოქმედებას შორის პირველ აქტში ბევრად უკეთესად არის დაცული, ვიდრე მეორეში, რომელსაც მაინც აკლია პერსონაჟთა ქცევის დეტალური თუ ფსიქოლოგიური დამუშავება და რეფლექსია.

ძალაუფლებისადმი რეჟისორის აშკარა და ირონიულ დამოკიდებულებას კონტრაპუნქტივით ენაცვლება ჰამლეტისა და ახალგაზრდა თაობის განწირულობის თემა, რომელიც გარკვეულ სიცხადეს სძენს რეჟისორის კონცეფციას და საერთოდ, წარმოდგენას."

 

მკვდარი სეზონის ცოცხალი შთაბეჭდილებანი
დავით ბუხრიკიძე
29 აგვისტო 2019
ლიბერალი