გამარჯობა, რეჟისორო!

გამარჯობა, რეჟისორო!

გამარჯობა, რეჟისორო!

საერთოდ, ეჭვით ვუყურებ მსახიობების გარეჟისორების შემთხვევებს. წარმატებული და ნიჭიერი მსახიობებისგანაც. ეს ეჭვები ხშირად მართლდება და ზოგჯერ, საბედნიეროდ,  არა. დაეჭვებას ამჯერად ორმაგი საფუძველი ქონდა - რეჟისორი ახალგაზრდაცაა და ნიჭიერი მსახიობიც - კოკო (ნიკოლოზ) როინიშვილი - როლებით სარეპერტუარო სპექტაკლებში. კინოში. სერიალებში. მისი ეს ნაბიჯი, ნიკოლოზ გოგოლის „შინელის" მიხედვით, ქართულ თეატრში ახალი რეჟისორის მოსვლის ნიშნად იქცა.  რეჟისორის, რომელსაც აქვს პოზიცია, სათქმელი, საკუთარი სამყარო და საკუთარი სტილი ამ ყველაფრის საჩვენებლად.

კოკო როინიშვილის წყალობით, მარჯანიშვილის თეატრში დღესასწაულს დავესწარით. უფრო ზუსტად, დღესასწაულის მონაწილეები აღმოვჩნდით. მის ეპიცენტრში.  იშვიათია დღესასწაული თეატრში. მით უფრო, ფაქტობრივად არაფერია საზეიმო და გასახარებელი დღეს თეატრს მიღმა.  კოკო როინიშვილის „შინელი“ გვასევდიანებს, რადგან რეალობას ასახავს, იმედს გვაძლევს, რადგან რეჟისორი გადარჩენის შანსს გვთავაზობს და გვაბედნიერებს, რადგან მისი სამყარო მშვენიერია.

მაყურებელი კომფორტულად და მოხერხებულად, სითბოსა და სიმყუდროვეში  ზის სცენაზე რამდენიმე რიგად დაწყობილ სავარძლებში და დაძაბული და მოლოდინით აღსავს ადევნებს თვალს იქვე, ცხვირწინ, მოვლენებითა და პატარ-პატარა, მიჯრით მიწყობილი ამბებით დატვირთულ, პატარა ადამიანის დრამას, რომლის სიმარტოვე და განწირულობა ისეთ მღელვარებასა და თანაგანცდას იწვევს, თითქოს პეტერბურგის  რომელიღაც დეპარტამენტის ტანდაბალი და ოდნავ წითური ტიტულიარნი სოვეტნიკის ეს ისტორია მანამდე არც გვსმენოდეს და არც გვენახოს.

კოკო როინიშვილი ბოლომდე ეყრდნობა მოთხრობის მსვლელობას. შინელის შეკერვის, სამსახურში გამოცხადების, გაძარცვის, ჩივილისა და ფინალურ - მოჩვენებისა და გამვლელების შინელებ-ქურქებ-პალტოების გახდის ეპიზოდების ჩათვლით. თხრობის მსუბუქი და ლაღი მანერა, სერიოზულ და პრობლემურ დსაკითხებზე, მუსიკალური ფონის მრავალმნიშვნელოვანებითა (მუსიკალური გამფორმებელი ზურა გაგლოშვილი) და რამდენიმე ადგილაზე ექსპრესიული, ცეკვაში არეკლილი იდეური ნახაზით (ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე) მდიდრდება.

ნიკოლოზ გოგოლის თხრობის პირობითი მანერა და მსუბუქი სტილი რეჟისორს, ტექსტის თავისებური ადაპტაციისა  მიუხედავად,  შენარჩუნებული აქვს თუმცა ის, რასაც კოკო როინიშვილი თავის სამსახიობო გუნდთან ერთად - ნიკოლოზ კუჭავა, გიორგი კიკნაძე, ანა გრიგოლია, ვარლამ კორშია, ანი იმნაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ნოდარ ძოწენიძე - აკეთებს და როგორც ისინი გვიყვებიან ამბავს,  მართლა სხვა გასაღები და სხვა გაშიფვრა სჭირდება. 

სარეჟისორო გადაწყვეტის მიხედვით, თითოეული მათგანი პერსონაჟების შარჟირებას, პაროდირებას, სახეების უტრირებას ახდენს, სპეციფიკური გამომსახველი ხერხებით სახასიათო სახე-მეტაფორებს ქმნის,  სხვადასხვა ცხოვრებისეულ მოცემულობასა და ვითარებას ასახიერებენ, რომლებითაც სპექტაკლის სათქმელი და ატმოსფერო ივსება.

ნიკა კუჭავას აკაკი აკაკის ძე გამოჩენისთანავე იწვევს თანაგრძნობასა და აღტაცებას.  გაოცებსაც. მსახიობის შეცვლილი გარეგნობა, ყურების ფორმაც კი, ვარცხნილობა, პლასტიკით სხეულის ოდნავი დეფორმაცია, სიარულის გაუბედავი და მოუხერხებლი მანერა, შენელებული და ხინჯიანი მეტყველება, შესაბრალისი გამომეტყველება, შეშინებული და მორიდებული მზერა და ხასიათის ისეთი ინტენსიური, მრავალშრიანი ნიუანსები, თვითონ გოგოლსაც რომ გაუკვირდებოდა.      

ნიკა კუჭავა რომ დღეს ქართული (და არა მარტო „მარჯანიშვილის“) თეატრის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული მსახიობია,  უკვე კარგა ხანია, ბევრი სპექტაკლიდან და წარმატებული როლით (ბოლო-ბოლო, ჰამლეტით) ვიცით, მაგრამ აკაკი ბაშმაჩკინი კიდევ ერთი ეტაპია ამ ნიჭიერი და მრავალპლანიანი მსახიობისთვის, განსხვავებული გამომსახველი ძალითა და არტისტული მონაცემების ახალი წახნაგებით შექმნილი.

სცენაზე რამდენიმე ობიექტი დგას. მოძრავი და ქმედითი დეკორაციის ეს ნაწილები შემდეგ ხან სახლების, კანტორისა თუ ბინების ინტერიერების, მაგიდების, აკიდებული ტვირთის, საპყრობილისა თუ კუბოს ფუნქციას ასრულებენ. მოძრაობს,  იხსნება და იხურება, იწევა და დაბლა ეშვება  სცენის ლუკი, სცენის თავზე დაკიდებული ლითონის კედელი სცენას  ირეკლავს, ვიდეოგამოსახულებაში გადადის (ვიდეოპროექცია ნიკოლოზ გაგლოშვილის) და ბოლოს დაბლა ეშვება (სცენოგრაფი  ბარბარე ასლამაზიშვილი) „ქუჩაში“ თოვს, ფიცარნაგი ქაღალდებითაა დაფარული და ფურცლების თოვაც იწყება. სცენის სიღრმეში გადებული და ფარნების სუსტი შუქით განათებული ხიდი (ცნობილი ხიდი მოთხრობიდან) აკაკი ბაშმაჩკინის ბოლო გადასასვლელად ცოცხლდება.  ასამაღლებლად. მისი მნიშვნელოვანი სულიერი (და არა ვიზუალური) გარდასახვის მეტაფორად. თუნდაც „მოჩვენებად“ გადაქცევის, მორალურად გადარჩენის შემდეგ. 

ნიკა კუჭავას გაძარცვული, დამცირებული და შეურაცხყოფილი ბაშმაჩკინი საზოგადოებას უჯანყდება. სახე და ზნეობადაკრაგულ საზოგადოებას, რომელსაც არ შეუძლია თანაგრძნობა და ღირსება არ გააჩნია, რომელსაც შეუძლია სუსტის დაჩაგვრა, გამეტება, გაწირვა და სწორედ ამიტომ თვითონაა დამარცხებისთვის განწირულია.

მარჯანიშვილის „შინელის“ ფინალში აკაკი აკაკის ძე აღარაა უსუსური და დაჩაგრული არსება. პიროვნებაა. მეამბოხე, რომელიც მარტოკა უპირისპირდება უსამართლობასა და სისტემას და იმარჯვებს.    

„შინელი“ ჩემი პირველი სპექტაკლია,  რომელსაც ვდგამ. სამყაროში, რომელიც უსასრულოდ გაიზარდა, მე ვცდილობ მოვძებნო ადამიანებთან ურთიერთობის ფორმა, რათა არ დავრჩე მარტო და ამისთვის თეატრს ვირჩევ. მოგიყვეთ, რას ვფიქრობ და თქვენც მოგისმინოთ - ეს ჩემი მიზანია, მიზანი კი - გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება. ჩემი სპექტაკლიც ზუსტად ამაზეა!,  - გამარჯობა, მე კოკო ვარ... კონსტანტინე (კოკო) როინიშვილი“. ეს კონსტანტინე (კოკო) როინიშვილს განაცხადია პროგრამაში, პოზიცია „შინელთან“ დაკაშირებით, როგორც ანოტაცია, თუ, როგორც „ახსნა-განმარტება“.

გამარჯობა,  კონსტანტინე (კოკო) როინიშვილო!  შენ მარტო არა ხარ. და შენ რეჟისორი ხარ!

ლელა ოჩიაური