ნავიგატორი - ლაშა ჩხარტიშვილი

ნავიგატორი - ლაშა ჩხარტიშვილი

პლასტმასის სტიქია

 

ლაშა ბუღაძის ცნობილი რადიოპიესა „ნავიგატორი“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ლევან წულაძემ 3Dმულტიმედიის, ცოცხალი მსახიობებისა და კლასიკური დრამატული თეატრის პრინციპების გამოყენებით გააცოცხლა. ეს ამ პიესის აქამდე ყველაზე განსხვავებული, თანამედროვე სათეატრო ტექნოლოგიებით შეზავებულ–შეკაზმული ვერსიაა, რომელიც ნაწილობრივ ადაპტირდა უკვე როგორც ქართულ თეატრში, ისე ლევან წულაძის შემოქმედებაშიც (ამაზე ნიკა მაჩაიძემ იმუშავა).

 

რეჟისორმა მარტოსული ადამიანების პრობლემა წამოსწია წინა პლანზე, რომელსაც ფონად ადამიანის ვირტუალურ სამყაროსთან ტრაგიკული ურთიერთობის თემა გასდევს. ადამიანი, ინდივიდი უძლური და უსუსურია საუკუნის განმავლობაში შექმნილ სისტემასთან, რომელსაც ვერ არღვევს, ვერ ცვლის და ავტომატურად ხდება მონსტრი მექანიზმის რიგითი ჭანჭიკი.

 

ლაშა ბუღაძის პიესა კომედიაა, რომელიც მეორე ნაწილში დრამატულად ვითარდება. სპექტაკლში კი იუმორი და ირონია დანაწევრებულია და თითქმის გამქრალი. დასაწყისში (რომელიც ოდნავ გრძელია) იუმორს ვხვდებით, მაგრამ შემდეგ იგი ქრება.

 

ლევან წულაძე ცდილობს ტექსტის ვიზუალად გადაქცევას, ეპიზოდებში იქმნება კიდეც ეფექტური ვიზუალური სამყარო, რომელიც თვალსაჩინოს ხდის იმ გარემოს, რომელშიც თანამედროვე ადამიანები ცხოვრობენ. ამ საზოგადოებაში კი ყველა და ყველაფერი ხელოვნურია, მექანიკური, უსულო და სილიკონის. ამიტომაც ეშვება პლასტმასის წვიმა (ღვარცოფი, როოც სტიქია) სცენაზე, როგორც მეტაფორა ჩვენი დროის სამყაროსი. 
ხელოვნურ და სილიკონის სამყაროშიც, საზოგადოებაც, ადამიანებიც პლასტმასისაა, ამიტომაცაა, რომ პიესის გმირების შემსრულებელი მსახიობები მისსავე პერსონაჟების სილიკონის თოჯინებით გამოდიან სცენაზე. ისინი მარიონეტები არიან, ანუ პლასტმასის ადამიანები. ადამიანებმა ერთმანეთთან დაკარგეს ცოცხალი კომუნიკაცია, მათ საურთერთოთ ვირტუალური არსებები, რობოტი ადამიანები ურჩევნიათ, რადგან მათთან ამყარებენ კომუნიკაციას და უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, რომელიც შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს. ცოცხალი კომუნიკაციის "უკანასკნელი მოჰიკანი" მთავარი გმირის – როსტომის მამაა (ბესო ბარათაშვილი), რომელიც მტკივნეულად განიცდის ცოცხალი კომუნიკაციის დეფიციტს.
ეს ის პრობლემებია, რომელიც ლევან წულაძეს აწუხებს. ეს ის პრობლემებია, რომელიც კაცობრიობასაც აწუხებს, მაგრამ მის გადასაჭრელად არ ვიბრძვით, რადგან "გონიერი ადამიანი" უსუსურია. ადამიანებში იმძლავრა ნიჰილიზმა და სასოწარკვეთილებამ.
ლევან წულაძე რეალურის მიღმა, იგივე დოზით არსებულ ვირტუალურ სამყაროს გვიჩვენებს, რომელიც სრულ შეუსაბამობაშია ერთმანეთთან. ამ ორი სივრცის, გნებავთ რეალობის ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა კრახით სრულდება, რადგან ეს ყოველივე სიმულაციაა...

 

სპექტაკლის ღირსებათაგან აღსანიშნავია ტუსია ბერიძისა და ნიკა მაჩაიძის კონცეპტუალური ორიგინალური მუსიკა, სიმფონიური და ელექტრონული; როგორც თავად სპექტაკლში რეალური და ხელოვნური სამყარო ერთმანეთს ხვდება და კვეთს, ასევე მუსიკაშიც. თვალშისაცემია დებიუტანტი ქორეოგრაფის თინათინ წულაძის ნამუშევარი, სადაც ქორეოგრაფიული პარტიტურა სპექტაკლის მსვლელობისას მოქმედებაში ვლინდება და არა „ჩადგმულ“ და „დადგმულ“ „საკონცერტო“, „სატაშო“ საცეკვაო ნომერში. აქ, მოძრაობაა მთავარი, რომელიც სპექტაკლის დრამატურგიული კონცეპტიდან მომდინარეობს.


„ნავიგატორი“ დახუნძლულია კარიკატურული ტიპაჟებით. ისინი ჩვენი დროის გმირები, ჩვენი თანამედროვენი, ჩვენს გარშემომყოფები არიან. მათ შორის ჩვენც ვართ. საკუთარი თავის აღმოჩენა კი შეუიარაღებელი თვალის გარეშეც მარტივადაა შესაძლებელი. რა იქნება ხვალ? სამწუხაროდ, არაფერი შეიცვლება. ჩვენც მთავარი გმირის როსტომის (თემიკო ჭიჭინაძე) გზას ვადგავართ, ისე როგორც ჯაყელი (ნიკა კუჭავა).

მთლიანობაში, მაყურებელი, რომელიც ლაშა ბუღაძის იუმორისტულ ენას არის მიჩვეული საგრძნობლად დრამატული, დამძიმებული ტექსტი დახვდება. მაყურებელს, რომელიც ლევან წულაძის სადა, გონებახმვილურ და ნამდვილ სახალხო იუმორს ელის, იმედი გაუცრუვდება. მისი სამყაროც დამძიმდა. ატმოსფეროში, რომელსაც რეჟისორი ქმნის სცენაზე, დრამატიზმა და პრობლემებით დამძიმებულმა გარემომ შეცვალა. დაკარგა თვითირონიის და კომიკურობის შეგრძნებები.

                                                                                                                                                                                                                           ლაშა ჩხარტიშვილი